„პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში“

„პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაში“

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინება და ჯგუფური დანაშაული 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პირს, რომელსაც ფიზიკური დაზიანება არ მიუღია, გათვალისწინებული იქნება ჯარიმა ან, ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა - ასეთია კანონპროექტი, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა.

ცვლილებების თანახმად, „სისხლის სამართლის კოდექსს“ დაემატება ახალი მუხლი, რომელიც სისხლის სამართლებრივი წესით დასჯადს გახდის ძალადობას, ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასაარჩევნო აგიტაციის ან კამპანიის ადგილას, ან მათ მიმდებარედ. ცვლილების პროექტს საქართველოს მთავრობა 27 მაისის სხდომაზე განიხილავს.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, პრემიერის დავალების შესაბამისად, იუსტიციის სამინისტროს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა არაერთი ევროპული ქვეყნის გამოცდილება შეისწავლა და ჩვენ სხვადასხვა უწყებებთან, მთავარ პროკურტურასთან კონსულტაციის შედეგად ჩამოვყალიბდით პოზიციაზე, რომ სისხლის სამართლის კოდექსში დაემატოს ახალი მუხლი.

„ეს მუხლი სისხლის სამართლის წესით დასჯადს გახდის ძალადობას ან ძალადობის მუქარას საარჩევნო უბანზე, წინასწარი საარჩევნო კამპანიის, აგიტაციის ადგილას ან თუნდაც მათ მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს მუხლი იქნება სხვადასხვა ნაწილისგან შემდგარი, თუკი საქმე გვაქვს ჯგუფურად ჩადენილ ქმედებასთან, აქ შეიძლება, ჩვენი შეთავაზებით, სანქცია ოთხ წლამდე პატიმრობაზეც კი გავიდეს, ხოლო შედარებით მსუბუქ შემთხვევებში, შეიძლება იყოს ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.

პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციების გამკაცრების ინიციატივა პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რასთან დაკავშირებული კანონპროექტის მომზადების დავალებაც მან იუსტიციის მინისტრს მისცა.

„ის რაც მოხდა სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს. ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შსს-გან ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლინდება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს. ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე.

ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო“, - ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

პრემიერის ინიციატივას მხრას უჭერს, თუმცა თვლის, რომ უკეთესია კანონში ცვლილებების შეტანა უფრო ფართო დისკუსიით ხდებოდეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ამ ახალ იდეას სწრაფ რეჟიმში განიხილავენ.

„კანონის გამკაცრება სანქციის შეცვლის კუთხით, არის ერთ-ერთი პრევენცია, მაგრამ რა თქმა უნდა არასაკმარისი. ჩვენ ამ ახალ იდეას სწრაფ რეჟიმში განვიხილავთ. ზოგადად ცვლილებები კანონში უკეთესია, რომ უფრო ფართო დისკუსიით ხდებოდეს, მაგრამ რადგან მოცემულობა არის ისეთი, რომ წინასაარჩევნოდ ჩვენ გვჭირდება კიდევ დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებები, ამისთვისაც მზად ვართ. გარდა ამ საკანონმდებლო ცვლილებებისა, შეგვიძლია ვისაუბროთ კიდევ სხვა დამატებით პრევენციულ ღონისძიებებზე, რომ მსგავსი პროვოკაციები ავიცილოთ თავიდან“, - აცხადებს ეკა ბესელია.

პრემიერის ინიციატივას საკითხის გვერდზე გატანისა და თავის მართლების მცდელობად აფასებს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე, რომლის განცხადებით, კანონის ზომების გამკაცრებამდე, არსებული სანქციებით და სასჯელით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც კორცხელში ძალადობა განახორციელა.

„კი ბატონო, სასჯელი უნდა გამკაცრდეს, მაგრამ დღევანდელი სანქციით უნდა დაისაჯნონ ის ადამიანები, ვინც სისასტიკე ჩაიდინა. იმ პირობებში, როდესაც ეს არ ხდება და, როდესაც არც ერთი მათგანი არ არის დაკავებული, სასჯელის გამკაცრებაზე საუბარი არის საკითხის გვერდზე გადატანა და თავის მართლების მცდელობა.

კორცხელის ინციდენტის შემდეგ სამი დღე გავიდა და არც ერთი ის ადამიანი, ვინც იდენტიფიცირებულია, ვისი სახელიც გვარიც ყველამ იცის და ვინც ყველამ დაინახა, არ არის დაკავებული და დაკითხვაზე დაბარებულიც კი. ასეთ პირობებში საუბარი იმაზე, რომ თურმე პარლამენტმა კანონი უნდა შეცვალოს და სასჯელი გამკაცრდეს, სრულიად არაადეკვატურია“, - აცხადებს დავით ბაქრაძე.

საიას თავმჯდომარე კი თვლის, რომ პრობლემა არა მსუბუქ და ცუდ კანონებშია, არამედ მათ აღუსრულებლობაშია. მათივე გამარტებით, სისხლის სამართლის კოდექსში არის შესაბამისი მუხლები, რომელთა გამოყენების საფუძველზე შესაძლებელია მსგავსი ტიპის მოქმედებისთვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა, დამნაშავეების დასჯა და შემდგომი პრევენცია.

ანა ნაცვლიშვილის განცხდებით, თუ კანონების პრაქტიკაში აღსრულება არ მოხდა, არანაირ კანონს აზრი არ ექნება.

„თუ ჩვენი სამართალდამცველები და სასამართლოები შეასრულებენ იმ კანონმდებლობას, რომელიც დღეის მდგომარეობით არსებობს საქართველოში, შესაძლებელია ამ ტიპის ინციდენტებზე დროული რეაგირება, დამნაშავეების გასამართლება და შემდგომი პრევენცია“, - განმარტავს ანა ნაცვლიშვილი.

სამართლის ექსერტი ლევან ალაფიშვილი ამბობს, რომ პრობლემა მხოლოდ კანონში არ არის. პრობლემას წარმოაჩენს ერთის მხრივ არჩევნები და მეორეს მხრივ კანონისადმი ხელისუფლებების არაჯანსაღი დამოკიდებულება. როგორც ალაფიშვილი აცხადებს, გამოსავალი არა თუ კანონის გამკაცრებაა, არამდე პრევენცია.

„მნიშვნელოვანია გავითვალისწონოთ, რომ მიუხედავად ამ მუხლის არსებობისა, თვითონ ამ მუხლს ხელი არ შეუშლია არც ერთი პოლიტიკური სუბიექტისთვის, რომ საარჩევნო პერიოდი ცემა-ტყეპით არ ყოფილიყო „გაფორმებული“. ყოველთვის ამ ძალადობაში წამყვანი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი აქტივისტები მონაწილეობენ.

სწორედ ეს წარმოაჩენს პრობლემის კომპლექსურობას. მხოლოდ კანონის და სანქციის გამკაცრება სულაც არ ნიშნავს ეფექტურობის გაზრდას და პრევენციას. პრობლემა უფრო კომპლექსურია, რომელიც კანონის გარდა საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაში და პასუხისმგებლობის გაცნობიერებაში მდგომარებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მათთვის ძალაუფლების ბერკეტების ექსკლუზივის გადაცემა, არ ნიშნავს, რომ ისინი თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან. როგორც ალაფიშვილი აცხადებს, როგორიც არ უნდა იყოს წინასაარჩევნო პერიოდი, პასუხისმგებელი არის მმართველი ძალა.

„არსებობს მუხლი, რომელიც ძალადობისთვის სჯის კონკრეტულ ქმედებას, მაგრამ თუკი მმართველი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერმა ჩაიდინა ძალადობა, არ აღძრეს საქმე, ან დააყოვნეს გამოძიება, რისი სამწუხარო გამოცდილება გვქონდა წინა პერიოდში, ამ შემთხვევაში ვისი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, არის კი გაწერილი? როდესაც სასჯელის გამკაცრებაზე ვსჯელობთ, უნდა განისაზღვროს კონკრეტული პასუხისმგებლობის დონე“, - ამბობს ლევან ალაფიშვილი.

ექსპერტი გია ხუხაშვილი თვლის, რომ პრემიერის ინიციატივა არადამაჯერებელია, რომელიც გარკვეულწილად ვითარების ესკალაციას და პოლიტიკური შერბილების ამოცანას ატარებს, ვიდრე რეალურად პრობლემის გადაწყვეტას. მისივე თქმით, საქართველოს უახლესი ისტორია აჩევენებს, რომ ზონდერის ინსტიტუტს ძირითადად ხელისუფლება იყენებს.

„ოპოზიციას კარგად ესმის, რომ მათი მხრიდან თუნდაც ძალიან მცირე დანაშაულიც კი შეიძლება მკაცრად იყოს დასჯილი. მიშა სააკაშვილის დროს გვახსოვს, როდესაც ბავშვები ნახევრად ხუმრობით მაცივარს შეპირდნენ ვიღაცას და ციხე მიუსაჯეს. ვფიქრობ, რომ კანონის გამკაცრება არ არის სწორი გზა. პირველ რიგში საჭიროა ხელისუფლების პოლიტიკური ნება და ნორმალური ადმინისტრირება სამართალდამცავი ორგანოს მხრიდან.

არ ვთვლი, რომ სწორი იყოს მხოლოდ სეზონური დასჯა. კარგი იქნება პრემიერმა პირველ რიგში შიდა სამზარეულოს მოხედოს. არა მგონია საქართველოში იყოს ადამიანი, რომელსაც არ ესმოდეს ამ შემთხვევის ანატომია, რაც პირველ რიგში ხელისუფლებას აზიანებს. ჯობია ის უგუნურები გააჩერონ, რომლებმაც ნაციონალებისგან მინდობილობით გადმოიბარეს ძალადობა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.