„თავისუფალი დემოკრატების“ აქციაზე დასწრების სურვილი მხოლოდ რესპუბლიკელებმა და ნაციონალებმა გამოთქვეს

„თავისუფალი დემოკრატების“ აქციაზე დასწრების სურვილი მხოლოდ რესპუბლიკელებმა და ნაციონალებმა გამოთქვეს

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის განაჩენმა „თავისუფალი დემოკრატების“ გარდა, შესაძლოა, კოალიციიდან გასული რესპუბლიკელების დღის წესრიგიც შეცვალოს. დავით ბერძენიშვილი ხელისუფლებას და სასამართლო სისტემას აკრიტიკებს და შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

„კოლექტიური მურუსიძეებისა და მედროვეების ხელშია დღეს სასამართლო. რაც შეეხება შაბათის აქციას, „თავისუფალი დემოკრატები“ არიან ინიციატორები, მათ ამაში ვერავინ ჩაეცილება და ვიმედოვნებ ბევრი ხალხი მივა. მე ვვარაუდობ, რომ მათში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრებიც იქნებიან,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

რესპულიკელებისგან განსხვავებით შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს „ეროვნული ფორუმი“, თუმცა, პარტია პრეზიდენტს ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულთა შეწყალების თხოვნით მიმართავს. კახა შარტავა ამბობს, რომ დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარსს აძლევს, რამაც შეიძლება ისედაც რთულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებით სიმწვავე შესძინოს.

„სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით, მომდევნო ინსტანციების იმედი ნაკლებად რჩება. საქმისადმი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლის და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამძაფრების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიის მეტ-ნაკლებად ნორმალურ გარემოში წარმოებისთვის, ჩვენ, „ეროვნული ფორუმი“ მივმართავთ თხოვნით პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“, - აცხადებს კახა შარტავა.

„თავისუფალი დემოკრატების“ მიერ დაგეგმილ აქციას არ უერთდება ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“.

for.ge-სთან საუბრისას პალიკო კუბლაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო განაჩენთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობს, პარტიული გადაწყვეტილება, რომ შაბათს დაგეგმილ აქციას შეუერთდნენ მიღებული არ არის.

„ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. მათ შორის ის, რომ დანაშაულის მოტივი არ არის დადგენილი, დაკავებული არიან ადამიანები, რომელთა განკარგავში არ იყო თანხები, ეს კითხვის ნიშნები არის, მაგრამ პარტიული გადაწყვეტილება, რომ მოდით მივიღოთ ამ აქციაში მონაწილეობა, არ მიგვიღია. არ ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტია რამე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მიიღებს „თავისუფალი დემოკრატების“ ორგანიზებულ აქციაში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას პალიკო კუბლაშვილმა.

ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც აკაკი ბობოხიძემ for.ge-სთან საუბრისას აღნიშნა ნებისმიერ პრობლემას საერთო ძალებით უნდა უპასუხონ.

„მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხთან დაკაშვირებით კოორდინირებული მოქმედება ჯობია. ის, რომ პარტიული საქმეა და მხოლოდ იმ ადამიანების იმედავ ვიყოთ, ვინც შემოგვიერთდება, სწორი არ არის. როდესაც ქვეყანაში არის სერიოზული პრობლემა, მიმაჩნია, რომ პასუხისმგებლიანი პარტიები უნდა დაჯდნენ და კოორდინირებულად მოიფიქრონ ყველა კომლექსური ღონისძიება, რომელიც საჭიროა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავი პრობლემები დასრულდეს ქვეყანაში. ამას ვერ უშველის ერთი აქცია“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას აკაკი ბობოხიძე.

შაბათს დაგეგმილ აქციაში რესპუბლიკელების მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ მმართველ გუნდში. დეპუტატი თამაზ მეჭიაური კი თვლის, რომ რესპუბლიკელები ცდილობენ პოლიტიკურად გამოიყენონ კონკრეტული საქმე, რომელიც ადამიანურად ყველასთვის სენსიტიურია.

„საქმის იურიდიული მხარე არ ვიცი და არ მაქვს უფლება, რომ ეჭვი შევიტანო სასამართლოს არაობიექტურობაში. სასამართლო დავა გრძელდება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლოს სამართლიანობაზე საუბარი ცოტა ძნელია. საქმის პოლიტიკურ მხარეს რაც შეეხება, თავისთავად ცხადია, რომ ეს უპირველესად აზარალებს მმართველ გუნდს.

რაც შეეხება რესპუბლიკელებს, ისინი არც ადრე მალავდნენ, რომ ტროას ცხენის როლს ასრულებდნენ მმართველ გუნდში. ახლა, ღიად გამოამჟღავნებენ და ნებისმერ მომენტს გამოიყენებენ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. მათი ეს ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა და არც პირველი. ცდილობენ, რომ ადამიანურად ყველასთვის სენსიტიური თემა გამოიყენონ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამაზ მეჭიაური.

კოალიციიდან გასული რესპუბლიკელების მიერ შაბათს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას ელექტორაზე მუშაობით და ივანიშვილის წინააღმდეგ კრიტიკული დამოკიდებულების დაფიქსირების მოტვად ხსნის პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცხადებით რესპუბლიკელები ეძებენ ახალ ალიანსს და მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან“.

„აშკარაა, რომ რესპუბლიკელებმა დაიწყეს თავიანთ ხმებზე ზრუნვა. იმისთვის, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთონ, ვინმეს უნდა შეუერთდნენ, ვნახოთ როგორ დასრულდება ეს პროცესი. იმ მოტივით, რომ პოლიტიკურ პროცესს შეერთებოდნენ, ერთ დროს შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირის“ გვერდით იყვნენ, მერე იყვნენ სააკაშვილთან, შემდეგ უკვე ივანიშვილთან. რესპუბლიკელები ცდილობენ ოპოზიციურ ფლანგზე თავშესაფარი იპოვონ. არ უნდათ უფრო რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რადგან იციან, რომ მარტო რესპუბლიკელები რთულ ვითარებაში იქნებიან, ამიტომ ეძებენ ალიანსებს და მათ შორის „თავისუფალ დემოკრატებთან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი გამორიცხავს „თავისუფალი დემოკრატებისა“ და რესპუბლიკელების ალიანსს. მისივე თქმით, მათი კონსტიტუციური უფლებაა, შეუერთდნენ აქციებს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით არაფერს აძლევთ, რადგან თვლის, რომ პროდასავლური ჯგუფის დიდ გაერთიანებაში რესპუბლიკელები პოლიტიკურ პარტნიორებს ვერ იპოვიან.

„ერთადერთი, რითაც ფასეულები იყვნენ ქართულ პოლიტიკაში, ეს იყო პრინციპების ერთგულება. ბოლო 3-4 წლის განმავლობაში ყველაფერი გათელეს და პირველი ეს იყო პრეზიდენტის ვეტო მოსმენებთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც უარი თქვეს მათ პრინციპულ მოთხოვნაზე მაჟორიტარების გაუქმებასთან დაკავშირებით და ა.შ. დღეს, არც ელექტორალური მხარდაჭერა აქვთ და არც ფუნდამენტალური ღირებულებითი საყრდენი, რითაც შეიძლება გამართლებული იყოს მათი პოლიტიკური ერთეულის არსებობა.

უკვე ხელისუფლებაშიც ვერ რჩებიან და არა იმიტომ, რომ არ უნდათ, არამედ იმიტომ, რომ თვითონ ხელისუფლებითვის უცხო სხეულია. ამიტომ, ეძებენ პარტნიორს, რითაც შეეძლებათ კარი გაიჯახუნონ და ცოტათი მაინც შეინარჩუნონ სახე. ვფიქრობ, რომ თვითონ ალასანია არ მიიღებს მათ. თუ იმის ილუზია აქვთ, რომ პროდასავლური ჯგუფის დიდ გაერთიანებაში მათ მონაწილეობას მიაღებინებენ და ამაში იპოვიან პოლიტიკურ პარტნიორებს, ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია ხუხაშვილმა.

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე ამბობს, რომ „რესპუბლიკური პარტია“ მაქსიმალურად ცდილობს ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რასაც ხელისუფლებაში ყოფნა ანიჭებთ და ამავე დროს ცდილობენ ისარგებლონ იმ სიკეთეებით, რასაც ოპოზიციური პარტიის სტატუსი ანიჭებთ, რაც მისი თქმით ნონსენსია, მაგრამ რესპუბლიკელები ამას ახერხებენ.

„არ თმობენ პორტფელებს ხელისუფლებაში, უმრაველობის წევრები არიან, მაგრამ ამავე დროს არ კარგავენ ოპოზიციურ ნიშას. პრაქტიკულად, ორ სკამზე ზიან. გაუგონარი ამბავია, ანალოგს ვერ ნახავთ ვერც ერთი ქვეყნის პრაქტიკაში. არ შეესაბამება პოლიტიკურ ეთიკას და კორექტულობას. პოლიტიკაში მნიშვნელოვანია რამდენად ღირსეულად იქცევა პოლიტიკური ძალა და ვნახეთ „ეროვნული ფორუმის“ განცხადება, რომელიც უმრავლესობის პარტნიორია საკანონმდებლო ორგანოში, პრობლემებს არ უქმნის მმართველ პარტიას, არ ვაჭრობს, არ აშანტაჟებს. არ ამბობს, რომ მხარს უჭერს ალასანიას და მივა აქციაზე, არამედ პირდაპირ მიმართავს პრეზიდენტს და სთხოვს შეწყალებას. ეს არის მოქმედების ორი მოდელი და რომელია უფრო სწორი, ლოგიკური და ღირსეული, ამ არჩევანს უკვე ამომრჩეველი გააკეთებს“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ვალერიან გორგილაძემ.