მთავრობა უკვე, 6 თვეა მუდმივად ონლაინ-კაზინოების შეზღუდვაზე საუბრობს, მაგრამ საქმე ლაპარაკს ვერ გასცდა. ჯერჯერობით რაიმე ნაბიჯი ამ მიმართულებით არ გადადგმულა, არადა ამ საკითხის მოუგვარებლობა მთელი მოსახლეობის თავსატეხად იქცა.
როგორც ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში აცხადებენ, მთავრობის ზეპირი განცხადების შემდეგ არაფერი შეცვლილა. ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ გააჩნია შესაბამისი პოზიცია ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით, რაც დღითი დღე პრობლემა ხდება ქვეყნის მოსახლეობისათვის. ამ ეტაპზე აფბა შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს, რომელსაც პარლამენტს მალე წარუდგენს. მანამდე კი საჭიროა მასობრივი საინფორმაციო კამპანია, როგორც ეს ონლაინ სესხების შემთხვევაში მოხდა.
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში ონლაინ-კაზინოების რეგულაციის აუცილებლობაა. მისი პირადი აზრია, რომ ონლაინ-კაზინოები უნდა შეიზღუდოს.
„მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ყველანაირ კაზინოს სიამოვნებით შევზღუდავდი და ავკრძალავდი. რამდენადაც ვიცი, ონლაინ-კაზინოებთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციები კანონპროექტს ამზადებენ და პარლამენტში შესაბამის წინადადებას შემოიტანან. თუკი იქნება იურიდიულად დასაბუთებული პოზიცია, რაც ხელს არ შეუშლის და წინააღმდეგობაში არ იქნება რაიმე კანონმდებლობასთან, კონსტიტუციასთან და ა. შ. რა თქმა უნდა, დავუჭერთ მხარს“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ზურაბ ტყემალაძემ.
სანამ პარლამენტი და მთავრობა კუს ნაბიჯებით ამ პრობლემის გადაჭრამდე მივლენ, მანამდე მოსახლეობის დამოკიდებულება სათამაშო ბიზნესისადმი პიკს აღწევს. აბსოლუტური უკონტროლობის პირობებში მდგომარეობა უკვე საგანგაშო გახდა.
ამ რამდენიმე ხნის წინ არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი კანონი თავისუფლება“ სპეციალური კვლევა წარმოადგინა, სადაც ჩანს რომ 100 გამოკითხული არასრულწლოვანიდან 67 ახალგაზრდა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების მომხმარებელია.
„კვლევის შედეგად გამოიკითხა ასამდე არასრულწლოვანი. 67-მა კითხვაზე „ხართ თუ არა ონლაინ და ოფლაინ კაზინოების მომხმარებელი“ დადებითი პასუხი გასცა. აღნიშნულიდან 49 იყო ონლაინ კაზინოების მომხმარებელი, მათ შორის, იყვნენ არასრულწლოვანი გოგონებიც. ამ ახალგაზრდების მიჭაჯვულობა ონლაინ თამაშებზე ძალიან ცუდის მანიშნებელია.
პირველ ეტაპზე ჩვენი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ 2009 წელს კანონში შეტანილი ცვლილებები უნდა გაუქმდეს, რომლითაც მათ მოეხსნათ ვალდებულება გადაემოწმებინათ მის დაწესებულებაში შესული ახალგაზრდა ნამდვილად იყო თუ არა სრულწლოვანი. ეს რეგულაცია მოიხსნა და კანონში ჩაიწერა „თუ არსებობს გონივრული ვარაუდის საფუძველი“, ანუ თუ არასრულწლოვანი გარეგნობით არის მის ასაკთან შედარებით უფროსი, კაზინო ვალდებულებას იხნის გადაამოწმოს ეს ახალგაზრდა“, - განაცხადა გიორგი მღვდელაძემ.
ორგანიზაცია მხარს უჭერს სამთავრობო ინიციატივას და მზადაა ჩაერთოს ამ საკითხის რეგულირების პროცესში, თუმცა პრიორიტეტად საკანონმდებლო ცვლილების გაუქმებას მიიჩნევს.
„მივესალმებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, მაგრამ მიგვაჩნია, რომ პირველ ეტაპზე ის ცვლილება, რომელიც 2009 წელს შევიდა კანონში უნდა დაუბრუნდეს ძველ რედაქციას, ანუ დაეკისროთ კაზინოს მეპატრონეებს გადაამოწმონ ყველა პიროვნება ვინც ამ დაწესებულებაში ხვდება“, - აღნიშნა გიორგი მღვდელაძემ.