ლარის ელვისებური გარღვევა გრძელდება

ლარის ელვისებური გარღვევა გრძელდება

ლარი მთელი კვირა არანორმალური სისწრაფით მყარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკი ყოველ დღე 20 მილიონი დოლარს აცლის ბაზარს, კურსის დაჭერას მაინც ვერ ახერხებს. ლარის ფურორი გრძელდება და ამითი ყველა კმაყოფილია - მთავრობაც და ბიზნესიც.

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ამბობს, რომ ამ მომენტისთვის მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი.

„ჩვენ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ვსაუბრობდით, რომ მაკროეკონომიკური გარემო სასიკეთოდაა შეცვლილი და რომ აუცილებლად დაიწყებოდა ლარის კურსის გამყარება. თქვენ ხედავთ, ეს ასეა. აშკარად შეცვლილია გარემო, მათ შორის, ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით და რაც მნიშვნელოვანია, დღეს ფსიქოლოგიურად აბსოლუტურად სწორი მოლოდინია ჩამოყალიბებული, რომ ლარი სტაბილური ვალუტაა“, - განაცხადა ხადურმა და დასძინა, რომ ლარი ახალი წონასწორობის წერტილისკენ მიისწრაფვის და ეროვნული ბანკი შესაბამის პოლიტიკას ახორციელებს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაცვლითი კურსი ზოგადად არის საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენის ქვეშ და ამ შემთხვევაში საგარეო ფაქტორები დადებითადაა მიმართული. ამასთან პროცესები უნდა იყოს თანდათანობითი. ხადურის თქმით, პარალელურად ეროვნული ბანკი ავსებს სავალუტო რეზერვებს.

„თქვენ იცით, რომ ეროვნული ბანკი ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად მონაწილეობს სავალუტო აუქციონებში, ერევა სავალუტო ბაზრის ფორმირებაში, მაგრამ ხედავთ, რომ ლარი ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სტაბილურად მყარდება“, - განაცხადა მინისტრმა.

მის პოზიციას იზიარებს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები მთლიანად ემთხვევა იმ მოლოდინს, რომელიც მთავრობას ჯერ კიდევ 2015 წლის ბოლოს ჰქონდა.ქუმსიშვილმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ამ დროისთვის ლარის კურსის გამყარებაზე მოქმედებს. ერთ-ერთ ასეთ ფაქტორად მინისტრმა დაასახელა ტურიზმი, რომელიც მზარდი მაჩვენებლებით გამოირჩევა, შესაბამისად, ტურიზმიდან შემოსული სავალუტო ნაკადები პირდაპირ აისახება ლარის კურსზე. გარდა ამისა, ქუმსიშვილმა ასევე დაასახელა ნავთობის ფასის სტაბილურობა და საერთაშორისო სავაჭრო ბრუნვის ზრდა, რომელიც, მისი შეფასებით, ლარის კურსზე დადებითად მოქმედებს.

ძალიან კარგი მოლოდინი აქვს ბიზნესსაც. საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია „ვისოლის“ ხელმძღვანელი სოსო ფხაკაძე ვარაუდობს, რომ ლარის კურსის გამყარება გაგრძელდება. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამას ვარაუდობს იმ მაკროეკონომიკური სურათით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში საგარეო შოკის განეიტრალების შემდეგ.

„შოკი მოხსნილია. მაკროეკონომიკური სურათით, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოში, შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ლარი კიდევ უფრო გამყარდება. ლარის კურსი არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის. სეზონური ფაქტორები, ტურისტული ნაკადები, გადმორიცხვების ზრდა, ინვესტიციების უფრო მეტი შემოსვლა, გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ლარის კურსი კი არ გაუფასურდება, არამედ კიდევ უფრო გამყარდება“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ და დასძინა, რომ ლარის კურსის გამყარება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული არ არის.

ექსპერტი დემურ გიორხელიძე კი ცოტა სკეპტიკურად უყურებს ვალუტის მკვეთრ ამპლიტუდას. მისი აზრით, ეს არ წაადგება არც ადგილობრივ წარმოებას და არც მოსახლეობას.

„ასეთი სწრაფი სიდიდით მოძრაობა, ჯერ ეცემოდა ლარის კურსი არანორმალური სისწრაფით, ახლა შემობრუნდა და გამოქანდა მეორე მიმართულებით და ყველა მხიარულებაშია, ვინც კი ზერელედ უყურებს ამ საქმეებს. რატომ უნდა გამყარდეს, როდის, როგორ შეიძლება ბიზნესმა იარსებოს ასეთი სწრაფი ცვლილებების პირობებში, როგორ უნდა გათვალო შენი საქმიანობა?! ლარი მყარდება და ფასები იზრდება, წარმოიდგინეთ რა დონის პარადოქსია. ეს ყველაფერი ადგილობრივი წარმოებისთვის სტიმულის მიმცემი არ არის, ცუდად აისახება მოქალაქეებზეც“, - ამბობს გიორხელიძე.