2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაახლოებით ხუთი თვე რჩება და იმისათვის, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებზე კორცხელის მსგავსი მოვლენები არ განმეორდეს, მთავრობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ამკაცრებს, თუმცა, დეპუტატთა ნაწილი სანქციების დაწესებაში გამოსავალს ვერ ხედავს და ქვეყანაში პოლიტიკური კულტურის ამაღლებაზე აპელირებს.
პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით იუსტიციის სამინისტრომ „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებები უკვე მოამზადა, რომელიც თავდაპირველად, მთავრობის სხდომაზე გავა, შემდეგ კი, დოკუმენტს პარლამენტი გაეცნობა. კანონპროექტის წაკითხვამდე, დეპუტატები ახალი რეგულაციების დადებით და უარყოფით მხარეებზე არ საუბრობენ, თუმცა, ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ფიქრობენ, რომ სანქციების გამკაცრება დროული და პრევენციულია, რათა ვინმეს დაუსჯელობის განცდა არ დარჩეს.
კანონის გამკაცრება და სანქციების დაწესება კარგია, მაგრამ კანონში არსებული რეგულაციების აღსრულება რამდენად სათანადოდ ხდება, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე for.ge-ს განუმარტავს, რომ ძალადობის შემთხვევაში სასჯელის ზომებს „სისხლის სამართლის კოდექსი“ ითვალისწინებს, რომელიც არც თუ ისე მცირეა. დეპუტატის განმარტებით, მოქმედი კანონმდებლობით, თუკი ამომრჩევლის ნების თავისუფლად გამოხატვისთვის ხელშეშლა ძალის გამოყენებით მოხდება, სასჯელი ორიდან-ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ხმალაძის ცნობით, „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცალკე მუხლია, რომელიც სასჯელს ითვალისწინებს როგორც ცემის, ასევე სხეულის დაზიანების შემთხვევებზე.
„ნაკლებად მძიმე დაზიანების შემთხვევაში, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა, თუმცა, თუკი ცემამ სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, თავისუფლების აღკვეთაც შეიძლება იყოს, მაგრამ როგორც წესი, ჯარიმა გამოიყენება. თუ ცემა ჯგუფურად მოხდა, მაშინ სასჯელი მკაცრდება და თავისუფლების აღკვეთა 3-5 წლამდე იზრდება. უნდა შევნიშნოთ, რომ ჩვეულებრივ, ჯგუფურ დაპირისპირებას თავისი მიზეზი აქვს, რაც არის ეთნიკური და რელიგიური საფუძვლები. ორი დღის წინ, კორცხელში მომხდარი ფაქტი გვიჩვენებს, რომ დაპირისპირების მიზეზი შეიძლება პოლიტიკურიც იყოს, რაც არჩევნების წინ მწვავდება ხოლმე“, - ამბობს ხმალაძე.
კანონმდებელი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ დანაშაულის საფუძვლის თაობაზე ცალკე განსაზღვრება შემოვიდეს.
„სანქცია უნდა გამკაცრდეს არჩევნების პერიოდში, პოლიტიკურ საფუძველზე ძალადობის გამოყენებისთვის და უფრო მკაცრი სანქცია იქნეს დაწესებული, ვიდრე ეს ჩვეულებრივი ცემა-ტყეპის დროს არის, რომელიც შეიძლება უბანში მოხდეს, ან ჩხუბი მეზობლებს მოუვიდეთ. როცა ჩხუბი პოლიტიკური დაპირისპირების გამო ხდება და ძალადობა გამოიყენება, ამ დროს უფრო მკაცრი სანქცია უნდა იყოს დაწესებული. ალბათ, ეს გარკვეულ პრევენციას გამოიწვევს, რადგან როცა ადამიანებს ეცოდინებათ, რომ კორცხელის მსგავსი ჩხუბის დროს სასჯელი მკაცრი იქნება, შეიძლება, ამან ადამიანები დააფიქროს და მათ ძალა არ გამოიყენონ“, - აცხადებს დეპუტატი.
ხმალაძე ფიქრობს, რომ სასჯელის გამკაცრება ერთი პირობა იქნება დანაშაულის პრევენციის, რადგან დანაშაულის პრევენცია იმით ხდება, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს.
„ეს იქნება ერთი წლით თუ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, ვინც იძალადა და მან სასჯელს თავი ვერ უნდა აარიდოს. აქ მნიშვნელოვანი სამართალდამცავების ფუნქციაა, რომ დანაშაული სწრაფად, ეფექტურად აღკვეთონ და დამნაშავე მიაბრძანონ იქ, სადაც კანონის შესაბამისად მისი ადგილია. თუ ეს არ გაკეთდება, ხვალ რომ თქვენ ვინმესთვის თავში კეტის ჩარტყმა მოგინდებათ, ადგებით და ჩაარტყამთ, რადგან გეცოდინებათ, რომ არ დაგიჭერენ“, - დასძენს ხმალაძე.
ხმალაძისგან განსხვავებით, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გედევან ფოფხაძე სანქციების გამკაცრებაში პრობლემის გადაჭრის გზებს ვერ ხედავს და ფიქრობს, რომ ზოგადად, ძალადობას მხოლოდ კანონმდებლობა ვერ აღკვეთავს.
როგორც for.ge-ს ფოფხაძემ განუცხადა, თუკი ემოციური ფონი იქნება, იმის საფრთხე ყოველთვის იქნება, რომ ვიღაცამ ვიღაცასთან ურთიერთობა ძალისმიერი მეთოდებით გაარკვიოს.
„ახალი ნორმები შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ პოლიტიკური პრევენცია მაინც საჭიროა. ნებისმიერ პოლიტიკოსს უნდა ესმოდეს, რომ მას ძალადობა ცუდ ვითარებაში აყენებს. ვინც ფიქრობს, რომ პოლიტიკაში პროცესები ძალისმიერი მეთოდებით უნდა გაარკვიოს, ის სცდება. პოლიტიკური კულტურა უნდა დამკვიდრდეს. როცა ასეთი რამ ხდება, ორივე მხარე მტყუანია, რადგან ან ერთი აკეთებს პროვოცირებას, ან მეორე არ აკეთებს არაფერს, რომ ძალადობა თავიდან აიცილოს“, - ამბობს ფოფხაძე.
კანონმდებელი მიიჩნევს, რომ იმისათვის, რომ მუშტი-კრივი არ მოხდეს, პოლიტიკური კულტურა უნდა განვითარდეს.
„თუ ვერ შევთანხმდებით, რომ პოლიტიკაში ძალადობა ცუდია, შედეგს ვერც ერთი ნორმა ვერ გამოიღებს. თუ პოლიტიკური სტანდარტი იქნება, მაშინ ძალადობას თავიდან ავიცილებთ, თუ არადა, რა სტანდარტიც არ უნდა იყოს, ძალადობის საფრთხე მაინც იარსებებს“, - აცხადებს ფოფხაძე.
ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია for.ge-სთან საუბარში ყურადღებას არა ახალ ნორმებზე, არამედ პოლიტიკურ კულტურაზე ამახვილებს. კანონმდებელის განცხადებით, არჩევნებში საკუთარი პოზიციის გამოხატვის ფორმა და საშუალება ძალადობა არ უნდა იყოს. მისი თქმით, ის კანონის გამკაცრებას მხარს დაუჭერს, მაგრამ ინციდენტის წამოწყებაზე გარკვეული პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას.
„ფიზიკური დაპირისპირება შემთხვევითი არ არის და ეს ორივე მხარის სურვილია, ან ჩადენილი ქმედების შედეგია. პასუხისმგებლობა არა მხოლოდ მუშტის მომქნევს, არამედ წინასწარ დამგეგმავს - ცხვირის შემშვერსაც ეკისრება. დავინახეთ, ბოკერია როგორ ცდილობდა, მისი მდგომარეობა გადაეღოთ. 2000 წლიდან მოყოლებული ბოკერია ასე მახსოვს, თუმცა, ეს სკანდალები ქვეყნისთვის სასიკეთოდ არ დასრულებულა. პოლიტიკოსები გარანტი უნდა ვიყოთ იმისა, რომ ასეთ სიტუაციებს არ შევქმნით“, - აღნიშნავს ბუკია.
რაც შეეხება ნაციონალების განწყობას, for.ge-სთან საუბარში სერგო რატიანი ამბობს, რომ სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი ცინიზმია.
დეპუტატის მოსაზრებით, როგორც ჩანს, პრემიერი იმ პასუხისმგებლობას ვერ აცნობიერებს, რომელიც მას კორცხელის ინციდენტთან მიმართებაში ეკისრება.
„ისინი ამ ვანდალიზმის უშუალო დამკვეთები და დამნაშავეები არიან. ლაპარაკი იმაზე, რომ სასჯელი გავამკაცროთ, მაშინ, როცა ვინმე დაკავებული არ არის, ეს ცინიზმია და დღევანდელ მდგომარეობას არ შეესაბამება“, - დასძენს რატიანი.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ, რის გამოც საქმეს ძალოვანი უწყება ამ დრომდე იძიებს.