საქართველოში მოსახლეობის 100% მიიჩნევს, მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, შესაბამისად, მათ არ აქვთ საშუალება სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაიტარონ. ბოლო პერიოდში ვითარება გართულდა ლარის დევალვაციის გამოც. წამლების ფასი მკვეთრად გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში შემოვიდა „ჰუმანითი ჯორჯია“, რომელმაც საცალო ქსელში გაიაფების ტენდენციას მისცა ბიძგი, მედიკამენტების ფასთა ინდექსი მაინც ძალიან მაღალი რჩება.
მიუხედავად ამისა, საქართველო რეგიონში, მედიკამენტების სიიაფის თვალსაზრისით, სულაც არ გამოიყურება ურიგოდ. მეზობელი სახელმწიფოს მოქალაქეები ხშირად ჩამოდიან თბილსიში თუ სხვა დიდ ქალაქებში სასურველი წამლების იაფად შესაძენად. ამის მიზეზია ის, რომ ადგილზე მედიკამენტების შეძენა უფრო ძვირი უჯდებათ.
სომხური საინფორმაციო საშუალებები ამტკიცებენ, რომ მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად მეზობელ საქართველოში მიემგზავრებიან, სადაც წამლებზე ფასი ბევრად დაბალია. ამის მიზეზია სომხეთის პარლამენტის მიერ წამლის შესახებ კანონის ამოქმედება. იგი საკანონმდებლო ორგანომ 83 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო. 17-მა დეპუტატმა კი ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. დეპუტატები თვლიან, რომ კანონის მიღების შემდეგ მედიკამენტებზე ფასი მოიმატებს, ვინაიდან იმპორტზე შეზღუვები დაწესდება.
კანონპროექტის განხილვისას პარლამენტარმა ედმონდ მარუკიანმა განაცხადა, რომ კანონის ამოქმედება იმპორტირებული მედიკამენტების ბაზარზე მონოპოლიას გაზრდის, გააძლიერებს ბიუროკრატიას და კორუფციის რისკებს. დეპუტატი დაინტერესდა, ახალი კანონის მიღება გამოიწვევს თუ არა წამლების ფასების შემცირებას საქართველოში არსებული ფასების დონეზე.
„მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი ავადმყოფი ნათესავები და გაემგზავრონ საქართველოში წამლების შესაძენად. ეს როგორ ხდება? მსხვილი ფარმაცევტული კომპანიებისთვის არავითარი განსხვავება არ არის, წამლების ექსპორტს საქართველოში მოახდენენ თუ სომხეთში“, – განაცხადა პარლამენტარმა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგეი ხაჩატრიანმა კი განმარტა, რომ საქართველოსა და სომხეთის ბაზარზე არსებული მედიკამენტების ფასებს შორის სხვაობა გამოწვეულია კანონმდებლობით. კერძოდ, სომხეთში იმპორტის დროს წამლები 20%–იანი დღგ–თი იბეგრება, რაც ფასების ზრდას იწვევს.
„კომერსანტის“ ინფორმაციით, სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტში შეტანილი კანონპროექტი, საცალო მოვაჭრეს უკრძალავს მედიკამენტების იმპორტს, აგრეთვე ამკაცრებს კონტროლს მთელ ჯაჭვზე, პროდუქტის სომხეთის რესპუბლიკაში შემოსვლიდან მომხმარებლამდე მიწოდების ჩათვლით.
აიპ „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია“ადასტურებს, რომ ბოლო პერიოდში იმატა შემთხვევებმა, როდესაც სომხეთის მოქალაქეები საქართველოში ჩამოდიან ფარმაცევტული პროდუქციის შესაძნენად. ჩვენთან წამლები უფრო იაფი ღირს, შესაბამისად, სომხეთის მოქალაქეებს ურჩევნიათ გაიღონ მგზავრობის ხარჯები, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქ შეიძინონ მათთვის სასურველი ფარმაცევტული პროდუქცია.
„ამ ეტაპზე ჩვენ არ შევუდგებით კანონპროექტის განხილვას, ვინაიდან უცნობია თუ რა სახით იქნება იგი მიღებული საბოლოოდ, თუმცა გვინდა აღვნიშნოთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტის წევრებისა და ექსპერტების გადმოცემით, თუ კანონპროექტი მიღებული იქნა არსებული რედაქციით, იგი გაზრდის ბაზარზე იმპორტირებული მედიკამენტების მონოპოლიას, გააძლიერებს ბიუროკრატიას და კორუფციის რისკებს,“ – ნათქვამია „ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის“ განცხადებაში.