ე.წ. გერმანულ მოდელს, შესაძლოა, მხარი „ოცნებაზე“ განაწყენებულმა მოქმედმა წევრებმაც დაუჭირონ

ე.წ. გერმანულ მოდელს, შესაძლოა, მხარი „ოცნებაზე“ განაწყენებულმა მოქმედმა წევრებმაც დაუჭირონ

„ქართული ოცნება“, „კონსერვატიული პარტია“ და მრეწველები ე.წ. გერმანული მოდელის წინააღმდეგ გამოდიან და კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძეს არაკონსტიტუციური ცვლილებების მომზადებაში ადანაშაულებენ, „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“, „ეროვნული ფორუმი“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კი, საარჩევნო მოდელის შეცვლისთვის და მერვე მოწვევის პარლამენტში ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისთვის ემზადებიან.

თუკი ოთხი წლის მანძილზე, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სისტემა არ და ვერ შეცვალა და საკუთარი დაპირების წინააღმდეგ წავიდა, ოთხი წლის თავზე, კოალიციასა და პარლამენტში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ე.წ. გერმანული მოდელის მომზადება გაბედა და პროექტის ინიცირებაც შეძლო, რომლის გათვალისწინებითაც, მომავალში, საქართველოში, საპარლამენტო უმრავლესობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ეყოლება.

როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებას“ სწორედ ეს აშინებს, რადგან ისინი კანონპროექტის ერთ-ერთ ნაკლოვანებად უმრავლესობის შესაძლო ვერმოპოვებას ასახელებენ.

როგორც for.ge-ს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ განუცხადა, ე.წ. გერმანული მოდელი სამართლიანი არ არის, რადგან შესაძლოა, ამ ნორმის შედეგად, პარლამენტში მოხვედრილი პარტიები მთავრობაზე ვერ ჩამოყალიბდნენ და ფრაქციებმა მინისტრების პოსტებზე ვაჭრობა დაიწყონ, რის გამოც სამინისტრეობი პარტიული ნომეკლატურის გავლენის სფეროებად გადაიქცევიან.

კანონმდებელის ცნობით, უცხოელები საქართველოსგან რაღაც საკითხების გადაწყვეტას ითხოვენ და შეიძლება, ეს გადაწყვეტილებები მიღებული ვერ იქნეს, რადგან უმრავლესობა არ არის.

„გვეუბნებიან, გადაწყვეტილებას არ იღებთო. პარლამენტში 76 ადამიანის ერთ პოზიციაზე ყოფნა ძნელია და როცა საკანონმდებლო ორგანოში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები შევლენ, მაშინ შეიძლება, ისინი საერთოდ ვერ გაერთიანდნენ. იტალისა და სხვა ქვეყნებში კოალიციური მთავრობებია და კრიზისებიც სახეზეა. თავის დროზე, ნაციონალები მოდელზე - „მოგებულს ყველაფერი მიაქვს“ საუბრობდნენ, რათა უმრავლესობას პოლიტიკური პასუხისმგებლობა აეღო“, - ამბობს ფოფხაძე.

დეპუტატი ფიქრობს, რომ ზემოთ აღნიშნული საფრთხეების არგათვალისწინება სწორი არ არის.

„თუ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები კარგი მყავს, ამის გამო პროპორციული მანდატები რატომ უნდა დავკარგო? - ასეთი მიდგომა სწორად არ მიმაჩნია. არ მგონია, ვიღაცაზე მორგებული მოდელის მიღება ჩვენთვის სწორი იყოს. ეს კონკრეტული მოდელია, რომელიც შეიძლება, გერმანიაში მუშაობდა, მაგრამ სამართლიანობასთან რამდენად არის დაკავშირებული? - კონსტიტუციაში წერია, რომ არჩევნები მაჟორიტარულ-პროპორციული წესით ტარდება, ეს პროექტი კი, ამას ეწინააღმდეგება. კონსტიტუციური ჩანაწერის ინტერპრეტაცია სწორი არ არის“, - აცხადებს ფოფხაძე.

ფოფხაძის მსგავსად, ცვლილებების წინააღმდეგ კონსერვატორებიც გამოდიან, რომლებიც ოპოზიციაში ყოფნის დროს, მუდმივად საარჩევნო სისტემის ცვლილებას ითხოვდნენ.

for.ge-სთან საუბარში ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე გიგა ბუკია ცვლილებების მიმართ საკუთარი სკეპტიციზმის მიზეზებს განმარტავს და ამბობს, რომ გერმანიაში ე.წ. გერმანული მოდელი სხვა საკონსტიტუციო მოდელთან არის სინთეზში და მუშაობს, საქართველოში კი გადმოტანილია მხოლოდ ათვლის პროცედურა და სისტემური ხედვა გათვალისწინებული არ არის.

დეპუტატის მოსაზრებით, აღნიშნული პროექტი კონსტიტუციაში წინააღმდეგობაში მოდის და ისეთი თემებია, რომლებიც საქართველოს რეალობას და პროცესებს არ შეესაბამება და აცდენილია.

„ეს მოდელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიმუშავეს, რათა ფაშისტებს საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ჰქონოდათ, რაც საქართველოში პარლამენტის 113 წევრით განისაზღვრება. პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ 113 ხმა რომელიმე ძალამ აიღოს, თუმცა, ამ მოდელით, რომელიმე ძალა ჩვეულებრივ უმრავლესობას ვერ შექმნის და მთავრობას ვერ დააკომპლექტებს, რაც რეგიონალური თვალსაზრისით და ქვეყნის სიტუაციის გათვალისწინებით, მისაღები არ არის“, - ამბობს ბუკია.

თანაკოალიციელების ბრალდებებს ცვლილებების ავტორი ვახტანგ ხმალაძე ეხმაურება და დეპუტატი ირწმუნება, რომ ის არაკონსტიტუციურ ნორმას არ დაწერდა.

სანამ ხმალაძე საკუთარ პოზიციებს საკომიტეტო განხილვების დროს წარადგენს, მანამდე, for.ge-სთან საუბარში ინტერესდება, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გერმანიაში აღნიშნული მოდელი რატომ არ შეიცვალა.

„მათ კონტრშეკითხვას დავუსვამ: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რამდენი წელი გავიდა? – 60 წელი. ამ დროის განმავლობაში, გერმანელებს ამ მოდელის შეცვლა რატომ არ უნდათ?! დამეთანხმებით, რომ ხელისუფლებაში ფაშისტური ძალის მოსვლის ალბათობა გერმანიაში ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა უამრავ ქვეყანაში. მათ შორის, საქართველოში“, - აცხადებს ხმალაძე.

კანონმდებელი ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ ცვლილებების მისაღებად ხმების შეგროვებას არ აპირებს. თუმცა, როგორც ჩანს, დავით ბერძენიშვილის ფრაქციამ ცვლილებების მომზადებისას ხმები წინასაწარ დაითვალა, რადგან პარლამენტს პროექტის მიღების შანსი აქვს, რადგან „ნაციონალურ მოძრაობაში“ 44 დეპუტატია, „თავისუფალ დემოკრატებში“ - რვა, „გირჩში“ - ოთხი, „ეროვნულ ფორუმში“ – ექვსი, „რესპუბლიკურ პარტიაში“ - ათი. მართალია, აღნიშნული პარტიების წევრთა საერთო რაოდენობა - 72 ხმაა და პროექტის მიღებას 76 ხმა სჭირდება, მაგრამ ცვლილებებს ხმას ასევე აძლევენ დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატები - გიორგი ვაშაძე და მურმან დუმბაძე. აღნიშნული პირების გარდა, საკანონმდებლო ორგანოში კიდევ სამი დამოუკიდებელი დეპუტატია - გია გაჩეჩილაძე, კობა დავითაშვილი და დავით ბეჟუაშვილი, რომელთა ხმები „ოცნების“ პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მწვანდება, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში არსებული ინფორმაციით, შესაძლოა, ცვლილებებს მხარი „ოცნებაზე“ განაწყენებულმა „ოცნების“ მოქმედმა წევრებმაც დაუჭირონ. მათ შორის, არ არის გამორიცხული, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმაც.

ამ მოწვევის პარლამენტის კენჭისყრების ისტორიებს თუ გავითვალისწინებთ, შესაძლოა, „ოცნების“ მუშაობის შედეგად, საკითხის მომხრე რომელიმე დეპუტატმა პოზიცია შეცვალოს, თუმცა, ყველაფერი ნათელი მას შემდეგ გახდება, რაც საკითხზე საკომიტეტო მოსმენები გაიმართება. ე.წ. გერმანული მოდელის პირველი მოსმენით განხილვისთვის ადამიანის უფლებათა დაცვის, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებს ორკვირიანი ვადა აქთ და თუკი „ოცნებას“ სურს, ეკა ბესელიასა და ზურაბ ტყემალაძის კომიტეტებს ვადების გაჭიანურება შეუძლიათ, მაგრამ ამის გათვალისწინებითაც კი, დეპუტატები ფიქრობენ, რომ პარლამენტის უფლებამოსილების ამოწურვამდე, კანონპროექტის მიღება შესაძლებელია.

for.ge-სთან საუბარში ნაციონალი ლევან თარხნიშვილი პროგნოზირებს, რომ ცვლილებების როგორც მიღების, ასევე განხილვის ვადები ოპტიმისტურია და თუკი ყველა პარტიის წარმომადგენელი საკუთარი ძალების მობილიზაციას მოახდენს, თეორიულად, საშუალება არსებობს, რომ ცვლილებების მიღება მოესწროს. დეპუტატის მოსაზრებით, ე.წ. გერმანული მოდელი არსებულ სისტემას გააუმჯობესებს.

„კითხვები არსებობს ცვლილებები რამდენად კონსტიტუციურია, თუმცა, ავტორები აცხადებენ, რომ პასუხები აქვთ და იმედია, საკომიტეტო მოსმენების დროს, კითხვებს პასუხები გაეცემა“, - ამბობს თარხნიშვილი, რომლის მსგავსად, პროექტს მხარს უჭერს პავლე კუბლაშვილი.

როგორც for.ge-ს კუბლაშვილმა განუცხადა, ე.წ. გერმანულ მოდელს მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქების მოდელი სჯობს, მაგრამ ვინაიდან, ამ ვერსიის გარშემო კონსესუსი არ მიიღწევა, ასეთ შემთხვევაში, „გირჩი“ ნებისმიერ ცვლილებას მხარს დაუჭერს, რომელიც პარლამენტში იქნება. კანონმდებელის შეფასებით, დღევანდელ მოდელს ყველა სისტემა სჯობს.

„ცვლილებების კონსტიტუციურობა ძალიან სადავოა, თუმცა არგუმენტები არის. პროპორციული მანდატების დათვლა 150 დეპუტატით ხდება, მაგრამ როცა მანდატები გადანაწილდება, პროპორცია 77/73-ზე დაცული იქნება“, - განმარტავს კუბლაშვილი.

ოპოზიციონერების მსგავსად, მომზადებულ ვერსიას პოზიტიურად აფასებს მურმან დუმბაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ე.წ. გერმანულ მოდელს მხარს დაუჭერს, რადგან 2012 წლის დაპირება იყო, რომ საარჩევნო ფორმულა შეიცვლებოდა.

დუმბაძე მიიჩნევს, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე წარდგენილი პროექტებიდან ე.წ. გერმანული მოდელი ყველაზე ფუნდამეტური, რევოლუციური ცვლილებაა და იქ საეჭვო არაფერია, რადგან ხმების სამართლიანი და პროპორციული განაწილება მოხდება.

„ამომრჩეველი ვის მიმართაც რამდენ ხმას გაიმეტებს, პარლამენტში იმდენი ადამიანი დაჯდება“, - დასძენს დუმბაძე.

რაც შეეხება ე.წ. გერმანული მოდელის არსს, ხმალაძის განმარტებით, არსებულ და წარმოდგენილ მოდელებს შორის განსხავავება ის არის, თუ როგორ ნაწილდება მანდატები.

დეპუტატის განმარტებით, არსებული მოდელის მიხედვით, 77 პროპორციული მანდატიდან ითვლება რამდენი მანდატი ერგება პარტიას და ეს რაოდენობა იმ პროცენტის მიხედვით განისაზღვრება, რომელსაც პარტია საერთო ეროვნულ არჩევნებში მიიღებს, ხოლო შემდგომ ამ პარტიის მიღებული მანდატების რაოდენობა მთლიანობაში განისაზღვრება ამ რაოდენობას დამატებული იმდენი დეპუტატი, რამდენმაც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი მოიგო.

„სავსებით შესაძლებელია, რომ პარტიამ 40 პროცენტიანი მხარდაჭერა მიიღოს, მაგრამ მანდატების 70-80 პროცენტი მიიღოს, ან 10 პროცენტიანი მხარდაჭერა ჰქონდეს და მხოლოდ რვა მანდატი მიიღოს, რაც ხუთ პროცენტზე ოდნავ მეტია მთელი 150 მანდატიდან. წარმოდგენილი პროექტით, მანდატების განაწილებისას, მხედველობაში პარტიის მხარდაჭერის პროცენტი უნდა მივიღოთ და პარტიის კუთვნილი მანდატების რაოდენობა შემდეგნაირად უნდა განისაზღვროს - რამდენ პროცენტიანი მხარდაჭერაც მიიღო კონკრეტულმა პარტიამ, მას ამდენი პროცენტი ერგება, ოღონდ, მთელი 150-დან. ანუ, თუ პარტიამ 40 პროცენტი მიიღო, მას 60 მანდატი ეკუთვნის. თუ 10 პროცენტი მიიღო, მას 15 მანდატი ეკუთვნის, ექვსი პროცენტის მიღების შემთხვევაში კი, მას ცხრა 9 მანდატი ერგება“, - ამბობს ხმალაძე.

კანონმდებელის ცნობით, გათვალისწინებული მაჟორიტარული არჩევნების შედეგებიც უნდა იქნეს.

„წარმოდგენილი მოდელით, თუ პარტიამ მაჟორიტარულ არჩევნებში უფრო ნაკლები მანდატი მიიღო, ვიდრე მას ეკუთვნის, პარტიული სიიდან მას იმდენი დაემატება, რომ ამ კუთვნილ ოდენობამდე შეივსოს. მაგალითად. ათპროცენტიანი მხარდაჭერის მქონე პარტიამ, რომელსაც 15 მანდატი ეკუთვნის, თუ ორი მაჟორიტარული ოლქი მოიგო, სიიდან მას 13 მანდატი დაემატება. თუ 40 პროცენტიანმა პარტიამ, რომელსაც 60 მანდატი ეკუთვნის, თუ მაჟორიტარულ ოლქებში 50 მანდატი მოიპოვა, მას სიიდან ათი მანდატი დაემატება, ანუ, 60-ზე მეტი არ იქნება. პარტია პროპორციული სიიდან იმდენს მიიღებს, რამდენიც ეკუთვნის“, - დასძენს ხმალაძე.