საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური დაკავებულ თანამდებობას ინარჩუნებს და უმრავლესობაშიც რჩება, თუმცა, „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებს, პარტიულ შეცდომებზე აქცენტირებს და საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას აანონსებს. კანონმდებელი ფიქრობს, რომ „ოცნებაში“ პარტიული ორგანიზაციების დაკომპლექტებას არასერიოზულად მიუდგნენ, რაც გუნდის წევრების განაწყენების მიზეზი გახდა.
დეპუტატი ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ კოალიციის ყოფილმა ლიდერმა საკადრო პოლიტიკაში შეცდომები დაუშვა, რის გამოც კანონმდებელი ინტერესდება, ივანიშვილს სვლებს ეჭვით რატომ არ უნდა უყუროს, რომ მას კიდევ არაფერი შეეშლება?
პოლიტიკურ გეგმებზე, for.ge დეპუტატ თამაზ მეჭიაურს ესაუბრა:
პარტია „ქართული ოცნება“ დატოვეთ. თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი რა არის - „ოცნებასთან“ ურთიერთობაზე უარს თქვენ აცხადებთ, თუ პირიქით, ისინი ამბობენ?
- მმართველ გუნდს ევროატლანტიკურ ალიანსთან მიმართებაში პრინციპულად არ ვეთანხმები. ისინი მათ მიერ არჩეულ ევროატლანტიკურ კურსზე მყარად დგანან, რაც მათი განმარტებით იმას გულისხმობს, რომ საქართველო ნატოში უახლოეს მომავალში გაწევრიანდება. ხელისუფლება მოსახლეობას ამ დაპირებას ისე აძლევს, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ აძლევდა. ნატოს უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებიდან, ასევე ნატოს წევრი ქვეყნების რეაქციებიდან და მათ მიერ 2008 წელს გაწეული დახმარებიდან გამომდინარე, დასკვნა გამომაქვს, რომ ჩვენ არათუ უახლოეს ხანში, არამედ შორეულ მომავალშიც კი, ნატოში ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით ვერ გავწევრიანდებით.
ბატონო თამაზ, საგარეო მიმართულებასთან დაკავშირებით არ ჩაგეძიებით, რადგან for.ge-ს წინა ინტერვიუში ამ საკითხზე ცხარედ ვიკამათეთ და თქვენ თქვენი „ჭეშმარიტება“ გაქვთ. შესაბამისად, მაინტერესებს, „ოცნება“ მხოლოდ ამ მოტივის გამო დატოვეთ?
- მთავარი მიზეზი ევროატლანტიკური კურსია, რომლის მიმართაც დამოკიდებულება განსაკუთრებით მას შემდეგ გამძაფრდა, რაც საქართველოში ერთობლივი სწავლების საბაბით ამერიკული ტექნიკა შემოიტანეს და ეს პროვოკაციული ქმედება იყო, რომელსაც შესაძლებელი იყო რუსეთის მხრიდან რეაგირება მოჰყოლოდა. როცა ამის შესახებ განვაცხადე, პრემიერ-მინისტრმა თავდაცვის მინისტრის პოზიცია დაიკავა.
თქვენ გინდოდათ, რომ გიორგი კვირიკაშვილს თქვენი პოზიცია დაეკავებინა?
- ყოველ შემთხვევაში ის მინდოდა, რომ ჩვენს გუნდში იმ ხალხის ადგილიც ყოფილიყო, რომელთაც საგარეო კურსის სისწორეში ეჭვი ეპარებათ, მით უმეტეს, რომ უამრავი არგუმენტი არსებობს იმისა, ეჭვი რატომ უნდა გვეპარებოდეს და სკეპტიკურად განწყობილი რატომ უნდა ვიყოთ. რაც შეეხება სხვა თემებს, შესაძლოა, სხვა თემებიც არის, რაც არ მომწონს, მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ მისაუბრია, თუმცა, ეს ისეთი საკითხები არ არის, რომლის გამოც პარტიიდან გავიდოდი.
პარტიიდან გახვედით, თუ გაგიშვეს?
- ჩემი ნებით გავედი.
ბოლო პერიოდში, საგარეო მიმართულებით გააქტიურდით, მაშინ, როდესაც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ხართ. ამ სფეროში ყველაფერი დაალაგეთ და საგარეო კურსზე გადაერთეთ?
- კომიტეტი და სხვა ყველაფერი ქვეყნის ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს. როცა ვხედავ, რომ ვიღაც თავისი ფუნქციის დასამტკიცებლად ტანკებს დააგრიხინებს და ქვეყანას შარში ხვევს, ხმა არ უნდა ამოვიღო?
ხმის ამოღებას რას ეძახით, რუსეთს ქართველებმა „ბაბაია“ ეძახონ?
- ვინ გითხრათ, ბაბაია უძახეთო? ტანკის გრიხინით რუსეთი დაამარცხეთ? თუ წვრთნა უნდოდათ, რაღა ამ ტანკებს მოაგრიხინებენ, ტანკთან ჯარისკაცები მიეყვანათ და იქ გაეწვრთნათ. სათრევი ტანკები მაინც არ ექნებოდათ და რუსებს პროვოკაციის საბაბიც აღარ ექნებოდათ. ტანკები არ აქვთ და რას სწავლობენ? - ის ტანკები სასწავლებლად გვათხოვეს.
არ ფიქრობთ, რომ თქვენი პათოსით ქვეყანას ჩრდილს აყენებთ? რას ჰქვია ტანკები არ გვყავს?
- თუ გვყავდა, რატომ მოჰყავდათ? - ეს ყველაფერი იმას ემსგავსება, ბავშვს ცარიელ აუზში ცურვას რომ ასწავლიან.
პარტია „ქართულ ოცნებას“ თამაზ მეჭიაური დააკლდება?
- მგონია, რომ დააკლდება. ეტყობათ კიდეც. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების სამ უბანში მონაწილეობა მიიღო და ორი მოიგო, რაც უკვე კატასტროფაა.
როგორ ფიქრობთ, ასე რატომ მოხდა?
- იმიტომ მოხდა, რომ ადგილებზე პარტიული აქტივის შერჩევა არაკვალიფიციურად მოხდა და კადრები ტენდენციურად შეარჩიეს. ვისაც ხელეწიფებოდა, მაქსიმალურად ცდილობდა, რომ კადრები პირადი ერთგულების ნიშნით დაეკომპლექტებინა და ხშირ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებისგან. გამოდის, რომ ზოგ შემთხვევაში, ბრძოლა „დავარცხნილ“ და ძველ ნაციონალებს შორის მიდიოდა. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში ეს ბრძოლა ზედა დონეზე გავიდეს.
ანუ?
- ანუ, ის, რომ „ოცნებაში“ დიდი დოზით ყოფილი ნაციონალები აღმოჩნდნენ. თუკი „ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლობით ვიმსჯელებთ, ამის საფრთხე სახეზე ჩანს. იმედს ვიტოვებ, რომ სიის დაკომპლექტებისას შეცდომებს გაითვალისწინებენ.
პოლიტსაბჭოს წევრებთან მიმართებაში კითხვები გაქვთ, იგივე დავით კოღუაშვილთან დაკავშირებით?
- კითხვები გამიჩნდა და ვთქვი კიდეც. ბოლო შეხვედრაზე, პრემიერმა მისი საქციელი დაგმო და თემა ამით დავხურეთ. სანამ, ყოფილ და მოქმედ პრემიერებთან შეხვედრას გავმართავდით, გიორგი კვირიკაშვილმა ეს ფაქტი დაგმო. ამ პარტიის მტერი არ ვარ და ვისურვებდი, რომ ასეთი შეცდომა ნაკლებად დაუშვან.
თქვენ თქვით, რომ კატასტროფაა, როცა ყოფილი სახელისუფლებო პარტია ორ ოლქს იღებს, თუმცა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეინტინგის ზრდის წინაპირობას ხედავთ?
- „ქართული ოცნება“ იმდენად არაპოპულარული პირებით დააკომპლექტეს და ზოგიერთ რაიონისა და რეგიონის ამომრჩეველი იმდენად გამწარებულია, რომ ორ ოლქში თვით „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ გაიმარჯვა. სხვას რომ გაემარჯვა, ამას დემოკრატიულ ქმედებად ჩავთვლიდი, მაგრამ როცა ის პარტია იმარჯვებს, რომელსაც ანალოგი არ ჰყავს და რომელმაც ცხრა წლის მანძილზე მოსახლეობა გაამწარა, წარმოგიდგენიათ, „ოცნებამ“ რამდენად ურეიტინგო კანდიდატი დააყენა?
იქნებ, „ოცნების“ რეიტინგი განიცდის ვარდნას და ორი ოლქის წაგებაც ამით არის გამოწვეული?
- ამ ყველაფერზე გულისტკივილით ვსაუბრობ. კულუარულად სულ ვამბობდი, რომ თავის დროზე, პარტიული ორგანიზაციების დაკომპლექტებას არასერიოზულად მიუდგნენ. დეპუტატების დიდი ნაწილი ვიცი, რომლებიც ნაწყენი იყვნენ იმის გამო, რომ მათ საკუთრ რაიონებში დელეგატებისა და კანდიდატების თაობაზე აზრს არ ეკითხებოდნენ.
პარტიაში ასეთ გადაწყვეტილებას ვინ იღებდა?
- არ ვიცი. ფაქტია, რომ მე არ მიმიღია. რაც შეეხება კორცხელის ინციდენტს, სახელმწიფომ ეს ფაქტი უნდა გამოიძიოს და შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს, რადგან ეს ხელისუფლებას აზიანებს იმ შემთხვევაშიც კი, პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მოწყობილიც რომ იყოს.
მათი მხრიდან პროვოცირება რაში გამოიხატება?
- პროვოცირება არ დამინახავს, მაგრამ ეს ყველაფერი ნაციონალების წისქვილზე რომ ასხამს წყალს, ეს ფაქტია. ეს ერთ-ერთი ნაწილი იყო იმ დიდი კამპანიის, რომელიც დიდი ხანია დაწყებულია. საერთაშორისო ორგანიზაციების - NDI-სა და IRI-ს გაყალბებული კვლევებით ფონი იქმნება იმისთვის, რომ „ოცნებას“ კინაღამ „ნაციონალური მოძრაობა“ ასწრებს. ამას მხარს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციებიც უბამენ, რომლებიც ნაციონალების ინტერესების გამტარებლები არიან. ამას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტი „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტ პარტიებს მხარს უჭერს. ფაქტობრივად, დღეს, ყველაფერი მიმართულია ერთი მიზნისკენ - აქედანვე იმის დაანონსება მოხდეს, რომ საპარლამნეტო არჩევნები გაყალბებული იქნება. ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას, რომ ასეთი ქმედებებით „ნაციონალურ მოძრაობას“ საბაბი მისცეს, 8 ოქტომბრის არჩევნები ეჭქვეშ დააყენოს და ეს სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მათ გავლენიანი უცხოელი მფარველები ჰყავთ, არ არის გამორიცხული, რომ უცხოეთმა არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს, ნაციონალების დამარცხება არ ცნოს და აქედან გამომდინარე, კიევის მსგავსი მაიდანის მოწყობის წინაპირობა შეიქმნას.
ტენდენციების გათვალისწინებით შეგიძლიათ, თქვათ, ოქტომბერში ვინ გადაწონის - ნაციონალები თუ „ოცნება“?
- მინდა, რომ სულ სხვა ძალა გამოიკვეთოს, რომელიც უცხოეთიდან მართული არ იქნება და ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებული იქნება.
ეროვნულ ნიადაგზე აღმოცენებულ ძალად ვინ მიგაჩნიათ?
- ასეთი ძალების კონსოლიდაცია მოხდება, ან სხვა შეიქმნება.
ვინ შექმნის?
არ არის გამორიცხული, რომ მეც შევქმნა. კონსულტაციებს უკვე ვმართავ და არ მინდა, ამაზე საუბარი. მოსახლეობაში მოთხოვნაა, რომ ისეთი ძალა გაჩნდეს, რომელსაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი უმრავლესობა მხარს დაუჭერს. მოსახლეობას სახელმწიფოს უცხო ქვეყნიდან მართვა მოსწყინდა.
თქვენ საკუთარ შესაძლებლობებზე გადაჭარბებული წარმოდგენები ხომ არ გაქვთ?
- მე რა შუაში ვარ? - მოსახლეობის იდეებს ვახმოვანებ. მოსახლეობაშია მოთხოვნა იმის, რომ ისეთი ძალა აირჩიონ, რომელიც მართული არც დასავლეთიდან არ იქნება, არც ჩრდილოეთიდან და ეროვნული ინტერესების გამტარებელი იქნება.
თქვენს გუნდში მოსალოდნელია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და სანდრო ბრეგაძე იყვნენ?
- თუ ირაკლი ღარიბაშვილი წამოვა, მის გუნდში მე ვიქნები. ის ამბიცია არ მაქვს, რომ პირველი მე ვიყო. ბატონ ირაკლის ლიდერის პოზიციას დიდი სიამოვნებით მივცემდი, მაგრამ როგორც ვიცი, ის უახლოეს ხანში პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს. საკმარისი დროა იმისათვის, რომ პოლიტიკური პროცესები მოითელოს და თითოეულმა ძალამ ამომრჩეველს საკუთარი თავი აჩვენონ.
თქვენ თქვენი გადაწყვეტილების თაობაზე ბიძინა ივანიშვილს ესაუბრეთ? მისი პოზიცია რა იყო?
- ივანიშვილი ეცადა, დავერწმუნებინე, რომ ქვეყანას ნატოს მიმართულებით პერსპექტივა აქვს. მას ვკითხე, ისეთი ინფორმაცია ხომ არ ჰქონდა, რასაც არ ამჟღავნებდნენ და საიდუმლო იყო, რომელიც მას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა. მან მსგავსი ინფორმაცია არ მომაწოდა და ის მითხრა, რაც მეც გამაჩნია. ის ფიქრობს, რომ ნატოში გაწევრიანებას პერსპექტივა აქვს, მე ამაში ვერ დავრწმუნდი და ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით შეხვდა. მიუხედავად იმისა, რომ პარტია დავტოვე, მტრად არავინ არ მომიაზრებს და ჩემს მიმართ აგრესია არ წამოსულა, როგორც აქამდე ხდებოდა, როცა ვინმე მმართველ გუნდს დატოვებდა, ლამის მოღალატეებად აცხადებდნენ. ჩემს გადაწყვეტილებას ყველა გაგებით შეხვდა და ჩემი გუნდის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს.
თქვენი გადაწყვეტილების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობას გააგრძელებთ?
- მტრებად არ დავცილებულვართ, ერთმანეთს ნორმალურად დავშორდით და თუკი მისი სურვილი იქნება, მასთან ურთიერთობა მექნება. თუ ქვეყანას დასჭირდება, თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ.
ხელისუფლების წარმომადგენელი აღარ ხართ, ვინ ხართ? თქვენი სტატუსი რა არის - ოპოზიციონერი? თუ „ოცნებასთან“ და ივანიშვილთან თანამშრომლობას აპირებთ, „სატელიტი“ არ გამოდიხართ?
- „სატელიტი“ რატომ გამოვდივარ? ივანიშვილს შევთავაზე, რომ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დავტოვებ-თქო, მაგრამ ფრაქციამ თქვა, რომ ამ საკითხმა შესაძლოა, დისონანსი გამოიწვიოსო. გამოდის, რომ რესპუბლიკელები „ოცნების“ სატელიტები ყოფილან, რადგან ყველა თანამდებობას იკავებენ და თან ოპონირების რეჟიმში რადიკალურად გადავიდნენ.
რესპუბლიკელებს რატომ არ ეშვებით?
- თქვენ არ მეშვებით.
„ოცნებაში“ თქვენი პოზიციები სწორედ რესპუბლიკელებთან ბრძოლამ ხომ არ შეიწირა?
- თუ ამან შეიწირა, ეს ცუდი „ოცნებისთვის“ არის და არა - ჩემთვის. ის შედეგები, რაც არჩევნებმა აჩვენა, იმის ბრალიც არის, რომ ბოლო პერიოდში, „ქართული ოცნება“ რესპუბლიკელებთან გაიგივდა.
„ოცნებისთვის“ „რესპუბლიკურ პარტიასთან“ გაიგივება ნაკლია?
- რა თქმა უნდა, ნაკლია. მაშინ, რა გამოდის? – „ქართული ოცნებაც“, „ნაციონალური მოძრაობაც“, „რესპუბლიკური პარტიაც“ და „თავისუფალი დემოკრატებიც“ ერთი პროგრამით არიან, ერთი საგარეო და ერთი საშინაო კურსი აქვთ და უბრალოდ, ერთმანეთში პოზიცია-ოპოზიციას თამაშობენ. მოსახლეობაში ასეთი განწყობა არ არის. რაღაც ნაწილს ნატო უნდა, მეორე ნაწილს რუსეთი, უდიდეს ნაწილს კი, აღარც რუსეთი უნდა და აღარც ილუზიური ნატო. „ქართული ოცნების“ ლამის 50 კაციანი ფრაქცია „რესპუბლიკური პარტიის“ სატელიტის როლს ასრულებდა. ფაქტობრივად, ასე იყო.
რატომ?
მათ გავლენები ჰქონდათ. ბევრი თანამდებობა მიიღეს.
ვისგან მიიღეს?
- ბიძინა ივანიშვილისგან. საკადრო საკითხში ბიძინა ივანიშვილს შეცდომები რომ ჰქონდა, თვითონ არ იცის? მთავარში - პრეზიდენტში შეეშალა და სხვა რა უნდა ვთქვა? მის სვლებს ეჭვით რატომ არ უნდა ვუყურო, რომ კიდევ არაფერი შეეშლება?
შეიძლება, ბიძინა ივანიშვილს გიორგი კვირიკაშვილშიც შეეშალოს?
- კვირიკაშვილს დიდი ხანია იცნობს, რადგან ის „ქართუ“-ში მუშაობდა. კვირიკაშვილი როგორც მენეჯერი კარგია, მაგრამ მას საგარეო პოლიტიკაში არ ვეთანხმები. მისი ხედვა მცდარია. ამ ნაწილში მცდარი ხედვა ბიძინასაც აქვს და გიორგისაც. ორი თვის შემდეგ, საარჩევნო სიები უნდა გამოაქვეყნონ და ჩამწერენ თუ არა სიაში, ამის გამო ტყუილები ვიკადრო? ზოგიერთი ტყუილის თქმას ერთმანეთს ასწრებს და ზოგიერთი ნატოშიც უკვე ორჯერ შევიდა. ზოგს ნატოში შესვლის არ სჯერა, მაგრამ სიტუაციას არ ართულებს.
რადგან სია ახსენეთ, გკითხავთ. „ოცნების“ დატოვების რეალური მიზეზი ის ხომ არ იყო, რომ მათ საარჩევნო სიაში აღარ იქნებოდით?
- კვირიკაშვილმა თქვა, ვისაც საგარეო კურსის სისწორეში ეჭვი ეპარება, სიაში ისინი არ იქნებიანო. გუნდში ნატოში ინტეგრაციაზე მასიურად დარწმუნებული რომ არ არიან, ამას ღიად გეუბნებით.