„დაკავებულებს აჰკიდეს ლოდი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოხსნას“

„დაკავებულებს აჰკიდეს ლოდი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოხსნას“

„თავისუფალმა დემოკრატებმა“ მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენი მთავარ პროკურატურასთან გააპროტესტეს. თავდაცვის სამინისტროს დაკავებული 5 მაღალჩინოსანის მხარდასაჭერად ქუჩაში ათასობით ადამიანი გამოვიდა. დაკავებულების მხარდასაჭერად მოქალაქეები საქართველოს არაერთი კუთხიდან იყვნენ ჩამოსულები. პროკურატურასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

აქციაზე იმყოფებოდნენ უფლებადამცველი, რომლებიც საზოგადოებას მოწოდებდნენ გაერთიანებულიყვნენ დაკავებულების მხარდასაჭერად. ერთ-ერთი ასეთი იყო დაკავებულების ადვოკატი ლევან სამუშია რომლის განცხადებით, საზოგადოების თითოეული ხმა გამძლეობაა უკანონოდ ტყვეობაში მყოფი ადამიანებისთვის.

„მოსამართლეს, თუ მას შეიძლება ეწოდოს მოსამართლე შევადარებდი 37 წლის ჯალათს შაშურკინს, რომელმაც დახვრეტის ტოლფასი განაჩენი გამოუტანა ქართველ სამხედროებს იმისათვის, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმე გააკეთეს. არ შემიძლია არ შევეხო ამ შენობაში მყოფ მოქალაქეებს და მათ ხელმძღვანელს შოთაძეს, რომელიც უსირცხვილოდ გამოდის, რომელსაც არ შეუძლია არგუმენტირებული პასუხები“, - აღნიშნა ლევან სამუშია.

სამუშიამ სიტყვით გამოსვლისას აქცენტი თეა წულუკიანზეც გააკეთა, რომელიც თავის დროზე თეთრაძის გარდაცვალებას აპროტესტება.

„მინდა მივმართო თეა წულუკიანს და ოფიცერ თეთრაძის საქმე გავიხსენო. როდესაც დასისხლიანებული თეთრაძე შეუყვანეს მოსამართლე გოგინაშვილს აღკვეთი ღონისძიების შესაფარდებლად, გოგინაშვილმა მას შეუფარდა პატიმრობა და მეორე დღეს თეთრაძე საპატიმროში გარდაიცვალა. წულუკიანი ამას ხმამაღლა აპროტესტებდა, დღეს იცით სად არის გოგინაშვილი? დღეს ის დაწინაურებულია და აპელაციაშია გადაყვანილი. ეს არის თქვენი სამართალი? ეს არის თქვენი სასამართლო?“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.

აქციაში მსჯავრდებულების ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. აქციის მონაწილეებს მიმართა ერთ-ერთი დაკავებულის გიზო ღლონტის შვილმა, ნიკა ღლონტმა და აღნიშნა, რომ დაკავებულებს აჰკიდეს ლოდი, რომელიც საქართველომ უნდა ჩამოხსნას.

„არ ვიცი როგორ უნდა იყო 16 მაისის შემდეგ ბედნიერი და ამაყი, მაგრამ დღეს ვარ ამაყი იმიტომ, რომ სრულიად საქართველო დგას ფეხზე. ჯობია მოკლა ადამიანი, ვიდრე სამშობლოს სიყვარულის გამო 7 წელი გაიტაცო და დილეგში ჩაამწყვდიო. ყველამ გაიგოს, რომ ამ ბიჭებს არავის დავაჩაგვრინებთ. ამ ბიჭებს აჰკიდეს ლოდი, რომელიც უნდა ჩამოხსნას საქართველომ. საქართველოში 16 მაისის შემდეგ არ არსებობს პოლიტიკური პარტია, აღარ არსებობენ პოლიტიკოსები. ჩვენ ვართ ყველა ერთი პარტიის წევრები“, - აღნიშნა ნიკა ღლონტმა.

აქციის მონაწილეებს მიმართეს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებმა და აღნიშნეს, რომ იწყებენ ხელმოწერების შეგროვებას და პრეზიდენტს პეტიციით მიმართავენ, ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებულები შეიწყალოს, რადგან როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ერთადერთი ინსტიტუცია და ლეგიტიმაციის მატარებელი ინსტიტუტი არის პრეზიდენტის ინსტიტუტი.

„დღეს პროკურატურასთან ვაპროტესტებთ უსამართლობას, მაგრამ სამართალს ვეძებთ პრეზიდენტის ინსტიტუტში. მივმართავ ჩვენ უდანაშაულო ბიჭებს, ძლიერად დადექით, თქვენ საქართველო არ მიგატოვებთ, სიცოცხლეს გავწირავ თქვენთან ერთად, რომ ოჯახებს დაუბრუნდნენ ეს ადამიანები. ეს არის ისტორიული დანაშაული, რომელიც ივანიშვილმა ჩაიდინა. ამის გამოსწორება ისევ ხალხს შეგვიძლია.

ვხედავ უამრავ ადამიანს, რომელიც უსამართლბამ შეაწუხა. ვიცი, რომ ყველას ეკონომიკური თუ სოციალური პრობლემა გვაქვს, მაგრამ ყველაზე მთავარი რამაც შეგვძრა იყოს ის, 5 უდანაშაულო ადამიანის ციხეში გამომწყვდევა, რომლებიც სამშობლოს ემსახურებოდნენ. ამისთვის ისინი შოთაძემ, მურუსიძემ ჩასვეს ციხეში. ახლაც იგივე რომ არ მოხდეს, უნდა შევფიცოთ ერთმანეთს, რომ არ გავუტარებთ ივანიშვილის ხელისუფლებას ამას. ეს არის ხალხის ძალა“, - მიმართა აქციის მონაწილეებს ირაკლი ალასანიამ.

„თავისუფალი დემოკრატების“ საპროტესტო აქციას მხარდაჭერა გამოუცხადეს პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა, მათ შორის პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“ წევრი მერაბ მეტრეველმა, რომელმაც for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ უამრავ ადამიანს აქვს კითხვა ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან არ არსებობს ზუსტი მოტივი, მოტივის გარეშე დანაშაულის მტკიცება შეუძლებელია. აქციაზე იმყოფებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები - დეპუტატები დავით დარჩიაშვილი და სერგო რატიანი.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ გამართულ აქციაზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს და სამართალს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს.

„მთავარი, რის გამოც უნდა გავერთიანდეთ, ეს არის ის, რომ პოლიტიკური შურისძიებით მოტივირებული საქმეები უნდა დამთავრდეს. როცა ადამიანი პოლიტიკურად არ მოგწონს არ შეიძლება მის წინააღმდეგ სასამართლოს იყენებდე. ქვეყანაში სასამართლოს ნდობა აღარ არსებობს და ეს ძალიან დიდი პრობლემაა. აქ ვარ, რადგან მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა ქვეყანაში კანონი უნდა კანონობდეს, სამართალს უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი და არ შეიძლება სამართალი გამოიყენო პოლიტიკური მიზნებისთვის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა მხარდამჭერი აქცია მთავარ პროკურატურასთან საქართველოს ჰიმნით დასრულდა. ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი საპროტესტო აქცია საქალაქო სასამართლოსთან გაიმართება.