რას მოუტანს საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა?

რას მოუტანს საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა?

დაახლოებით 4 წელიწადში საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი საკუთარი ქარხანა ექნება. აზერბაიჯანელების ნაცვლად, მას შვეიცარიაში დარეგისტრირებული კომპანია ააშენებს. ქარხანაში გათვალისწინებულია 2 მლნ ტონა ნავთობის გადამუშავება და „ევრო-5“-ის ტიპის საწვავის მიღება.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შენდება, რომელიც მსუბუქი და საშუალო დისტილატების და სხვა ნავთობპროდუქტების წარმოებასთან ერთად 40 მგ/სთ ელექტროენერგიასაც გამოიმუშავებს.

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, რომ ქარხანაში წარმოებული ნავთობპროდუქტები საქართველოსთან ერთად რეგიონის სხვა ქვეყნებში საექსპორტოდაც არის გათვალისწინებული.

„ჩვენი ქვეყანა არ არის ნავთობის მწარმოებელი და არც მსხვილი გადამამუშავებელი ქარხანა საქართველოში არ ყოფილა. დამოუკიდებლობის პერიოდში ამის მცდელობა იყო, მაგრამ მცირე მასშტაბით“, - აცხადებს ვალიშვილი.

საწარმოს ინვესტორია შპს „ფაზის ოილი“. იგი წარმოადგენს შპს Socar Georgia Investments-ის უფლებამონაცვლეს, რომელსაც 2012 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებული აქვს შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება.

„სოკარის“ საინვესტიციო ვალდებულება იყო კარბამიდის ქარხნის მშენებლობა, რომელიც კონკრეტული მიზეზების გამო არ განხორციელდა. თუმცა „სოკარს“ ჰქონდა ტერიტორია, მიწის ფართი სადაც უნდა განეხორციელებინა ინდუსტრიული პროექტი, იყო მოსაზრება, რომ ეს ყოფილიყო ქიმიური ქარხანა, მაგრამ ამ შემთხვევაში რეალურად ამ ინდუსტრიულ ზონაში ის ჩანაცვლდა „ფაზის ოილით“. გათვალისწინებულია 2 მლნ ტონის გადამუშავება, რაც ძალიან ბევრია ჩვენი ბაზრისთვის. ეს ნიშნავს, რომ გვექნება საექსპორტო რესურსი. ქარხანაში წარმოებიული ნავთობპროდუქტები გათვალისწინებული იქნება რეგიონის და ევროპის ბაზრისთვის“, - განაცხადა ვალიშვილმა.

ბოლო დრომდე ყველას ეგონა, რომ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია აშენებდა. საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის 11 მაისის განკარგულებაში აღნიშნულია, რომ Socar Georgia Investments საქართველოში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ააშენებს, რომელიც ექსპლოატაციაში 2020 წლის 30 აპრილის უნდა შევიდეს.

მოულოდნელად რამდენიმე დღის წინ SOCAR Energy Georgia-ს გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აზერბაიჯანული ნავთობკომპანია საქართველოში ქარხნის მშენებლობას არ აპირებდა. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მთავრობასთან არანაირი შეთანხმება არ არსებობდა.

„ამ ეტაპზე „სოკარს“ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის გეგმა არა აქვს“, - აღნიშნა მამედოვმა.

მოგვიანებით ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანის მშენებლობაზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი. ქარხნის მშენებლობის, ასევე ადგილზე თიზ-ის მოწყობის ვალდებულება „სოკარ ჯორჯია ინვესტმენტის“ უფლებამონაცვლე კომპანიამ „ფაზის ოილმა“ აიღო.

საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი შვეიცარიაში დარეგისტრირებული სს „სტრიმტრეიდია“ (ყოფილი Multiplex solutions).

კომპანიამ „სოკარ ჯორჯია ინვესტმენტში“ „ტრიდანის“ და „აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის“ წილები, ჯამში 100% შეიძინა და აიღო ვალდებულება, რომ გააუქმებს ამ პროექტებისთვის გაცემულ წინა მფლობელების თავდებობას ან გამოითხოვს გარანტიებს.

ეკონომიკის სამინისტრომაც დაადასტურა, რომ ახალი ინვესტორია შპს „ფაზის ოილი“. ინვესტორმა აიღო ვალდებულებება გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს 120 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია. ასევე 2019 წლის 31 დეკემბრამდე ააშენოს და ექსპლოატაციაში გაუშვას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რომელსაც ექნება წელიწადში არანაკლებ 2 მილიონი ტონა მსუბუქი ნედლი ნავთობის გადამუშავებისა და „ევრო-5“-ის სტანდარტის ან მისი ეკვივალენტური სტანდარტის საწვავის წარმოების შესაძლებლობა. წარმოების დაწყებიდან მინიმუმ 10 წლის განმავლობაში ქარხანაში დასაქმებულთა არანაკლებ 70% იქნება საქართველოს მოქალაქე.