თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტას“ გენერალური დირექტორი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უჩა ძოძუაშვილის გათავისუფლების მიზეზად თინა ხიდაშელის უწყება რამდენიმე დღის წინ, კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს.
16 მაისს თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობას თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია შეისწავლის. უჩა ძოძუაშვილმა თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებისგან მიიღო. 18 მაისს დელტაში მისი განთავისუფლების ბრძანება შესული არ იყო. თუმცა, თავდაცვის სამინისტროში ადასტურდნენ, რომ თინა ხიდაშელმა უჩა ძოძუაშვილი თანამდებობიდან ნამდვილად გაათავისუფლა.
ბოლო დროს ძოძუაშვილსა და ხიდაშელს შორის დაპირისპირების შესახებ ინფორმაცია ვრცელდებოდა. თავად ძოძუაშვილი აცხადებს, რომ ის თინა ხიდაშელს არ ეჩხუბება და ასევე აცხადებს, რომ „დელტამ“ ყველაფერი გააკეთა, რისი შესაძლებლობაც ჰქონდა. უჩა ძოძუაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მთავრობა განახორციელებს დამოუკიდებელ გამოძიებას და სიმართლე დადგინდება.
ამასთან, ძოძუაშვილი თავს იკავებს იმ შესაძლო მიზეზებზე საუბრისგან, რის გამოც თავდცავის მინისტრმა თანამდებობიდან მისი გადაყენების გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა და აღნიშნა, რომ „დელტაში“ დაწყებული პროქტების გაგრძელება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
„მინდა დავაფიქსირო, რომ თანხის მოთხოვნა თავდაცვის სამინისტროდან ფინანსთა სამინისტროში გაიგზავნა 18 თებერვალს, ხოლო თანხის ჩარიცხვა „დელტაში“ მოხდა 19 თებერვალს არასრულად. თანხის ჩარიცხვა მოხდა 10 მარტს. დღეს მე არ ვსაუბრობ მიზეზებზე, თუ რატომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. არ ვსაუბრობ იმაზე, თუ რა დოკუმენტაცია გვაქვს, რათა დავამტკიცოთ ჩვენი, „დელტას“ უდანაშაულობა.
დღეს ვსაუბრობ იმაზე, რომ „დელტაში“ მიმდინარეობს დიდი რაოდენობით სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტები, რომელთა გაგრძელება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის“, - განაცხადა უჩა ძოძუაშვილმა და გამოთქვამს მზადყოფნას, „დელტაში“ უფლებამოსილებების შესრულება გააგრძელოს, რათა დაწყებული პროექტები შეუფერხებლად გაგრძელდეს.
სურვილის მიუხედავად, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა მის გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა, თუმცა აღნიშნა, რომ თუ არაფერი არ გამოვლინდა, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ „დელტას“ თავდაცვის სამინისტრომ თანხა არ გადაურიცხა, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, სამინისტრომ უკვე გამოაქვეყნა გადარიცხვის ფურცელი.
„17 თებერვალს მათ ჩაერიცხათ მოთხოვნილი თანხა, მაგრამ ამის მეტს მე ვერაფერს ვერ გეტყვით. მე კი ვიცი, სინამდვილეში რა მოხდა, მაგრამ რა აზრი ექნება მაშინ იმ მოკვლევას, რომელსაც ვატარებთ? მეც იმედი მაქვს, რომ ბოლომდე სრული ინფორმაცია არ მაქვს.
ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ინფორმაცია, რომელიც ამ წუთის მდგომარეობით მაქვს, არასრულყოფილია. დაველოდოთ მოკვლევის შედეგებს. ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალიან მალე იქნება. გაირკვევა ყველაფერი. ბრძანებაზე ხელი მოწერილია, მაგრამ თუ არაფერი არ გამოვლინდა, შესაბამისად, უჩა ძოძუაშვილი დაბრუნდება სამსახურში“, - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს „დელტას“ ხელმძღვანელის გათავისუფლების დეტალებზე საუბარი მოუწევს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის არაეფექტურ მუშაობას უკავშირდება, თუმცა მისი თქმით, „დელტამ“ თავდაცვის სამინისტროს არაერთხელ მიმართა იმ თანხასთან დაკავშირებით, რაც რაკეტების შესაძენად იყო საჭირო.
„როგორც ჩანს, ეს ქალბატონი მინისტრის გადაწყვეტილებაა. ჩემთვის ცნობილი არ არის თავდაცვის სამინისტროს პოზიცია, თუ რატომ არ მოხდა ამ თანხის დროულად მიწოდება, რაკეტების დროულად წარმოება და შესაბამისი მიმართულებით ჩაშვება. ჩემთვის, „დელტა“ და თავდაცვის სამინისტრო ცალ-ცალკე მხარე არ არის. ეს ერთი სისტემაა და პასუხისმგებლობა მთლიანად თავდაცვის სამინისტროს აქვს“, - აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
მისივე თქმით, მოხდა თუ არა დროულად თანხის გადარიცხვა და რატომ შეფერხდა რაკეტების წარმოება, ყველა ამ კითხვას პასუხი მას შემდეგ გაეცემა, რაც მინისტრი გაერკვევა სიტუაციაში.
„ჩემთვის ცნობილია ინფორმაცია, მაგრამ არ მინდა, ცალმხრივ ინფორმაციას დავეყრდნო. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნები ამოძრავებდეს ვინმეს, მაგრამ საზოგადობას აქვს უფლება, რომ ამ კითხვებზე მიიღოს პასუხი“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილი.
სამხედრო მიმომხილველი და ჟურნალ „არსენალის“ მთავარი რედაქტორი, ირაკლი ალადაშვილი თვლის, რომ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ „დელტა“ არ უნდა იყოს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში. მისი თქმით, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მისაღები იქნებოდა „დელტა“ გასულიყო თავდაცვის სამინისტროდან, გამხდარიყო დამოუკიდებელი სიპი და დაქვემდებარებოდა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის.
„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის შექმნა უშუალოდ „დელტას“ ინიციატივა იყო. ცუდი ფაქტია, რომ სოფელი დაისეტყვა, მაგრამ ამის გამო „დელტას“ ხელმძღვანელის განთავიუფლება და სხვა რაღაცა მოქმედებები არანაირად არ იქნება გამართლებული. „დელტას“ ძალიან ბევრი საინტერესო პროგრმა აქვს განხორციელებული. ავიღოთ სამედიცინო ჯავშან-მანქანების გაყიდვა საუდის არაბეთში, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე საუკეთესო შედეგია. ამ დროს, დროებითი პრობლემის გამო ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ვფიქრობ, რომ სწორი არ არის. მით უმეტეს, რომ 2 წლის წინ საერთოდ არ არსებობდა ეს სისტემა. მაშინაც მოდიოდა სეტყვა და სახელმწიფო რითი ეხმარებოდა იგივე გლეხებს? ამიტომ, უმჯობესია, რომ ამ საკითხით უშუალოდ პრემიერ-მინისტრი დაინტერესდეს და მოკვლევა ჩაატაროს პარლამენტმა. ეს გზა უკეთესია სიმართლის გასარკვევად, ვინ არის დამნაშავე - „დელტა“, თუ თავდაცვის სამინისტრო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ალადაშვილმა.