ივერიის მოედანი, დავით აღმაშენებლის სახელობის მოედანი, რესპუბლიკის მოედანი, - ეს იმ სახელწოდებათა არასრული ჩამონათვალია, რომელთაგან ერთ-ერთმა „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელი უნდა ჩაანაცვლოს.
„ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელდება 2005 წლიდან იღებს სათავეს. იმ პერიოდში ყოფილი „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის ჩანაცვლება მაშინდელი ნაციონალური ნომენკლატურის მიერ მოხდა და სააკაშვილის ხელისუფლება ვარდებიანი რევოლუციის გამარჯვებას 2003 წლის შემდეგ ყოველწიურად პომპეზურად აღნიშნავდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ კი, შესაძლოა, ამ მოედნის სახელდების ხანმოკლე ისტორია წარსულს ჩაბარდეს და „ვარდების მოედანს“ ძველი სახელწოდება - „რესპუბლიკის მოედანი“ დაუბრუნდეს.
ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, თედო კობახიძემ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, ლია ჯახველაძეს მიმართვა უკვე გაუგზავნა.
მიმართვის ავტორის განმარტებით, თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ვერის უბანში, რუსთაველის გამზირის დასავლეთ ნაწილში1983 წელს აშენებულ „რესპუბლიკის მოედანს“ 2005 წელს მიენიჭა „ვარდების რევოლუციის მოედნის“ სახელწოდება. ეს მაშინ, როცა საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე მოქმედი უზენაესი კანონის (საქართველოს კონსტიტუციის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის) თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური წყობილების ფორმა არის დემოკრატიული რესპუბლიკა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა, როგორც პირველი რესპუბლიკა, საქართველოს ტერიტორიაზე 1917 წლის რევოლუციის შემდგომ შეიქმნა, ხოლო მე-20 საუკუნის მიწურულს დედაქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ მოედანს საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი პირველი რესპუბლიკის საპატიოდ ეწოდა „რესპუბლიკის მოედანი“.
თედო კობახიძის თქმით, დიდი მნიშვნელობის მქონეა ის ფაქტი, რომ 1983 წლიდან მოყოლებული, 22 წლის მანძილზე აღნიშნული მოედანი ატარებდა სწორედ რესპუბლიკის მოედნის სახელწოდებას, რაც საზოგადოების ცნობიერებაში საკმაოდ ღრმად დაილექა და მიუხედავად 2005 წელს საყოველთაოდ ცნობილი „რესპუბლიკის მოედნის“ სახელწოდების „დამახინჯებისა“ („ვარდების რევოლუციის მოედანი“), მისი სახელწოდება როგორც დედაქალაქის, ასევე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისათვის შეუცვლელი დარჩა.
თედო კობახიძე საყურადღებოდ მიიჩნევს მსოფლიოში დამკვიდრებულ პრაქტიკასაც, რომლის თანახმად, მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს რესპუბლიკაში (როგორც ევროკავშირის, ასევე, ჩვენს მეზობელ ქვეყნების დედაქალაქებში) წესისამებრ არსებობს მოედანი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის წყობილების ფორმის გამოსახატავად საუკუნეების მანძილზე ეწოდება „რესპუბლიკის მოედანი“. ასე მაგალითად, საფრანგეთის რესპუბლიკის დედაქალაქის ცენტრში არსებობს მოედანი სახელწოდებით - „რესპუბლიკის მოედანი“, ასევე, სომხეთის დედაქალაქ ერევანში არსებული დიდი საოლქო მოედანი 1926 წლიდან ცნობილია, როგორც „რესპუბლიკის მოედანი“. ამდენად, ჩვენი თანამოქალაქეების განწყობიდან გამომდინარე, თედო კობახიძეს მიზანშეწონილად მიაჩნია, ამ გეოგრაფიული ობიექტისთვის ძველი სახელწოდების აღდგენა და მისთვის „რესპუბლიკის მოედნის“ სახელის მინიჭება.
საკრებულოს უმცირესობის წევრი სევდია უგრეხელიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ისტორიული სამართლიანობით აპელირება და „ვარდების რევოლუციის მოედნისთვის“ სახელის გადარქმევა სასაცილოა, რადგან ამ ადგილს ძველად ანდროპოვის ყურებსაც უწოდებდნენ. ამდენად, სევდია უგრეხელიძის აზრით, ეს პოლიტიკური აგრესიის კიდევ ერთი ფორმაა, ეს არის ვარდებთან ბრძოლა, რატომღაც ვარდს გადაემტერნენ ახლა და ეს არის ბრძოლა წარსულის აჩრდილებთან, რაც ამ „უსაქმურებს“ ნამდვილად ვერ უშველის.
„მნიშვნელოვანი საკითხებიდან ყურადღების გადატანა სურთ. ამ მოედანს „რესპუბლიკის მოედანი“ სანამ ერქვა, მაშინ საქართველოსაც საქართველოს რესპუბლიკა ერქვა. ახლა კი საქართველოს მხოლოდ საქართველო ჰქვია. ალბათ, იტყვიან, საამისოდ ხელმოწერები გვაქვსო, მაგრამ ე.წ. ხელმოწერები ჰქონდათ მაშინაც, როცა ყოველივე ეროვნულს ებრძოდნენ და, როცა ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩას წაართვეს სახელი, მიუერთეს კიდევ ორ-სამ ქუჩას, მოედანსა თუ ჩიხებს და პოპულისტურად ბერი გაბრიელის სახელი უწოდეს. მაშინაც თითქოს მოსახლეობამ მოითხოვა ქუჩის სახელის შეცვლა, თუმცა ჩვენ გამოვკითხეთ მოსახლეობა და შევიტყეთ, რომ ცარიელი ფურცელები დაურიგებიათ, თანაც უთქვამთ, თუ გინდათ, რამე გაგიკეთოთ, ხელი მოაწერეთო. სხვათა შორის, ბერი გაბრიელისთვის რომ ეკითხათ, იგი მათ კომბლით გამოეკიდებოდა, რადგან თვითონ იყო ძალზე ეროვნული ადამიანი, ზვიადისტი და ამის გამო იყო შევიწროებული“, - აღნიშნა სევდია უგრეხელიძემ და შეკითხვის საპასუხოდ, ხომ არ აჯობებს „ვარდების მოედნის“ სახელდების შეცვლა, რადგან ვარდების რევოლუციამ ბევრისთვის მოლოდინი არ გაამართა და ეს სახელი მაინც ერთი პარტიის (ნაციონალების) შერქმეულად აღიქმებოდა, სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციამ გაამართლა იმედები, აშენდა ეს ქვეყანა და ეს დამტკიცდება მაშინ, როცა ისტორიული დრო გავა.
ამის საპირისპიროდ, საკრებულოს უმცირესობის წევრი მიიჩნევს, რომ ამ ქალაქს ანგრევს ნარმანია და, რეალურად, ნარმანია იმდენად უსუსურია, ამ ნგრევაშიც ვერ იღებს მონაწილეობას.
„რაც უნდათ, ის დაურქმევიათ ვარდების რევოლუციის მოედნისთვის. ეს არ არის ქართველი ხალხისა და თბილისელების პრობლემა. ზოგიერთი ქუჩა ვერაფრით ჰგუობს ახალ სახელს, რაგინდ კარგი სახელიც არ უნდა დაარქვან. ასე მოხდა რიგის ქუჩის შემთხვევაში, როცა მას დიდი პიროვნების, კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის სახელი ეწოდა, მაგრამ ქალაქელებმა ეს სახელი ვერ მიიღეს. ამას წინათ გააჟღერეს, თითქოს შუშის ხიდს გასვლია ექსპლუატაციის ვადა. არადა, ათ და ხუთწლიან ხიდებს ვინ აშენებს?! ეს სასაცილოა, დადონ დოკუმენტი. ერთადერთი, ნარმანია რომ მოვიდა, თქვა, შუშის ხიდს ვერაფერს ვუზამ, მაგრამ ამ ველოსიპედს აუცილებლად გადავიტანო. რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის, გადაიტანს თუ არა ველოსიპედს?! ესეც კი ვერ გააკეთა. მე მგონი, იმ მოედანს ველოსიპედი უფრო ცნობადს ხდის, ვიდრე რომელიმე სახელწოდება. დავით აღმაშენებლის ძეგლიც სადაც უნდათ, იქ წაუღიათ, ეს არ არის მნიშვნელოვანი“.
საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლია ჯახველაძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ თუკი „ვარდების მოედანს“ „რესპუბლიკის მოედნით“ ჩაანაცვლებენ, ამით ისტორიული სამართლიანობა აღდგება. თუმცა არსებობს უამრავი სხვა შეთავაზებაც და ჩვენი ხალხის აქტივობა ცოტა მეტია ამ მოედანთან მიმართებით.
„თუ რატომ არ უნდა ხალხს და რატომ ითხოვენ „ვარდების რევოლუციის“ სახელის შეცვლას, ეს გასაგებია - ნაციონალებმა გადახედონ თავის მიერ განვლილ გზას. მათ არ დაუმსახურებიათ, შუა ქალაქში იყოს „ვარდების მოედანი“. მათ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა საჭირო რომ არის, ეს ფაქტია, მაგრამ არ ვართ იმისკენ მიმართულნი, ვიღაცას ვდიოთ. უამრავი განცხადებაა შემოსული საკრებულოს შესაბამის კომისიაში, ხალხი სახელის გადარქმევას ითხოვს, ტელევიზიაში ისე არ მივსულვარ, არ დაერეკოთ და არ ეთქვათ, რატომ უნდა იყოს „ვარდების რევოლუციის მოედანი“?! სხვათა შორის, ჩვენი ქალაქის ბინადარნი ასეთივე მონდომებით ითხოვენ, რომ ვარდების მოედანს დავით აღმაშენებლის მოედნის სახელი ეწოდის, ან კიდევ 9 მაისის მოედნის სახელი, რაც გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვეტერანებმა მოითხოვეს. ასევე, მოთხოვნადია ივერიის მოედნის სახელწოდება და დიმიტრი ყიფიანის მოედნის სახელის დარქმევა“, - აღნიშნა ლია ჯახველაძემ, რომლის თქმითაც, ამ საკითხის განხილვა საკრებულოში ჯერ არ დაწყებულა და უახლოეს მომავალში საკითხი ხმათა უმრავლესობით გადაწყდება.
მსგავსი ცვლილება განხორციელდა ვარდების ბაღის შემთხვევაში და მას ილიას ბაღი ეწოდა, რითაც ისტორიული სამართლიანობა აღდგა, რადგან იქვე ახლოს ილია ჭავჭავაძის ოფისი მდებარეობდა.