ლარზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

ლარზე ნადირობის სეზონი გაიხსნა

ლარზე ნადირობის სეზონი გაიხსნა. ბანკები დოლარს იცილებენ, ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს, რომ ეროვნული ვალუტა წლის ბოლომდე მუდმივი გამყარების რეჟიმში იქნება. ექსპერტების თქმით, რომ არა ეროვნული ბანკის ინტერვენციები, ლარი კიდევ უფრო მეტად გამყარდებოდა.

რამდენად ზუსტ ნიშნულს მიუახლოვდა ლარი და რამდენ ხანს შეინარჩუნებს სიმყარეს? რამ იმოქმედა ყველაზე მეტად ლარის დღევანდელ ნიშნულზე - ინვესტიციებმა, ტურისტული სეზონის დადგომამ, უცხოური ფულადი გზავნილების შემოდინებამ თუ სპეკულაციური წნეხისგან გათავისუფლებამ?

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში პაატა აროშიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ლარის წონასწორობის აღდგენა საშინაო ფაქტორებს უკავშირდება, პირველ რიგში - პოლიტიკური წნეხის მოხსნას. ანუ ეროვნული ბანკის ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდგომ, ლარმა გამყარება დაიწყო და მასზე პარტიული გავლენა აღარ გავრცელდა. მეორე მთავარი მომენტი კი ის არის, რომ ძირითადად ზაფხულის განმავლობაში ვალუტა გამყარებით გამოირჩევა, რადგან ზაფხულის სეზონს ლარში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებიც ემატება.

„ბანკები იწყებენ ლარზე ნადირობას. ამას საგარეო ფაქტორებიც უწყობს ხელს. აქედან პირველია ნავთობის ფასები, რადგან ნავთობის ფასები და ამერიკული დოლარის კურსი ერთმანეთთან პრაქტიკულად მიბმულია. საერთაშორისო სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი ამერიკული დოლარის მიხედვით განისაზღვრება და ერთი ბარელის ღირებულება ამერიკულ დოლარებშია გამოხატული. როდესაც ნავთობის ფასი იკლებს და მერყეობს, ამ შემთხვევაში, ამერიკული დოლარი, გარკვეულწილად, თამაშობს. ქართული ლარი და ამერიკულ დოლარი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა, რადგან ჩვენი სარეზერვო ვალუტის უდიდეს ნაწილს შეადგენს ამერიკული დოლარი. სწორედ ამ საგარეო ფაქტორმა გამოიწვა, რომ ლარის კურსი პერმანენტულად მყარდება და ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა კიდეც, რომ წლევანდელი წლის განმავლობაში ეს კურსი თანდათანობით უფრო გამყარდება. ამას ემატება ისიც, რომ წელს საარჩევნო წელია და, შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით დღეს 2. 16 იყო.

ცხადია, ინვესტიციები, უცხოეთიდან გადმორიცხვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ლარის კურსზე. ჩვენთან ინვესტიციების ბუმი ჯერ კიდევ არ არის დაწყებული, თუმცა გასულ პერიოდთან შედარებით უფრო მეტი ინვესტიციაა შემოსული. განხორციელებული პროექტები, მხედველობაში მაქვს ავტობანის პროექტი, ზემო აჭარის ჰიდრო ელეტრო სადგურების, შემოვლითი გზების პროექტები საკმარისია იმისთვის, რომ გადმორიცხულმა ინვესტიციებმა გავლენა მოახდინოს ეროვნულ ვალუტაზე. თუმცა იმედია, უფრო მეტი რაოდენობის ინვესტიცია შემოვა“, - აცხადებს პაატა აროშიძე.

თუ რა მოხდება არჩევნების შემდგომ პერიოდში და დაეცემა თუ არა ლარი, ამასთან დაკავშირებით ექსპერტი არაფერს გამორიცხავს. თუმცა არჩევნების შემდგომ პერიოდში, თუკი დღეს არსებული ხელისუფლება ძალაუფლებას ვერ შეინარჩუნებს (რაც რთული სავარაუდოა), ან დაიწყება ხელოვნურად რყევადი პროცესები, ეს ლარს გააუფასურებს. მთლიანობაში, ლარი დაიბრუნებს მის ეკონომიკურ ნიშნულს, რადგან ლარის კურსის 1, 68 და 1.70, ეს იძულებითი კურსი იყო, რომელიც იმ დროისთვის ხორციელდებოდა. 2. 50-იც იძულებითი მაქსიმალური კურსი იყო და საქართველოს ეკონომიკას პრაქტიკულად არ შეეძლო ასეთი კურსის ატანა. ამიტომ ბუნებრივი კურსი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, მის ექსპორტის განხორციელებასა და იმპორტის შემცირებას.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის წარმომადგენელი მერაბ ჯანიაშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ წლის დასაწყისში, როდესაც ლარი 2,5-ნახევრამდე იყო გაუფასურებული, ამის არანაირი ეკონომიკური საფუძვლები არ არსებობდა, ანუ ამ დონემდე არ უნდა გაუფასურებულიყო ლარი და ეს მაშინ გამოწვეული იყო ეროვნული ბანკის არასწორი პოლიტიკით. მას შემდეგ, რაც ეროვნული ბანკის პოლიტიკა მის პრეზიდენტთან ერთად შეიცვალა, ლარმა გამყარება დაიწყო და სტაბილურ კურსს დაუბრუნდა. ამასთან ერთად, ფულადი გადმორიცხვების თუ საგარეო ვაჭრობის კუთხით მცირე გაუმჯობესება გვაქვს.

„ჩემი აზრით, არანაირი კავშირი არ აქვს ლარის კურსის გამყარებასთან არჩევნებს და ეს ეკონომიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკი თითქმის ყოველდღე ყიდულობს დოლარს, თორემ ლარი უფრო მეტად გამყარდებოდა. თუმცა ეს ყველაფერი უნდა მოხდეს ნელა და არა ნახტომისებურად. არც არჩევნების შემდეგ ველი რადიკალურ ცვლილებებს, რადგან არჩევნები ლარზე არანაირ ზეგავლენას არ მოახდენს. მთავარი ზეგავლენა იმაზე იქნება დამოკიდებული, შემოვა თუ არა ინვესტიციები და რა რაოდენობით. გაიზრდება თუ არა ტურისტების რაოდენობა და მათ მიერ შემოტანილი შემოსავლები, რამაც ბოლო წლებში იმატა და, რაც, რა თქმა უნდა, მოქმედებს ლარის გამყარებაზე.

რაც შეეხება ინვესტიციებს, პირველი კვარტლის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ წინა წელთან შედარებით შეწყდა დოლარის ქვეყნიდან გატანის პროცესი. გასულ წელს იმ ბანკებმა, რომლებიც ფილიალების სახით არის საქართველოში წარმოდგენილი, დახლოებით 800 მილიონი დოლარი გაიტანეს. სავარაუდოდ, ეს ჩვენი მეზობელი ქვეყნების ბანკებს უკავშირებოდა, რადგან იქაც სავალუტო კრიზისი იყო, განსაკუთრებით, აზერბაიჯანში. წელს კი მდგომარეობა დასტაბილურდა როგორც აზერბაიჯანში, ისე სომხეთსა და უკრაინაში და რუსეთშიც შეწყდა უცხოური ვალუტის გადინება“, - აღნიშნა მერაბ ჯანიაშვილმა.