„ოცნების“ „გაკვეთილი“ და ნაციონალების გათვლა - „ორ ოლქში განცდილი მარცხი პრევენციაა იმის, რომ მსგავსი რაღაც 8 ოქტომბერს თავიდან ავიცილოთ“

„ოცნების“ „გაკვეთილი“ და ნაციონალების გათვლა - „ორ ოლქში განცდილი მარცხი პრევენციაა იმის, რომ მსგავსი რაღაც 8 ოქტომბერს თავიდან ავიცილოთ“

ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანი დახურულია, ხმები დათვლილია და გამარჯვებული გამოვლენილია, თუმცა, პოლიტიკოსები ფიზიკური დაპირისპირების მიზეზებს ასახელებენ, ერთმანეთის მიმართ ბრალდებებს აჟღერებენ და წარსულის თუ მომავლის გაკვეთილებზე აპელირებენ.

„ქართული ოცნების“ ნაწილი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების ცემის ფაქტს გმობს, მეორე ნაწილი მათი მხრიდან დაგეგმილ და განხორციელებულ პროვოკაციაზე აქცენტირებს, კოალიციის სხვა სუბიექტები - რესპუბლიკელები და კონსერვატორები კი, ხელისუფლების პასუხისმგებლობასა და „ბრიყვულ გადაწყვეტილებაზე“ საუბრობენ.

რესპუბლიკელი ლევან ბერძენიშვილი პოლიტიკოსების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტს ემიჯნება და ფიქრობს, რომ რაც გუშინ მოხდა, გულისამრევია.

for.ge-სთან საუბარში კანონმდებელი ამბობს, რომ ეს დანაშაული თავიდან ბოლომდე გამოძიებული უნდა იქნეს, უშუალო შემსრულებლები უნდა დაისაჯონ და ის პირები უნდა გამოიკვეთონ, რომელთაც ხალხი ადგილზე ჩაიყვანეს და მათ ორგანიზება გაუკეთეს.

„ეს ყველაფერი გულისმარევია. ვიღაცას ჰგონია, რომ ჩვენ გაგვიხარდება, თუ ნაციონალებს სცემენ. ჩვენ შეიძლება ის გაგვხარებოდა, რომ ნაციონალებს არჩევნები წაეგოთ, თუმცა ნაციონალებმა არჩევნები მოიგეს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ მოძალადეებს სახელი და დიდება გაუზარდეს, ამაში არ შეცდა“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატი „ქართული ოცნების“ ლიდერების კახი კალაძისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ვინც ცინიკურ განცხადებებს აკეთებდა, მან უნდა იცოდეს, რომ სპორტში არის ტერმინი - „პატიოსანი თამაში“, რის გამოც სპორსტემენების გამოყენება ძალადობისთვის ამაზრზენი დანაშაულია. კანონმდებელი მიიჩნევს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების ფონზე არჩევნების ჩატარებას სიკეთე არავისთვის არასოდეს არ მოუტანია.

„ეს მარტო სპორტსმენის დანაშაული კი არ არის, არამედ იმის, ვინც ამას აკეთებს. ეს გადაწყვეტილება ბრიყვული იყო, ხოლო განცხადებები ცინიკური და იმედია, ეს ტონი შეიცვლება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკვე, მერამდენედ, შეფასებას აგვიანებს. არცერთი მოძალადე დაკავებული არ არის, შესაბამისად, განცდა რჩება, რომ ვიღაცას ჰგონია, რომ ეს ასე დარჩება“, - ამბობს დეპუტატი.

ბერძენიშვილი ქართულ რეალობაში „ზონდერების“ ისევ გააქტიურებას ეხმაურება, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა - „ოცნება“ რატომ აგრძელებს ნაციონალების მიერ დამკვიდრებულ მანკიერ ტრადიციას, რასაც „ზონდერების“ გამოყენება ჰქვია?“.

კანონმდებელი ფიქრობს, რომ ამ შეცდომას „ოცნებაში“ ვერ ხვდებიან, ვინაიდან, პოლიტიკაში შემთხვევითი ხალხია მოხვედრილი.

ბერძენიშვილი ირაკლი კობახიძეს კრიტიკის ქარ-ცეცხლში ატარებს და ამბობს, რომ ის არა მხოლოდ არაკვალიფიციურია, არამედ უსინდისო ახალგაზრდაა, რომელიც საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრის.

„პოლიტიკაში დანიშვნითი ხალხი არ უნდა იყოს, ანუ, ისეთი როგორიც კობახიძეა. ის რომ რაიმეს გაგიკეთებს, ეს ზღაპარია. ჩემი პარტია 38 წლის გახდა და 38 წელია ხალხი იზრდება და სხვა პარტიაში სხვისი პარტიიდან ნათხოვარი ახალგაზრდა, გამოუცდელი კადრია, რომელიც უცებ, მთელ ქვეყანას ჭკუას ასწავლის, თავის თავს ექსპერტად მოიაზრებს და ვახტანგ ხმალაძეს კონსტიტუციის ცოდნას უწუნებს. „ოცნება“ ასეთი ხალხით შორს ვერ წავა. გუშინ მისი განცხადებები პირდაპირ მიუთითებდა, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ არაკვალიფიციურ ადამიანთან, არამედ უსინდისო ახალგაზრდა კაცთან, რომელიც თვალში ნაცარს გვაყრის. მელიას 20 კაცი სცემდა, როგორ შეიძლება ერთ კაცს ოცი კაცი სცემდეს? თავი არჩევნებს და სხვა ფაქტორებს გავანებოთ, ვინ კარგია და ვინ ცუდი“, - აცხადებს ბერძენიშვილი.

დეპუტატი კორცხელის ინციდენტს ვიზალიბერალიზაციისა და ნატოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად მიიჩნევს.

„რა მეჭიაური და რა გუშინდელი განცხადებები? - მსოფლიოში იტყვიან, რომ ქართველები არა მარტო სტალინის მომხრეები, არამედ თანამედროვე მოძალადეები ყოფილანო. ვინ რას აპირებს, არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ეს მთელი „ქართული ოცნების“ საქციელი იყოს. „ოცნებას“ შანსი აქვს, ეს მოინანიოს და ეს ხალხი მოკვეთოს. რაც მთავარია, არავის არ დაავიწყდეს, რომ ეს უბანი სამარცხვინოდ წააგეს“, - დასძენს დეპუტატი.

კონსერვატორი ზვიად ძიძიგური კორცხელის ინციდენტს გმობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე აპელირებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რაც მოხდა, არანორმალური იყო.

ვიცე-სპიკერის შეფასებით, როდესაც ისეთი ოპოზიცია გყავს, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდეს, ასეთ დროს ხელისუფლება გაცილებით უფრო ყურადღებით და უფრო მობილიზებული უნდა იყოს.

ძიძიგური ფიქრობს, რომ კორცხელის მოვლენები მომავალი დიდი არჩევნების წინ კარგი გაკვეთილი იქნება.

„მობილიზაცია ჩატარებული უნდა იყოს. ყველაზე მეტად ვისაც საარჩევნო უბნებზე არეულობა არ აწყობს, ხელისუფლებაა. პასუხისმგებელი ვართ, რომ არჩევნები მშვიდად ჩავატაროთ. მსგავსი რაღაცეები არ უნდა იყოს. პარტიის გულშემატკივარს და მხარდამჭერს უფლება აქვს, რომ საარჩევნო პროცესში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ქვების სროლითა და ჯოხების დარტყმით ჩატარებული არჩევნები წარსულს უნდა ჩავაბაროთ. ამიტომ გაცილებით მეტი ყურადღება გვმართებს. ჩვენი ოპონენტები არანაირ პროვოკაციას არ ერიდებიან და არც მოერიდებიან“, - ამბობს ძიძიგური.

თუ რა ესაქმებოდათ სპორტსმენებს კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე, ამ საკითხით for.ge დაინტერესდა. უმრავლესობის ნაწილი სპორტსმენების მობილიზაციას „ოცნებისადმი“ მათი კეთილგანწყობით ხსნის, მეორე ნაწილი უარყოფს, რომ ადგილზე ცნობილი და მოქმედი სპორტსმენები იყვნენ.

სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შოთა ხაბარელი for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ქართველი სპორტსმენების დისკრედიტაციის მცდელობა მიმდინარეობს. დეპუტატი ირწმუნება, რომ კორცხელში არცერთი ცნობილი სპორტსმენი არ იყო.

ხაბარელის შეფასების პროპორციულად, for.ge დაინტერესდა, არის თუ არა ვლადიმერ გეგეშიძე ცნობილი სპორტსმენი, რომელიც ლონდონის ოლიმპიადის მონაწილე იყო?

კანონმდებელი გვპასუხობს, რომ გეგეშიძე მოქმედი სპორტსმენი არ არის.

„საქართველოში არცერთი ადამიანი არ მეგულება, რომელსაც სპორტის რომელიმე სახეობაში მონაწილეობა არ მიუღია. ქართულ სპორტს ჩრდილს ნუ აყენებენ, რადგან ის პოლიტიკისგან გამიჯნული და აპოლიტიკურია. ეს დიდი დისკრედიტაცია იქნება სპორტის“, - ამბობს ხაბარელი, რომელსაც for.ge-მ კითხვით მიმართა, ხელისუფლება ძალადობის წახალისებას ხომ არ ახდენს, როცა მსგავს ფაქტებს დაგმობის ნაცვლად, გამართლებას უძებნის?

ხაბარელი აცხადებს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ასეთ საქციელს არ ახალისებენ.

„ამ ფაქტებს მკაცრად ვემიჯნები და რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ აკეთებდა, ამას ვემიჯნებით და ამას არავინ არ ახალისებს. ზონდერების არსებობას ვერ ვამჩნევ. მაშინ, ჩამოყალიბებული სისტემა იყო და მაშინ ადამიანები იყვნენ, ვინც ამ ჯგუფებს ხელმძღვანელობდნენ“, - დასძენს ხაბარელი.

თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი მომხდარში დამნაშავედ ნაციონალებს ასახელებს და for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ეს პირველი შემთხვევაა, ნაციონალები კი, მაშინდელ ოპოზიციონერებს პერმანენტულად ამ რეჟიმში ამყოფებდნენ.

მისი თქმით, „ოცნება“ საარჩევნო უბნებზე მომხრეების მობილიზაციას რომ ახდენს, ეს ჩვეულებრივი ამბავია, რადგან როცა ზუგდიდში, საარჩევნო უბანზე მოქალაქე მიდის და ზუგდიდელ ზონდერებს ხედავს, რომლებიც მათზე ზეგავლენას ახდენდნენ, ეს პირდაპირ თუ არაპირდაპირ ამ ადამიანების დაშინებაა.

„ნებისმიერი ძალადობა მიუღებელია, რომელიც სხვის პოზიციებს აძლიერებს, თუმცა, კადრებს თავიდან ბოლომდე რომ ვუყურე, აშკარაა, რომ ეს ნაციონალების მხრიდან პროვოცირებული იყო. ყველას იმის განცდა უნდა ჰქონდეს, რომ მის არჩევანში არავინ არ ჩაერევა. ჩვენი მხარდამჭერები იქ იდგნენ და ნაციონალები პროვოკაციაზე თვად წავიდნენ. მისვლა, გასაუბრება, არაეთიკური მიმართვა და შეუარცხყოფა პროვოკაციაა და ამას არავინ არ აიტანდა. ნაციონალების ამოცანა რა იყო? - სადაც ლიდერები იყვნენ, იქ თუ რაიმე პროვოკაცია მოხდებოდა, ეს ნაციონალებისთვის საფუძველი გახდებოდა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში დაიჩივლონ და არჩევნების კითხვის ნიშნები დააყენონ. ეს სხვა უბანზე რატომ არ მოხდა? - ლიდერები თავმოყრილი იყვნენ, რომ პროვოკაცია გამოეწვიათ“, - აცხადებს სესიაშვილი.

კანონმდებელი კორცხელის 53-ე ოლქში ნაციონალებთან დამარცხებაში ტრაგედიას ვერ ხედავს და ამბობს, რომ როგორც ჩანს, საზოგადოებას გათვიცნობიერებული კიდევ არ აქვს, როგორი ტერორისტული ორგანიზაცია მართავდა ქვეყანას.

„ეს იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობასთან მეტი ურთიერთობა გვჭირდება. ამ ორ ოლქში მარცხი პრევენციაა იმის, რომ მსგავსი რაღაც 8 ოქტომბერს თავიდან ავიცილოთ. ეს არჩევნები რომ არ წაგვეგო, ისეთი მოტივირებულები არ ვიქნებით, როგორც საჭიროა. თუ საზოგადოებას უნდა, რომ ძალადობა დაბრუნდეს, ამასაც პასუხი უნდა გავცეთ“, - დასძენს სესიაშვილი.

თანაგუნდელების მსგავსად, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ნუკრი ქანთარია კორცხელის ინციდენტს ნაციონალების პროვოკაციას უკავშირებს, თუმცა, ამავდროულად, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობს. როგორც for.ge-ს ქანთარიამ განუცხადა, ხელისუფლების მიზანი არა მხოლოდ არჩევნების მოგებაა, არამედ სამართლიან პირობებში ჩატარება. მისი მოსაზრებით, არჩევნები სამართლიანად რომ ჩატარდა, ამაზე არჩევნებში ათი ხმით წაგებაც მეტყველებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, არჩევნების ათი ხმით გაყალბებას ხელისუფლება როგორმე მოახერხებდა.

„სამართლიან არჩევნებს ვატარებთ. სამწუხაროა, რომ ამ პროვოკაციას ვერ ავცდით. ნაციონალების დღის წესრიგშია შეტანილი, რომ როგორმე ალიაქოთის ფონი შექმნან, შემდეგ მტრედები აქეთ-იქეთ გაგზავნონ, რომ საქმე ასეა და 2016 წელს ამას აპირებენ. მაქსიმალური სიფრთხილე გვამართებს. მოქნეულ მუშტებს ხმები არ მოაქვს და პირიქით დამაზიანებელია. როგორც ჩანს, პროვოკაციის მოწყობაში ოსტატები არიან, მოსიარულე პროვოკატორები არიან. ხალხს აღელვება მარტო ბოკერიას სახის დანახვაზე აქვს. კორცხელისთვის იყო გაკეთებული ეს ამბავი“, - დასძენს ქანთარია, რომლის მსგავსად, მომხდარს გმობს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

for.ge-სთან საუბარში კახიანი აღნიშნავს, რომ ორი აზრი არ არსებობს - ასეთი ფაქტები დასაგმობია. დეპუტატი თვლის, რომ მომხდარის მიუხედავად, უბნებზე არჩევნები კარგად ჩატარდა და ამას დამკვირველებიც აღნიშნავენ, თუმცა, კორცხელის ინციდენტმა ის პოზიტივი გადაფარა, რაც არჩევნების კარგად ჩატარებას გულისხმობდა.

„ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ასეთი ინციდენტები არ მოხდეს. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გამოჩნდნენ. სამწუხაროდ, თვითმხილველები არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ეს პროვოცირებული იყო. ინფორმაცია არსებობდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, ასეთი ფორმით პროვოკაციების მოწყობას. ხელისუფლებას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს ინციდენტები თავიდან აეცილებინა. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოხერხდა. იმედია, ეს მორიგი არჩევნებისთვის გარკვეული მაგალითი იქნება და მომდევნო არჩევნებზე ყველა ზომა იქნება მიღებული, რომ ასეთი ფაქტები არ მოხდეს“, - აცხადებს კახიანი.

რაც შეეხება ნაციონალების განწყობას, სერგო რატიანი ფიქრობს, რომ „ოცნების“ ტიპიური აზრთა წყობაა, როდესაც დაზარალებულია დამნაშავე.

კანონმდებელის თქმით, „ოცნება“ რუსების ნაცვლად, საქართველოს მთავრობას 2008 წლის ომის დაწყებაშიც ადანაშაულებდა.

„კომუნისტებისა და ნაცისტების მენტალობაა, იმის ნაცვლად, რომ დამნაშავის მიერ ჩადენილი საქმეები ადეკვატურად შეაფასონ, იმას ადანაშაულებენ, ვისზეც ძალადობაა განხორციელებული“, - განუცხადა for.ge-ს რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ინციდენტის შედეგად არავინ დაუკავებიათ, თუმცა, კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებს, თვითმხილველებსა და მედიის წარმომადგენლებს ზუგდიდის პოლიცია კითხავს.