ბანკებს დეპოზიტების დაზღვევა ჭკუაში არ უჯდებათ

ბანკებს დეპოზიტების დაზღვევა ჭკუაში არ უჯდებათ

დეპოზიტების დაზღვევა ყველა ბანკისთვის სავალდებულო იქნება. შესაბამისი კანონი ძალაში 2018 წლიდან შევა. კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს ეს იდეა მაინცდამაინც არ მოსწონთ და პროცესის გადავადებას ითხოვენ, რასაც ეწინააღმდეგებიან როგორც მსოფლიო ბანკის წარმომდაგენლები, ასევე საქართველოს მთავრობაც.

ფინანსთა მინისტრის მოადგილის დავით ლეჟავას ინფორმაციით, შეიქმნება დამოუკიდებელი ფონდი, რომელსაც ეყოლება საკუთარი მმართველი ან ის შესაძლოა, მართვაში სხვა ორგანიზაციას გადაეცეს, მათ შორის, ეროვნულ ბანკს. როგორც ლეჟავამ განმარტა თავდაპირველად ფონდის მოცულობა 20 მილიონი ლარი იქნება.

„დაზღვეული დეპოზიტების დაახლოებით 20 პროცენტი გროვდება ხოლმე ფონდში, თუ მოთხოვნა მეტი იქნება მაშინ სახელმწიფო ბიუჯეტი გამოყოფს თანხებს, რათა დეპოზიტარები დაკამყოფილდნენ. სამომავლოდ ბანკს თუ შეექმნება პრობლემა, ეს არ უნდა გადაიზარდოს პანიკაში და არ გადაეცეს სხვა ბანკებს“, - განაცხადა ლეჟავამ.

კომერციული ბანკებს კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ. ლეჟავა განმარტავს, რომ შენიშვნები უმეტესად კანონპროექტის მუხლების დაზუსტებას ითვალისწინებს, თუმცა თავად ბანკირთა კომენტარებიდან ირკვევა, რომ ასე იოლად არ უყურებენ საკითხს.

„საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია აცხადებს, რომ დეპოზიტების დაზღვევის მიმართულებით ბევრად მეტი სამუშაოა ჩასატარებელი. საჭიროა ახსნა და მაგალითად 5 000 ლარის დეპოზიტების დაზღვევის ეფექტის შედარება ადმინისტრირების ხარჯებთან. დიდი ცდომილება უკვე ერთგვარი საფუძველია, რომ სისტემის დანერგვა არ არის მიზანშეწონილი.

როგორც ცნობილია, დეპოზიტების დაზღვევის სისტემის ჩარჩო პროექტი მხოლოდ ლარის ანაბრების დაზღვევას მოიაზრებს. ლარის ანაბრები კი, ჯამური პორტფელის (14,3 მლრდ) მხოლოდ 29%-ია. ბანკირი მიიჩნევს, რომ სისტემა მოცულობითი პორტფელის შემთხვევაში კიდევ გამართლებული იქნებოდა, თუმცა მას საერთოდ არ მიაჩნია მართებულად სხვა ქვეყნის ვალუტაში დანაზოგის დაზღვევა.

მსოფლოში არსებული 3 მოდელიდან საქართველოსთვის შერჩეულია სავალდებულო, რომელიც ფონდის ბანკების დაფინანსებით დაფუძნებას გულისხმობს, რის საჭიროებასაც ვერც ქართული კომერციული ბანკის ხელმძღვანელები ვერ ხედავენ. მათ ფონდის დასაფუძნებლად თანხების მიმართვა არ მიაჩნით მიზანშეწონილად.

მათი აზრით, წინა ათწლეულში მინიმალური საფრთხეც კი არ შექმნილა, რომ თუნდაც 2008 წლის საომარი მოქმედების პერიოდში ანაბრები საბანკო სექტორიდან მნიშვნელოვანი ოდენობით გადინებულიყო. ბანკირები დაზღვევის ფონდში აკუმულირებული ფულით შემოსავლიანობის გაზრდის პერსპექტივასაც ვერ ხედავენ, რადგან ადგილობრივი საფონდო ბაზარი ფაქტობრივად გაყინულია.

შესაბამისად, პროექტის გადადებასთან დაკავშირებით ბანკირებმა მთავრობასთან და არასამთავრობო სექტორთან არაერთი შეხვედრა გამართეს. 17 მაისს კი ისინი შეეცადნენ, რომ გადავადებაზე მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები დაეთანხმებინათ, თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. უცხოელი რეკომენდატორები ითხოვენ, რომ მოდელი 2017 წლის ბოლომდე შემუშავდეს, სისტემის ამოქმედების სასტარტო თარიღი კი 2018 წლის იანვარი დაწესდეს. საბოლოო ჯამში, ევროდირექტივების გათვალისწინებით, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ქვეყანაში 2020 წლისათვის უნდა ამოქმედდეს.

აღსანიშნავია, რომ საბანკო დეპოზიტების დაზღვევის პროგრამა თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს, მათ შორის, საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებში. ყველგან დეპოზიტების დაზღვევის რამდენიმე სქემა მოქმედებს. მაგალითად, ამერიკაში, ბანკის გაკოტრების შემთხვევაში, დეპოზიტარის მიმართ ფინანსურ ვალდებულებას მთლიანად სახელმწიფო იღებს, თუმცა ამ შემთხვევაში განსაზღვრულია ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ლიმიტი (აშშ-ში ეს 100 000 დოლარია). არსებობს შერეული მოდელიც. ამ დროს დეპოზიტარის მიმართ ვალდებულებას ბანკი და ბიუჯეტი ერთობლივად ისტუმრებს. ასეთი მოდელი მოქმედებს ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში.