პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებისთვის ემზადებიან და პარალელურად, ფინანსების მოზიდვით არიან დაკავებულნი. წინასაარჩევნო კამპანია სტარტს 8 ივნისს აიღებს, რომლის პროპორციულად ძალაში ის აკრძალვები შევა, რომელიც ქართული კანონმდებლობის გათვალისწინებით, წინასაარჩევნო კამპანიის წარმართვას თან ახლავს.
ერთ-ერთი აკრძალვა დაფინანსებას ეხება. კანონმდებლობით, საარჩევნო პერიოდამდე, პარტიებს ვალდებულება არ აქვთ, სახსრების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინონ, რის გამოც, პოლიტიკოსების შეფასებით, ძალიან ბევრი პარტია სარგებლობს და ისინი რეალურ ხარჯებს არ ასახავენ.
პარტიების დაფინანსების წყაროების კონტროლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ევალება, რომელიც პერიოდულად, პარტიების ფინანსების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ლაშა თორდიას უწყების ცნობით, აპრილში, პოლიტიკური გაერთიანებების მიერ მიღებულმა შემოწირულობებმა - 604 747.5 ლარი შეადგინა.
სანამ, აუდიტის სამსახურის მიერ მაისის მონაცემები გამოქვეყნდება, მანამდე for.ge პარტიული ფინანსების წარმოშობით და მათი კონტროლის მექანიზმებით დაინტერესდა.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონით, წელიწადში, პარტიის მიერ თითოეული მოქალაქისაგან მიღებული შემოწირულებების საერთო ოდენობა - 60 000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს, თითოეული იურიდიული პირისაგან მიღებული თანხის ოდენობა - 120 000 ლარს, ხოლო პარტიის თითოეული წევრის მიერ განხორციელებული საწევრო შენატანების წლიური ოდენობა - 1 200 ლარს.
კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებში ის პარტიებიც ჯდებიან, რომელთა ყულაბაში აპრილში სოლიდური თანხები ჩაირიცხა. თუ აპრილში, „პატრიოტთა ალიანსმა“ - 268 500.5 ლარი მიიღო, „ქართულმა ოცნებამ“ 149 020 ლარი დააგროვა, ხოლო ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა - „გირჩმა“ - 124 000 ლარი.
„გირჩი“-ს წევრი პავლე კუბლაშვილი დაფინანსების წყაროების წარმოშობაზე საუბრობს და for.ge-ს არწმუნებს, რომ ამ ეტაპზე, დაფინანსების გაღება გამოწვეულია იმ პირადი ურთიერთობებით და კონტაქტებით, რაც მას და მის მეგობრებს აქვთ.
დეპუტატის თქმით, არჩევნებს თანხები სჭირდება და „გირჩს“ შესაბამისი თანხები ექნება იმისათვის, რომ შესაბამისი კამპანია აწარმოოს.
„პარტიებში რუსული ფულის შედინებაზე საუბარი რამდენად არის, არ ვიცი, მაგრამ ფინანსების წყაროები კონტროლი აუდიტის სამსახურს ევალება. საარჩევნო პერიოდამდე პარტიებს ვალდებულება არ აქვთ, სახსრების თაობაზე დეტალური ინფორმაცია წარადგინონ, რის გამოც ძალიან ბევრი პარტია სარგებლობს და ისინი რეალურ ხარჯებს არ ასახავენ. პარტიების შემოწირულობას რომ გადახედოთ, მიხვდებით, რომ ეს რეალისტური არ არის. საინტერესოა, „პარტიოტთა ალიანსის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ დაფიანსება საიდან არის, რომლებიც რეკლამას უკვეთავდნენ და ეს თანხები მცირე არ არის?“, - აცხადებს კუბლაშვილი ნაციონალების დაფინანსებაზე, რომელთაც აპრილში 900 ლარი მიიღეს.
ნაციონალი ლევან თარხნიშვილი საკუთარ დაფინაბსებაზე არ საუბრობს, თუმცა, აუდიტის სამსახურის საქმიანობის მიმართ კითხვის ნიშნებს სვამს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საინტერესოა ის მექანიზმები, რითაც უწყება თანხების წარმომავლობის შეფასებას ახდენს. დეპუტატის მოსაზრებით, საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, რომ შემომწირველთა ნაწილს გარკვეული ინტერესი გააჩნია.
„ზოგიერთი დამფინანსებელი ისეთ ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფო ტენდერს იგებს და მმართველ ძალას აფინანასებს. რაც შეეხება რუსული ფულის საკითხს, ეს თემა არ შეგვისწავლია, მაგრამ ფაქტია, რომ რუსული ძალა არსებობს. პოლიტიკურ ფლანგზე ისეთი ძალა არსებობს, რომელიც თავისი რიტორიკით ხელს რუსულ ინტერესებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას უწყობს. როცა ამ ძალას ამხელა შემოსავალი აქვს, უნდა დავფიქრდეთ, რომ ფულის ნაწილი სხვა წარმომავლობისაა“, - აღნიშნავს თარხნიშვილი.
საკითხზე საუბრისას ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი ყურადღებას კანონმდებლობაზე ამახვილებს და for.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხს შესაბამისი კანონი არეგულირებს, მაგრამ პარტიების დაფინანსების საკითხში სხვა ქვეყნები რომ არ ერეოდნენ, ეს მხოლოდ კანონის დასარეგულირებელი არ არის და ამ პროცესში სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური უნდა ერეოდეს.
„თუკი დაინტერესება გამოვლენილია ოკუპანტი სახელმწიფოს მიერ, ეს უნდა კონტროლდებოდეს“, - ამბობს ჩიქოვანი.
for.ge-ს კითხვას - „კონტროლდება თუ არა პარტიების დაფინანსების წყაროები და საქართველოში შემოედინება თუ არა რუსული ფული?“, - უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე „კარგ“ და „მნიშვნელოვან“ კითხვად აფასებს.
კანომმდებელის თქმით, შესაბამისი უწყებები, ვისაც პარტიების დაფინანსების წყაროების კონტროლი ევალებათ, ამ საქმით უნდა იყვნენ დაკავებულნი.
„შესაბამისი უწყება ამას უნდა აკონტროლებდეს და იმედი მაქვს, რომ აკონტროლებს“, - დასძენს კვაჭანტირაძე.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი for.ge-ს არწმუნებს, რომ სახელმწიფო პარტიების დაფინანსების საკითხს აკონტროლებს.
„ამაში 100 პროცენტით გარწმუნებთ. რაც შეეხება დაფინანსებას, პარტიების დაფინანსება შავი ბუღალტერია არ არის და ყველაფერი გამოქვეყნდება. რუსული ფულის შემოდინების თაობაზე საუბარი არ გამიგია, მაგრამ არც ამას გამოვრიცხავ, თუმცა რთულია, ფინანსური მხარდაჭერის ფარულად შემოდინების დაფარვა“, - ამბობს ვოლსკი.
თანაგუნდელების მსგავსად, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ირწმუნება, რომ თანხების წარმოშობით აუდიტის სამსახური ინტერესდება.
როგორც for.ge-ს ტყემალაძემ განუცხადა, აუდიტის სამსახური ონლაინში უყურებს, რა თანხმა შემოდის და საიდან.
„ალბათ, დაფინანსების წყაროები კონტროლდება. თუ კანონიერებაში ეჭვი შეეპარებათ, უფრო მეტად გაკონტროლდება“, - აღნიშნავს ტყემალაძე.
რაც შეეხება აღნიშნული საკითხით ძალოვანი უწყებების დაინტერესებას, თავდაცვის კომიტეტის თვმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ როცა ქვეყანაში მაკონტროლებელი ორგანოები არსებობენ, დარაჯის-დარაჯის დაყენების მოთხოვნას ვერ ხედავს.
„აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის მექანიზმები არსებობს და უწყება ვალდებულია, თითოეული შემოწირულობის წარმომავლობა დაადგინოს. კანონმდებლობით აკრძალულია, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიტიკური აქტივობა დააფინანსოს. სადაც კანონის მოთხოვნები არსებობს, სამწუხაროდ, კანონის გვერდის ავლის საშუალებებიც არსებობს, თუმცა ოფიციალურ მონაცემებს ვეყრდნობი და უფლება არ მაქვს, იმაზე მეტი ვთქვა, ვიდრე ოფიციალური მონაცემები ამის საშუალებას მაძლევს“, - აცხადებს სესაშვილი.
ზემოთ აღნიშნული პარტიების გარდა, აპრილში მცირე რაოდენობის თანხები რესპუბლიკელებმა (1131 ლარი), ნაციონალებმა (900), კონსერვატორებმა (120ლარი) მიიღეს.