12-თვიანი სამშენებლო შეზღუდვა დამტკიცებულია

12-თვიანი სამშენებლო შეზღუდვა დამტკიცებულია

თბილისის საკრებულომ ქალაქის ცენტრალურ უბნებში საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გადამეტებაზე შეზღუდვა დაამტკიცა. ცვლილებები დაახლოებით მომავალი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს. საკრებულომ ინიციატივას ერთხმად დაუჭირა მხარი. ცვლილება მოიწონეს ასევე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.

თბილისის არქიტექტურული სამსახურის უფროსის, დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, შეზღუდვის თანახმად, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იკრძალება K2 კოეფიციენტის გადამეტება, რაც ნიშნავს, რომ მშენებელი დასაშვებზე მეტ მიშენებას ვეღარ განახორციელებს.

დაკუმენტი ითვალისწინებს მწავნე საფარის შენარჩუნებას და რეკრეაციული ზონებში მშენებლობის აკრძალვასაც. ქალაქის იერსახის მოწესრიგების წესები ასევე დარეგულირდება და არქიტექტურის სამსახური განიხილავს მწვანე სახურავების იდეასაც.

„ძირითადი ცვლილება ეხება ინტენსივობის კოეფიციენტის ზრდის შეზღუდვას. რაც ნიშნავს, რომ მშენებლობაზე გადამეტება ქალაქის ცენტრალურ ნაწილში აღარ იქნება დასაშვები. ძირითადად ეს არის ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, დიდუბე-ჩუღურეთისა და კრწანისის რაონების დიდი ნაწილი“, – განაცხადა მოსულიშვილმა.

საერთოდ, დედაქალაქის ყველა ქუჩას აქვს საკუთარი კოეფიციენტი. საცხოვრებელ ზონაში მაქსიმალური ზღვარი შეიძლება იყოს 2.5, რაც ნიშნავს, რომ მაგალითად, 1000 კვ. მიწის ნაკვეთზე შეიძლება აშენდეს 2500 კვ. საცხოვრებელი ფართი. შეზღუდვა არ ნიშნავს, რომ დეველოპერი განსაზღვრული რაოდენობის სართულის აშენებას შეძლებს, მასზე მაღალი შენობის აშენება აიკრძლება. შეზღუდვა კონკრეტულ ტერიტორიაზე და მის კოეფიციენტზეა დამოკიდებული.

დიმიტრი მოსულიშვილის განცხადებით, ხშირად გაცემული სამშენებლო ნებართვებისთვის დამატებითი კოეფიციენტის მინიჭება ხდებოდა, რაც ქალაქის სიმჭიდროვის სურათს ცვლიდა.

„მთავარია არ მივიღოთ ის სურათი, რომ, ერთი მხრივ, მუშაობს გენერალური გეგმის შემუშავების ჯგუფი და ამასობაში არ მოხდეს რადიკალური ცვლილებები ქალაქის განაშენიანებაში. ამიტომ საჭიროა დღევანდელი ვითარება დროებით შეჩერდეს. გენგეგმის დამტკიცების შემდეგ ეს პრაქტიკა საერთოდ შეიძლება უგულებელყოფილი იყოს და გენგეგმამ განსაზღვროს უკვე სიმჭიდროვე და განაშენიანების რეგლამენტი“, - აცხადებს მოსულიშვილი.

თბილისში მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფმა ქალაქის სიმჭიდროვე შეისწავლა. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელის, ურბანისტ მერაბ ბოლქვაძის თქმით დედაქალაქში ნორმატიული მაჩვენებლები, რომელიც ისედაც მაღალი იყო თბილისში, სხვა ევროპულ ქალაქების მაჩვენებლებთან შედარებით, აშკარად გადაჭარბებულია.

თბილისში არსებული ზონის ცალკეულ სახეობებთან დაკავშირებით არის დამატებითი განმარტება, რომ შესაბამისი დასაბუთებით, შესაძლებელია გაცემული იქნეს სპეციალური ნებართვა, თუმცა, სამწუხაროდ, ასეთი სპეციალური ნებართვების გაცემა უკვე ყოველდღიურობად იქცა.

„ყველა ტერიტორიას აქვს თავისი ტევადობა, ანუ კონკრეტულ ტერიტორიაზე რამდენი მოსახლე შეიძლება ცხოვრობდეს, და ამ რაოდენობის მოსახლეობას რამდენი კვადრატული მეტრი სიმწვანე სჭირდება, რამდენი ბავშვთა და დასასვენებელი ბაქნები და გარკვეული რაოდენობის პარკირების ადგილები და პლუს საცხოვრებლის განაშენიანება. საერთო ჯამში, მთლიანად ინტენსივობის მაჩვენებელი აშკარად გადაჭარბებულია და ყველა ნორმატიული მაჩვენებელი დარღვეულია ქალაქში. ამიტომაც უნდა შეიზღუდოს კოეფიციენტის მატება და დადგენილი ნორმების ფარგლებში უნდა განვითარდეს ქალაქი“, - აღნიშნა რადიო „თავისუფლებასთან“ მერაბ ბოლქვაძემ.