„ეს არის გარკვეული რეპეტიცია იმ სიტუაციისა, რომელიც შეიძლება ნაციონალებმა არჩევნების შემდეგ შექმნან“

„ეს არის გარკვეული რეპეტიცია იმ სიტუაციისა, რომელიც შეიძლება ნაციონალებმა არჩევნების შემდეგ შექმნან“

22 მაისს, კორცხელის N53-ე უბანზე „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის ფიზიკური დაპირისპირებას დეპუტატი ვალერი გელაშვილი პროვოცირებულს უწოდებს. როგორც დეპუტატმა for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, პროვოცირების ორგანიზებასა და განხორციელებაში ნაციონალები გამოცდილი პროფესორები არიან.

„დარწმუნებული ვარ, რომ პროვოცირება ნაციონალებისგან იქნებოდა ორგანიზებული. ის რაც მოხდა, არ მგონია, რომ ჩვენს ხელისუფლებას აწყობდეს, ანუ ვიღაცამ პროვოცირება გააკეთა და ვიღაცეები პროვოკაციას წამოეგენ. უნდა გამკაცრდეს კანონი, რომ არავინ გაბედოს მსგავსი პროვოკაციები. მგონია, რომ გამოწვევა ნაციონალებისგან იქნებოდა. მათ შეიძლება ძალით ირტყან თავში რაღაცა, რომ ხელისუფლება დაადანაშაულონ. გამოცდილება ბევრი აქვთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვალერი გელაშვილი.

for.ge-სთან საუბრისას „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარის, დეპუტატ გიორგი გაჩეჩილაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია პრემიერ-მინისტრის ინიციატივა, რომ პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინება და ჯგუფური დანაშაული 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება.

for.ge „მწვანეთა პარტიის“ თავმჯდომარეს, გიორგი გაჩეჩილაძეს ესაუბრა.

ბატონო გიორგი, კორცხელში განვითარებული მოვლენები იყო თუ არა ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი?

გიორგი გაჩეჩილაძე: ვფიქრობ, ძალიან ცუდია ის, რაც მოხდა. წინ გველოდება საპარლამენტო არჩევნები და კარგია, რომ პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინება და ჯგუფური დანაშაული 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება. საარჩევნო უბნების წინ გამკაცრდება სიტუაცია, რომ აღარ გამეორდეს მსგავსი ინციდენტი და იმედია, აღარც გამეორდება.

არ მგონია ეს ქაოსისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პროცესი უსამართლობაში გადადის ხოლმე ამ ქვეყანაში, ეს პირველი შემთხვევა არ არის. მოგეხსენებათ, საქართველოში ასეთი ძალადობა დაინერგა რამდენიმე წლის წინ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ძირითად ბერკეტს, ისე იყენებდა ყოველთვის საარჩევნო სისტემაში. ეს უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში. მშვიდობიანად უნდა ჩავატაროთ არჩევნები. იმედია, 2016 წლის არჩევნებში ის ბოროტი ძალა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ სახით არის წარმოდგენილი, პოლიტიკურ სისტემაში აღარ იქნება.

ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს მიზანმიმართული და განზრახ მომხდარი ქმედება იყო?

- არ ვიცი. გამოძიება ჩატარდება და როგორც ჩემი წარმომადგენლებიდან მაქვს ინფორმაცია, სამეგრელოში ეს პროვოცირებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. მაგალითად, ახლა დავა მიდის საკონსტიტუციო სასამართლოს პროცედურებთან დაკავშირებით, ასევე - სხვა დავები. ნაციონალების ქუჩაში აქეთ-იქით ხეტიალი დაკავშირებულია 2016 წლის არჩევნების არეულობის დაგეგმვასთან. ეს არის გარკვეული რეპეტიცია იმ სიტუაციისა, რომელიც შეიძლება შექმნან არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი დარჩებიან პოლიტიკური სისტემის მიღმა. ეს არ არის მხოლოდ მათი ინიციატივა, ეს გარე ძალებიდანაც იქნება პროვოცირებული. ეს არის მათი რეალური მიზანი. გვეუბნებიან, რომ სახელმწიფო ეფექტურად იმუშავებს, რომ პოსტ-საარჩევნო პერიოდში არ მოხდეს უბედურება ისეთი, როგორიც 2003 წელს მოხდა.

თუმცა, ბატონო გიორგი ნაციონალები უფრო მეტად იყვნენ დაშავებულები...

- არ ვიცი ზუსტად, გამოძიებას დაველოდოთ. მე ხომ არ ვყოფილვარ და ვერ გეტყვით. მხოლოდ სატელევიზიო კადრებით როგორ შევაფასო? ჩატარდება გამოძიება და ყველაფერი თავის ადგილას დადგება. საზოგადოებას მივმართავ, რომ ცოტა დაფიქრდნენ გადაწყვეტილებების მიღების დროს. ეს ქვეყანა ცოდვაა იმისათვის, რომ ისევ ძალადობის პერიოდში დაბრუნდეს, ცოდვაა იმიტომ, რომ ვეღარ გაუძლებს. 25 წელია პოლიტიკაში ვარ და ამ უბედურებას ვუყურებ და აქამდე როგორ მოვედით საკითხავია.