„საქართველოში მილიონზე მეტი თვითდასაქმებულია და, სამწუხაროდ, ისინი თავს დასაქმებულებად მაინცდამაინც არ თვლიან“, - აცხადებს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი.
მისივე თქმით, 2012 წელს, როდესაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, 300 ათასი უმუშევარი იყო, დღეს კი ეს ციფრი 254 ათასზე ჩამოვიდა. ეს ნიშნავს, რომ თვითდასაქმებულების რაოდენობა ბოლო 3 წლის განმავლობაში შემცირდა და სადღაც 14 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა საჯარო სექტორში, ხოლო 60 ათასით გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა კერძო სექტორში. თუმცა ის 250 ათასიც, ვისაც სამსახური არ აქვს, ძალიან დიდი რიცხვია.
ნიშნავს თუ არა თვითდასაქმებულთა კატეგორია იმას, რომ მათი გაიგივება შეიძლება დასაქმებულ ადამიანებთან? მით უფრო, როცა ზოგჯერ თვითდასაქმებულთა ანაზღაურება ყოველდღიურ საარსებო მინიმუმსაც ვერ უზრუნველყოფს?
ეკონომიკის საკითხებში ექპერტ დემურ გიორხელიძის განმარტებით, თუკი საქართველოში სტაბილური ხელფასი აქვს სადღაც 660 ათასზე ცოტა მეტ ადამიანს, გამოდის, რომ დანარჩენი მილიონ 200 ათასი თვითდასაქმებულად ითვლება და ამ თვითდასაქმებულებშიც არის გრადაცია.
კერძოდ, სოფლად მცხოვრებ მცირემიწიან თვითდასაქმებულს წლის განმავლობაში შემოსავლების დეკლარაციის წარდგენა რომ მოვთხოვოთ, შეიძლება მათ 700-900 ლარიანი დეკლარაციაც ვერ წარმოადგინონ. ამიტომ ასეთი ადამიანების ჩათვლა დასაქმებულებად და იმის წარმოჩენა, თითქოს მთავრობას შესაბამისი პოლიტიკის გატარება არ მართებს მათი მდგომარეობის შესამსუბუქებლად, ეს არის თვალის დახუჭვა სიტუაციაზე და პრობლემების გადავადება.
„წვრილი მოვაჭრეები ან კიდევ სოფლის მცირემიწიანი გლეხობა დასაქმებულად ვერ ჩაითვლება. მთელ მსოფლიოში დასაქმებას განსაზღვრავს არასასოფლო სამეურნეო სფეროში მომსახურეთა რიცხვი და არა -თვითდასაქმებულები. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში 27-28% ეს არის ჯანმრთელი სამუშაო ძალის ნაწილი, რომლებსაც სტაბილური ხელფასები აქვთ, დანარჩენი 75% კი არის ხელფასის გარეშე თვითდასაქმებული, რაც ნორმალური ნამდვილად არ არის. თავისთავად ცხადია, 50 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებულთა სფეროში გადაყვანა კარგი მაჩვენებელია, თუმცა საქართველო გაცილებით რთულ მდგომარეობაშია. ამიტომ სიმშვიდე არ გვმართებს. მთავრობის პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ქვეყანაში ასი ათასობით სამუშაო ადგილის შესაქმნელად. ეს ვერ მოხერხდება, თუ წვრილ და საშუალო ბიზნესს არ მიეცემა სერიოზული განვითარების საშუალება და სახელმწიფო პოლიტიკა არ იქნება მიმართული იქითკენ, რომ ფული ხელმისაწვდომი იყოს ქვეყანაში. ეს უნდა მოხდეს ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტების შექმნით საქართველოში, თორემ ახლა ბანკებს აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა, რაც სერიოზულად აფერხებს ეკონომიკის განვითარებას,“- აცხადებს დემურ გიორხელიძე For.ge-სთან საუბარში.
„ახალგაზრდა ფინანსთა და ბიზნესმენთა ასოციაციის "აფბას" ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ კრიტიკულად უნდა შევხედოთ მეთოდოლოგიას, რასაც დასაქმების სტატისტიკა ეწოდება, რადგან ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ვინც კი შემოსავლის მიღების მიზნით ერთი სამუშაო დღით, ანუ რვა საათით იმუშავა, ყველა ადამიანი ჩათვალეს დასაქმებულად. მართალია, ეს გარკვეულ თანხვედრაში მოდის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპებთან, მაგრამ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის პრინციპები, ასევე, გულისხმობს იმას, რომ ამ მეთოდოლოგიაში იყოს ჩამატება, რა სექტორებში არიან დასაქმებული ეს ადამიანები, ვინ არიან თვითდასაქმებულები, ვინ არიან წარმოებასა და მომსახურების სფეროში დასაქმებულები?! ამ კუთხით დასახვეწია სისტემა და, რაც მთავარია, დასაქმების საკითხი უნდა მიებას შემოსავლებს.
„დასაქმებულთა შორის 58% თვითდასაქმებულია. მაგალითად, თვითდასაქმებული ტაქსის მძღოლების შემოსავალი, გარკვეულ შემთხვევაში, საშუალოდ 800-დან 1000 ლარამდეა. ამ შემთხვევაში, საქმე არ არის კატასტროფულად. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია, თუმცა იდეალური არ არის, ყოველ შემთხვევაში, საშუალო ხელფასს უტოლდება. ტაქსის მძღოლებისგან განსხვავებით, არსებობს სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა კატეგორია, რაც იმას ნიშნავს, რომ, თუ ადამიანმა კიტრი მოიყვანა და ერთი თვის განმავლობაში ამაში 20-ლარიანი შემოსავალი მიიღო, ეს დასაქმებაში ნამდვილად ვერ ჩაეთვლება. ამიტომ ერთიანი მიდგომა არ უნდა იყოს 20-ლარიანი შემოსავლისა და 1000-ლარიანის მქონეს მიმართ. თუ სახელმწიფოს სურს, რეალურად იზრუნოს თვითდასაქმებულთა პრობლემების გამოსწორებაზე, მაშინ დიფერენციაცია უნდა მოხდეს და კონკრეტულად სექტორებისა და შემოსავლების მიხედვით დაიწყოს მათი პრობლემის გადაწყვეტა“,-აღნიშნა ზურაბ კუკულაძემ და განმარტა, თვითდასაქმებულებს მეტი უნარ-ჩვევა უნდა ჰქონდეთ კვალიფიკაციის ასამაღლებლად, რათა მათ მომიჯნავე სექტორში გააგრძელონ მუშაობა, ვიდრე სოფლის მეურნეობის სექტორში.