„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, ირინა ფრუიძე ყველგან და ყველაფერში გუნდური პრინციპის მომხრეა. თვლის, რომ დავით კოღუაშვილის განცხადების გაბუქება მოხდა ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან და ამბობს, რომ მოსახლეობისთვის ბევრად მნიშვნელოვანია თუ რას სთავაზობენ მოსახლეობას კონკრეტულად პოლიტიკური ძალები როგორც სოციალურ ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით.
for.ge ირინა ფრუიძეს ესაუბრა.
თქვენ, როგორც „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალ წევრს, პოლიტიკურად რამდენად სწორად მიგაჩნიათ დავით კოღუაშვილის განცხადებები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში?
ირინა ფრუიძე: ალბათ, სჯობს, რომ თავად დავით კოღუაშვილს სთხოვოთ დაზუსტება, მაგრამ რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ვთვლი, რომ სასამართლომ წინა ხელისუფლების პირობებში დანაშაულის ჩამდენი პირები გაასამართლა და განაჩენი გამოუტანა. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ სახელმწიფოს და ასეთ სახელმწიფოში დაუშველებელია სასამართლოს გადაწყვეტილებების პოლიტიკური მოტივებით რევიზირება. არ მგონია, რომ ეს თემა უნდა იყოს პოლიტიკური განხილვის საკითხი. არსებობს სასამართლო ინსტანციები და მათ უნდა მივანდოთ საბოლოო განაჩენი.
გასაგებია, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ კოღუაშვილის განცხადებამ შესაძლოა „ქართულ ოცნებას“ ამომრჩეველი დააკარგვინოს?
- ძალიან დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, არ მგონია ასე იყოს. ვფიქრობ, ეს თემა ცოტა გაბუქებულია ზოგიერთი პოლიტიკური ძალის მხრიდან. არ მგონია, რომ ეს მნიშვნელოვანი თემა იყოს. ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის ბევრად მნიშვნელოვანია თუ რას სთავაზობენ კონკრეტულად პოლიტიკური ძალები როგორც სოციალურ ეკონომიკური განვითარების კუთხით, ასევე ევროინტეგრაციისა და დემოკრატიული ინსტიტუტების კიდევ უფრო გაძლიერების თვალსაზრისით.
თუმცა, პრემიერი ამბობს, რომ მეტი დაფიქრება მართებს დავით კოღუაშვილს, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს. თქვენ თუ ეთანხმებით პრემიერის განცხადებას? ფაქტია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღესაც ითხოვს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს დარღვეული უფლებების აღდგენას...
- რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო ძალიან სერიოზული დარღვევები, ფაქტობრივად იყო ინდივიდებისა და ბიზნესმენების ტერორი, ამაზე რეაგირება დღევანდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივ ფარგლებში მოახდინა. როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ და თითოეულ დანაშაულზე სამართლებრივი რეაგირება ხდება და მომავალშიც ასე გაგრძელდება. თუ ამ ხელისუფლების პირობებში იქნება დანაშაული ჩადენილი, მასზეც იქნება სამართლებრივი რეაგირება.
როდესაც თქვენი კანდიდატურა წარადგინეს, პრემიერმა ყურადღება თქვენს ევროპულ გამოცდილებაზე გაამახვილა. რა არის თქვენი გუნდის ახალი პრიორიტეტი და ის ძირითადი მიმართულება?
- ჩვენი განცხადებებიდან ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ სრულად იზიარებს საქართველოს მოსახლეობის საგარეო პოლიტიკურ არჩევანს, რაც არის ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაცია.
როდესაც თქვენ პოლიტიკურ გუნდს საყვედურობენ, რომ პრორუსული ძალაა, როგორ ფიქრობთ, ახალ გუნდს არ გაგიჭირდებათ საზოგადოების ამ ნაწილისთვის ახსნა იმისა, რომ საქართველოს საგარეო კურსი არის პროდასავლური?
- „ახალ გუნდს“ - ასე ნუ გამოვყობთ. ახალი პოლიტსაბჭო სრული შემადგენლობით აერთიანებს ისეთ კვალიფიციურ ადამიანების, რომლებსაც არ გაუჭირდებათ, რომ საზოგადოებასთან სწორად მოახდინონ თავიანთი კურსის კომუნიკაცია.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პრობლემას წარმოადგენს ის, რომ პარტია არ არის ჩამოყალიბებული და, რომ არ გააჩნია ერთიანი სტრატეგია. ქალბატონო ირინა, იზიარებთ ამ პოზიციას, არსებობს ერთიანი სტრატეგიის ჩამოუყალიბლებლობის პრობლემა?
- რამდენიმე დღეა, რაც ამ გუნდს შემოვუერთდი და შესაბამისად ვერ შევაფასებ მის შიდა პოლიტიკას. იმედი მაქვს, რომ მომავალში მომეცემა შესაძლებლობა დაზუსტებული კომენტარი გავაკეთო. დემოკრატია ვახსენე, დემოკრატია როგორც ქვეყანაში, ისევე პარტიაშიც მნიშვნელოვანია. მსგავსი შენიშვნები სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ პარტია არის დემოკრატიული და ყველა ადამიანს აქვს იმის საშუალება, რომ გამოთქვას საკუთარი აზრი.
თქვენ რა მიმართულებას ხელმძღვანელობთ პარტიის პოლიტსაბჭოში?
- სადაც ჩემი ჩართულობა იქნება უფრო ეფექტური, იქ ვიქნები. ამ მომენტში კონკრეტულად არ არის განსაზღვრული, მაგრამ ჩემი წინა გამოცდილებიდან გამომდინარე არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც შემიძლია წვლილი შევიტანო და ალბათ, ეს განსაზღვრავს ჩემს მომავალ ჩართულობას. წლების განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ევროპულ ახალგაზრდულ პოლიტიკაში, ვიყავი ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტი.
პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა გადაინაცვლებთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში?
- სიაზე საუბარი ცოტა ნაადრევია, ამაზე პოლიტსაბჭო იმუშავებს ლიდერებთან და მთლიან გუნდთან ერთად. ამიტომ ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ეს გუნდმა უნდა გადაწყვიტოს. გუნდური პრინციპის მომხრე ვარ ყველგან და ყველაფერში.
რატომ გახდა თქვენი არჩევანი „ქართული ოცნება“?
- ჩემი არჩევანი ზუსტად იმან განაპირობა რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ეს არის „ქართული ოცნების“ საშინაო და საგარეო კურსი, ეს არის გუნდი, რომელიც აშენებს ჭეშმარიტად ევროპული ტიპის დემოკრატიულ სახელმწიფოს, რომლის საგარეო კურსი მიმართულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეებში ინტეგრაციისკენ. მინდა, რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ პროცესებში. რაც შეეხება ჩემს ჩართულობას პოლიტიკაში, ადრეც ვყოფილვარ პოლიტიკაში და ჩემთვის ეს არ არის პირველი ნაბიჯი. შესაბამისად, ვეცდები, რომ ის გამოცდილება, რომელიც გამაჩნია, მოვახმარო ქვეყნის წინსვლას და განვითარებას.
ახალი სახეები იქნებიან „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში?
- კიდევ ბევრი ახალი სახე იქნება პარტიაში, რითიც გავახარებთ ჩვენს საზოგადოებას.
შეგიძლიათ უთხრათ საზოგადოებას, რომ გუნდი იქნება გამოკვეთილად პროევროპული და ამ გუნდში არ იქნება პრობლემები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით?
- დარწმუნებული ვარ, რომ ეს იქნება გამოკვეთილად დასავლეთზე ორიენტირებული გუნდი.