ავტობიზნესმა 1/3 დაკარგა

ავტობიზნესმა 1/3 დაკარგა

ქართველმა ავტოდილერებმა 2016 წლის პირველი კვარტალი 30%-იანი კლებით დაასრულეს. ამავე პერიოდში იმპორტი 30%-ით, ხოლო რეექსპორტი 35%-ით არის შემცირებული. ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კლებაა ბოლო წლებში. ეკონომიკურ პრობლემებთან და ეროვნული ვალუტის დევალვაციასთან ერთად, ავტობიზნესზე უარყოფითი გავლენა მარჯვენასაჭიანი მანქანების სავარაუდო აკრძალვამ იმოქმედა.

სტატისტიკის მიხედვით წლის დასაწყისიდან მოყოლებული ყველაზე გაყიდვადი ბრენდი „მერსედეს ბენცია“, რომლის 3287 ერთეული ავტომობილის რეალიზაცია მოხდა. შემდეგ გერმანული „ოპელი“ მოდის, რომელსაც იაპონური „ტოიოტა“ და „ნისანი“, ასევე გერმანული „ბეემვე“ მოსდევს და თითოეული ათასზე მეტ გაყიდულ ერთეულს ითვლის.

როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ პრეზიდენტი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, 2007 წელი საუკეთესო იყო მისი კომპანიისთვის, რადგანაც კომპანია დღიურად 35 ერთეული ავტომობილის რეალიზაციას ახდენდა, დღეს კი თვეში 30-მდე ავტომობილი იყიდება. ასეთ დრამატულ ვარდნას გურჩიანი ეკონომიკის სტაგნაციით ხსნის.

„ზარიოს ავტოს“ დირექტორი იოსებ ზარანდია „ფაინენშელთან“ ამბობს, რომ აზერბაიჯანში ახალი რეგულაციების შემოღების შემდეგ ქვეყანაში იაპონური მანქანების შემოყვანა შეჩერდა და დილერები ამერიკულ მანქანებზე გადაერთვნენ. მანამდე იაპონურ მანქანებს დიდი წილი ეკავათ აზერბაიჯანში იმპორტის კუთხით.

ზარანდია ამბობს, რომ აზერბაიჯანი, მანქანების იმპორტის თვალსაზრისით სრულად დაკარგული არ არის, თუმცა იაფიანი მანქანების რაოდენობა, რომელიც საქართველოდან შედიოდა, შემცირებულია, ძვირიანი ავტომობილების ყიდვა კი აზერბაიჯანშიც შესაძლებელია. მისივე თქმით, იაპონური ავტომობილების გაყიდვა მომგებიანი იყო, რადგან მაღალი ხარისხის ავტომობილები დაბალ ფასად იყიდებოდა. ბოლო დროს ბაზარზე არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ბევრმა დილერმა შეაჩერა საქმიანობა, რაც გარკვეულწილად უკავშირდება მარჯვენასაჭიანი ავტობიზნესის გაურკვეველ მომავალს.

ბოლო წელიწადნახევარში მკვეთრად მოიმატა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტმა და მთელი იმპორტის 33% შეადგინა. კიდევ უფრო დიდი ზრდა იყო ნავარაუდევი 2016 წელს, მაგრამ მთავრობის გაცხადებალმა შეზღუდვამ სიტუაცია მკვეთრად შეცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ თუმცა თუ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტი მკვეთრად იზრდება, უმნიშვნელო ზრდა არის მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ექსპორტსა და რეექსპორტში, რომელიც 5%–ს არ აღემატება. შესაბამისად ქვეყანაში შემოსული მარჯვენასაჭიანი ავტომობილების დიდი უმრავლესობა ისევ ქვეყნის შიგნით რჩება.

არსებული სიტუაციის გათვალისწინებით კი ხელისუფლება ცდილობს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების ქაოსური შემოდინება ქართულ ბაზარზე შეაჩეროს. იმდენად, რამდენადაც საქართველოში ავტოპარკის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება და ამ ზრდის მთავარი განმაპირობებელი სწორედ მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები არიან.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარის ინფორმაციით, საქართველოს ავტოპარკი მილიონზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას ითვლის. ეს კი ფაქტობრივად ნიშნავს იმას, რომ ყოველ მესამე ადამიანს ავტომობილი ჰყავს.

„სავალალოა მდგომარეობა უშუალოდ დედაქალაქში იმდენად, რამდენადაც ამ რაოდენობის 40 პროცენტი მხოლოდ დედაქალაქშია თავმოყრილი და ამ 40 პროცენტის 35 პროცენტზე მეტი მარჯვენასაჭიან ავტომობილებს შეადგენს. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი იდეა იმისა, რომ ამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვა დადგა დღის წესრიგში. ჩვენი საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მარცხენასაჭიან ავტომობილებზეა მოწყობილი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მსგავსი ტემპით ზრდამ შესაძლოა მთლიანი ინფრასტრუქტურა დაარღვიოს“, - აცხადებს ბაირახტარი.

მარჯვენასაჭიანების აკრძალვა 2017 წლისთვის იგეგმება. სწორედ იმ დროისთვის იქნება ავტოიმპორტში რეკორდული ვარდნა და ბიზნესის ეს დარგი ფსკერისკენ დაეშვება.