„რევანშისტული რუსეთის გამო ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხის ქვეშაა“

„რევანშისტული რუსეთის გამო ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხის ქვეშაა“

ჩერნოგორიამ ნატოში გაწვერიალების მიწვევა მიიღო, რაც შემდგომ განვითარებას ვარშავის სამიტზე ჰპოვებს. ჩერნოგორიას მიწვევას მაშინვე გამოეხმაურა კრემლი და განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი უპასუხოდ არ დარჩებოდა. რუსეთის პასუხი ასეთია - უკრაინის საზღვართან 34 600 სამხედრო განათავსა. ასევე, საზღვართან მობილიზებულია დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა. უკრაინული დაზვერვის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, 6 500 რუსი სამხედრო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე იმყოფება.

რუსეთის პირველი დიპლომატი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ნატო-ს გაფართოების საპასუხოდ, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს საფრთხეების პარირებისთვის, რომელიც ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე წარმოიშობა.

„ჩვენ არ შეგვიძლია იმ მზარდი უარყოფითი ტენდენციების იგნორირება, რომელიც ნატო-ს მიერ აღებულ კურსს მოჰყვა, მათ შორის ევროპაში სტრატეგიულ ძალთა ბალანსის განზრახ შერყევა, რუსეთის საზღვრებთან სამხედრო პოტენციალის გაძლიერებით და აშშ-ს გლობალური რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ევროპული სეგმენტის შექმნა.

ამგვარი ქმედებები დესტაბილიზაციის გამომწვევად შეიძლება შეფასდეს. ამ კონტექტსში, რუსული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმ რისკებისა და საფრთხეების პარირებისთვის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების წინაშე წარმოიშობა“,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ნატო-ს ძალების გაფართოებით შეშფოთებულმა რუსეთმა შესაბამისი პასუხი მიიღო ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარისგან. გენერალი პეტრ პაველი ამბობს, რომ ნატო-ს გეგმა გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი არის პირდაპირი პასუხის რუსეთის სამხედრო ქმედებებზე საქართველოში, უკრაინასა და სირიაში.

„ნატო, განსაკუთრებით კი ალიანსის აღმოსავლელი წევრები რუსეთის აგრესიის გამო საფრთხეს გრძნობენ. რუსეთთან მოსაზღვრე ალიანსის წევრებს სურთ, უფრო მეტად იყონ დარწმუნებული, რომ ნატო ქმედებებისთვის მზად არის“, - აღნიშნა პეტრ პაველმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ აცხადებს, რომ რევანშისტული რუსეთის გამო ევროპული უსაფრთხოების სისტემა საფრთხის ქვეშაა. მისივე თქმით, 2008 წელს, საქართველოში მომხდარი ომი, ისევე როგორც შემდგომი მოვლენები ყირიმსა და უკრაინაში წარმოადგენს ახალ სტრატეგიულ რეალობას, რომელზეც ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს.

„მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყირიმის შემთხვევა პირველი იყო, როცა ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორეს ძალისმიერი გზით ტერიტორია წაართვა. თუმცა, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა საკუთარი ინტერესების მისაღწევად, რუსეთმა შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი არმია დიდი ხანია აკონტროლებს ტერიტორიას საქართველოსა და მოლდოვაში და იყენებს სეპარატისტულ ძალებს, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე გამოჩნდნენ. 2008 წელს რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ეს არის იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილი, რომელზეც ნატო-მ რეაგირება უნდა მოახდინოს“, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ.

მისი თქმით, ნატო-ში ესმით, რომ დაცული და სტაბილური სამეზობლო აძლიერებს ალიანსის უსაფრთხოებასაც და იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობებს ეკონომიკური ზრდისთვის და განვითარებისთვის.

„თუმცა რუსეთმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და საკუთარ პერიფერიაზე არასტაბილურობისა და ქაოსის დათესვა დაიწყო, იქნება ეს უკრაინა, საქართველო და მოლდოვა თუ სირია, სადაც ასადის რეჟიმის მხარდამხარ იბრძვის“, - აცხადებს ალექსანდრ ვერშბოუ.

გაძლიერებული რუსული საფრთხის შესაბამისად, რესპუბლიკელი სენატორი ადამ კინზინგერი თვლის, რომ საქართველო ნატო-სგან მეტად უნდა წახალისდეს. მისი თქმით, საქართველო აშკარად ძალიან მგრძნობიარეა რუსეთის მიმართ და მსოფლიო ამის მოწმე გახდა 2008 წელს.

„მაშინ რუსეთი რუსეთი თითქმის საქართველოს დედაქალაქამდე მივიდა და პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მაშინ გემებიც კი გააგზავნა, რის შემდეგაც რუსებმა უკან დაიხიეს. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ამერიკა არასოდეს შეეგუება ჰიბრიდული ომის წარმოების მეთოდს. ვლადიმირ პუტინის ინტერესშია გაზარდოს სასურველი ექსპანსიის სია. კარგად გვესმის, რომ რუსებს ყოფილი საბჭოთა კავშირის აღდგენა სურთ, რომელშიც შევა უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთი და ყველა დანარჩენი ტერიტორია. დაკავებული არიან იმ გათვლებით, თუ როგორ განახორციელონ ეს გეგმა, როგორ გაზარდონ ზეწოლა ზუსტად იმ დონემდე, რომ ნატო-სგან საპასუხო რეაქცია არ გამოიწვიონ“, - აცხადებს ადამ კინზინგერი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს უსაფრთხოებას სჭირდება თავდაცვა და ამ საკითხში ქვეყანას საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა ესაჭიროება, რათა საქართველო იყოს უფრო უსაფრთხო და უფრო დაცული.

„ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან ბევრ კონკრეტულ საკითხზე, როგორც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების საკითხში, ისე ამ პროცესის მიღმა, რადგან დასრულდა მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნები, რომლის მსგავსი ღონისძიებები კვლავაც ჩატარდება და ეს ყოველდღიურად მეტ თავდაცვსა და უსაფრთხოებას ნიშნავს ქვეყნისთვის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე ამბობს, რომ რუსეთი ცდილობს თავისი გავლენის ზონის გაფართოებას სამხრეთკავკასიაში და შესაბამისად, ნატო-ს გეგმა გააძლიეროს ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგი არის პირდაპირი პასუხის რუსეთის შესაძლო აგრესიაზე.

„ნატოს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში სწრაფი რეაგირების ძალების გადასროლა, სტრატეგიის შეცვლა, წვრთნებისა და სწავლებების რაოდენობის გაზრდა მოკავშირე ქვეყნების ტერიტორიაზე, ასევე პარტნიორ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც, ეს გამომდინარეობს რუსეთის აგრესიული ქმედებებიდან.

სწორედ ამის საპაუხოდ დგამს ნატო შესაბის ნაბიჯებს და დამატებით დაგეგმილია კიდევ სხვა თავდაცვითი ზომების მიღება, რომ მომავალში ევროპაში აგრესიულ ქმედებას აღარ ჰქონდეს ადგილი და თუკი ასეთი განხორციელდება, ალიანსი მზად იყოს საპასუხო ნაბიჯების გადასადგამად“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

ექსპერტი სოსო ცინცაძე ამბობს, რომ უკრაინასა და ბალტიისპირეთისგან განხვავებით, საქართველო ჯერჯერობით არ იმყოფება დაძაბულობის ეპიცენტრში, რაც მისივე თქმით, ქართულ დიპლომატიას აძლევს შანს და არა გარანტიას, რომ  საქართველო არ მოხდეს დაძაბულობის ეპიცეტრში.

„ბალტიისპირეთში სიტუაცია დღითიდღე იძაბება. ნატოც და რუსეთიც აძლიერებს პირისპირ დგომას. საფრთხეს აძლიერებს თვითმფრინავების ასეთი გამოწვევითი დაახლოება ერთმანეთთან. ბოლო ორ კვირაა დიდი ბრიტანეთის მოიერიშე თვითმფრინავები ჰაერში ხვდებიან რუსეთის ავიაგამანადგურებლებს, რომელიც პროვიკაციულად ძალიან საშიშ მანძილზე უახლოვდებინ ინგლისის საჰაერო საზღვრებს.

სამწუხაროდ, ასეთი ფაქტები ძალიან გახშირდა. საქართველოს ჯერჯერობით ამ ეტაპზე ეს საფრთხე არ ემუქრება. თუმცა, საფრთხე არსებობს. ჯერჯერობით ცხელი წერტილი სულ უფრო და უფრო ცხელდება ბალტიისპირეთთან მიმართებაში. აქ არის კალინინგრადი, სადაც რუსეთმა განათავსეს ისკანდერები, დასავლეთის საზღვარზე განათავსეს საკუთარი შეიარაღება, იგივე მოხდა უკრაინის საზღვარზე. საქართველო ჯერ არ იმყოფება ამ დაძაბულობის ეპიცენტრში. ეს ქართულ დიპლომატიას შანს აძლევს და არა გარანტიას, რომ როგორმე საქართველო არ მოხდეს დაძაბულობის ეპიცეტრში“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.