არაბულმა და ავსტრიულმა კომპანიებმა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სასტუმროს გამო ერთმანეთს ბრძოლა გამოუცხადეს. საქმე სასამართლოშია და პირველი გადაწყვეტილებაც ცნობილია: „რაკია ჯორჯიას“ საკუთრებაში არსებული სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“ და საქართველოში არსებული მისი სხვა აქტივები დაყადაღებულია. მათ შორისაა უძრავი ქონება თბილისში და შავი ზღვისპირეთში.
დავა ეხება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს, რომელიც ავსტრიულმა ინვესტორმა 2011 წელს „რაკია ჯორჯიას“ გადაუხადა, როგორც სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ ღირებულების ნაწილი.
ავსტრიული საინვესტიციო კომპანია VI2 PARTNERS GMBH იურისტის დავით ასათიანის ინფორმაციით, შეთანხმებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, მყიდველმა მხარემ საბანკო ჩეკების მეშვეობით, 20 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. ამის შემდეგ, ადვოკატის თქმით, „რაკია ჯორჯიას“ მხრიდან ქონების გადაცემის ვალდებულებები არ შესრულდა, საგნობრივი კომუნიკაცია შეწყდა, გარიგება ჩაიშალა.
ავსტრიული მხარე 5 წლის განმავლობაში ცდილობდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
„მოლაპარაკებების ყველა რესურსი, სამწუხაროდ, ამოწურულია. „რაკია ჯორჯიამ“ დაზარალებულ მხარეს გარდა სამართლებრივი ქმედებებისა სხვა გზა არ დაუტოვა. შესაბამისად, „რაკია ჯორჯიას“ აღნიშნული უკანონო ქმედებები გახდა იმის საფუძველი, რომ მყიდველმა მხარემ, რომელსაც დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ავსტრიული კომპანია VI2 PARTNERS GMBH, „რაკია ჯორჯიას“ წინააღმდეგ სარჩელით მიმართა საქართველოს სასამართლოს და ითხოვს გადახდილი თანხის, 20 მილიონი აშშ დოლარის უკან დაბრუნებასა და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
ადვოკატის ინფორმაციით, ავსტრიული კომპანია მისი დარღვეული უფლებების აღსადგენად მიმდინარე სამართლებრივ დავას ბოლომდე მიიყვანს და არ დაუშვებს, რომ „რაკია ჯორჯიას“ შერჩეს უკანონოდ დაუფლებული თანხა.
„ჩვენ შეტანილი გვაქვს სარჩელი, ვითხოვთ დაახლოებით 30 მილიონ აშშ დოლარს, ეს არის 20 მილიონი, რაც გადახდილია და ის ზარალი, რაც მიადგა კომპანიას, ეს თანხა პროცესის განმავლობაში გაიზრდება, ჩვენ ვაზუსტებთ მიყენებული ზიანის ოდენობას“, - განაცხადა დავით ასათიანმა.
კომპანია VI2 PARTNERS GMBH-ის წარმომადგენელმა მარკ-მილო ლუბეს თქმთ, მათი მხარე წლების განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა, გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას.
„რაკია ჯორჯია“ და მისი არაბი მეპატრონეები კი, იქცეოდნენ უკანონოდ, არაკეთილსინდისიერად და ყოველგვარი ბიზნეს ეთიკის დარღვევით. მათ მთელი ამ დროის განმავლობაში, მითვისებული აქვთ გადახდილი თანხა. საკითხისადმი ასეთ არაბიზნესურ და უპასუხისმგებლო მიდგომას, რასაც „რაკია ჯორჯიას“ მხრიდან აქვს ადგილი, დღემდე მსოლფიოს არცერთ ქვეყანაში არ შევხვედრივარ.
როდესაც ერთი კომპანია მეორეს გამოართმევს 20 მილიონ დოლარს და არ უბრუნებს, ეს აზიანებს საინვესტიციო კლიმატს და მომავალში, უქმნის პრობლემას მომავალ ინვესტიციებს. ეს არ არის მისაღები იმ ქვეყნისათვის, რომელიც მიისწრაფვის ევროკავშირისკენ.
აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, არ ვაპირებთ საქართველოში ინვესტიციების შეწყვეტას და არც ჩვენი პარტნიორი კომპანიები არ აპირებენ ამას. მტკიცედ გვწამს, რომ საქართველოს სასამართლო შეძლებს ამ პრობლემას დადებითად გადაწყვეტას“, - განაცხადა მარკ-მილო ლუბემ.
კომპანიას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი ამოიღოს ის თანხა, რომლითაც დაზარალდა და ამასთანავე, მიიღოს ზიანის ანაზღაურების სანაცვლოდ, დამატებითი თანხა.
„ამით ჩვენი უზრუნველვყოფთ იმას, რომ ასეთი ტიპის ინციდენტები საქართველოში აღარ მოხდეს“, - აღნიშნა მარკ-მილო ლუბემ.
მოგვიანებით „რაკია ჯორჯიამ“ ავსტრიული კომპანიის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ავსტრიულ კომპანიას არ გააჩნია სარჩელის აღძვრის კანონიერი უფლება:
„წუხილს გამოვთქვამთ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ შესახებ მიმდინარე სასამართლო დავას. ავსტრიულ კომპანიას არ გააჩნია სარჩელის აღძვრის კანონიერი უფლება, ვინაიდან იგი არ წარმოადგენდა მხარეს სასტუმროს შესყიდვასთან დაკავშირებით არსებულ თავდაპირველ გარიგებაში, არ გახლდათ ჩართული ამ საქმეში, შესაბამისად, ვერ განიცდიდა დანაკარგს.
თავდაპირველი გარიგების განხორციელება არ მოხერხდა, რადგან მყიდველმა ვერ შეძლო საფასურის გადახდა და დაირღვა RAK HOTEL HOLDINGS LIMITED“-თან არსებული კონტრაქტის პირობები. ამასთან, სასტუმროს შესყიდვის მსურველ კომპანიაზე გავრცელდა აშშ-ს მიერ მიღებული საგარეო სანქციები. აქედან გამომდინარე, იგი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
თვრამეტი თვის განმავლობაში, „რაკია“ უშედეგოდ ცდილობდა არბიტრაჟის გზით საკითხის განხილვას, რაც გათვალისწინებული იყო თავდაპირველი კონტრაქტით. შეთავაზებას არ გამოეხმაურა სასტუმროს შესყიდვის მსურველი კომპანია, შემდგომში არც VI2. აღნიშნული დავა გასაჩივრებულია საქართველოს სააპელაციო სასამართლოში, სადაც „რაკია“ იმედოვნებს სიმართლის დამტკიცებას.
ამჟამად „რაკია“ ახორციელებს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი“-ს რენოვაციას, რომლის ბიუჯეტიც შეადგენს რამდენიმე ათეულ მილიონ აშშ დოლარს. ეს უმნიშვნელო სარჩელი ვერ შეაფერხებს როგორც სასტუმროს რემონტს, ისე კომპანიის სხვა მრავალ საქმიანობას საქართველოში. კომპანია იმედოვნებს, რომ სასამართლო დროულად მიიღებს გადაწყვეტილებას მიმდინარე დავასთან დაკავშირებით და მოუთმენლად ელის, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასის“ გახსნას 2017 წლის დასაწყისში“, - აცხადებენ კომპანიაში.