ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები: ნაციონალები, „თავისუფალი დემოკრატები“ ბურჯანაძის პარტია თუ „პარტიოტთა ალიანსი“ სხვადასხვა დროს ქუჩის აქციების მოსაწყობად სხვადასხვა მიზეზს ასახელებდნენ. დღეს „თავისუფალ დემოკრატებს“ ასეთი საბაბი რეალურად გაუჩნდათ. რამდენად მწვავე გაგრძელება შეიძლება მოჰყვეს ე.წ. კაბელების საქმეს, შეუერთდებიან თუ არა „თავისუფალ დემოკრატებს“ სხვა ოპოზიციური პარტიები, თუ პრეზიდენტის მოსალოდნელი შეწყალება ტემპერატურას შეამცირებს და წინასაარჩევნო კამპანია აჟიოტაჟის გარეშე ჩაივლის - მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასება ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს ვთხოვეთ.
რამაზ საყვარელიძე: არ მგონია, რომ ძალიან მძიმე პრობლემა შექმნას ამ ფრაგმენტმა. ბოლო პერიოდში, გახსოვთ, რომ „თავისუფალ დემოკრატებზე“ უფრო რეიტინგულმა რამდენიმე პარტიამ სცადა ქუჩის აქციების მოწყობა, მაგრამ რაიმე სერიოზული პროცესები, გინდ პოლიტიკაში და გინდ - დესტაბილიზაციის კუთხით, ამ ნაბიჯებს არ გამოუწვევია.
იყო საპროტესტო აქციები, მას თვალს ადევნებდნენ გარშემომყოფებიც და პოლიტიკოსებიც, მაგრამ ეს აქციები დამთავრდა და ამოიწურა აქციების თემატიკაც. ვფიქრობ, რომ რაღაც ანალოგიური გაგრძელება იქნება ახლაც.
რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო შეწყალებას - ეს ხომ არ არის ერთგვარი სვლა, რომ არც ბრალდების მხარეს, ფიგურალურად რომ ვთქვათ, ხელისუფლებას დაეხია უკან და არც მეორე მხარე დარჩენილიყო დაზარალებული. ხომ არ ტოვებს ეს კომბინაცია მსგავსი ტაქტიკური გათამაშების შთაბეჭდილებას?
- აქამდე არ ტოვებდა მარგველაშვილი შთაბეჭდილებას, რომ ის რაღაც ტაქტიკურ სქემებზე მუშაობს ხელისუფლებასთან ერთად. თუკი არსებობს შესაძლებლობა, რაღაც გაითვალონ, მხოლოდ მისასალმებელია, რადგან ამით შეიძლება, თავი აარიდონ არასაჭირო სირთულეებს. მაგრამ ვიდრე შიგადაშიგ კიდევ შეიმჩნევა „ჭიდაობა“ მთავრობასა და პრეზიდენტს შორის და ღრუბელი ბოლომდე გადასული არ არის, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ასეთი გადათამაშება მოხდა. თუმცა, შესაძლოა, ერთმანეთთან არ მოულაპარაკებიათ, მაგრამ შედეგი მაინც იგივე დადგეს.
ეს წინასაარჩევნო გარემოს შედარებით ალბათ, უფრო სტაბილურს გახდიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არაფერია გადაწყვეტილი. როგორ ფიქრობთ, რამდენად ხმაურიანი გაგრძელება მოჰყვება ამ ყველაფერს?
- არ მგონია ე.წ კაბელების საქმემ, რიგი მიზეზების გამო, ისე შეძრას საქართველოს მთელი მოსახლეობა, გნებავთ ხელისუფლების ესა თუ ის შტო, რომ ამან კვალი დატოვოს - ბევრი კითხვა ჩნდება არა მხოლოდ სასამართლოს ობიექტურობაზე, არამედ, რამდენად ადეკვატურია ის ბრალდება, რომ ივანიშვილი ეძებს საბაბს, დაიჭიროს ეს ხალხი ალასანიას გამო.
რაც შეეხება სასამართლო პროცესის ადეკვატურობას, ამაზე ვერაფერს ვიტყვი - არც სასამართლოზე ვყოფილვარ და არც იურისტი გახლავართ. მაგრამ მგონია, რომ თუ სერიოზულ გაგრძელებაზეა მსჯელობა, ეს უფრო საკონსტიტუციო სასამართლოსთან იქნება დაკავშირებული, სადაც პრეზიდენტი, როგორც ჩანს, ისევ ვეტოსთვის ემზადება, საპარლამენტო უმრავლესობა კი - ვეტოს დაძლევისთვის. სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ინტერესი უფრო საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეშია ჩართული.
რაც შეეხება კაბელების საქმეს, მასში ინტერესთა ისეთი ჩართულობა არ არის, გარდა იმ ზოგადი ფრაზისა, რომ თუ უსამართლობა არ გინდათ დამკვიდრდეს, შემოგვიერთდით. მაგრამ ამისთვის არსებობს სასამართლოს ზედა ინსტანციები, შესაძლებელია გასაჩივრება. სასამართლო საკითხების ქუჩაში გადაწყვეტა არ მგონია, რომ ყველაზე პოპულარული სტრატეგიაა.
თუმცა ნაციონალები ყველა შანსს იყენებენ-ხოლმე, რამდენად მოსალოდნელია ისინიც შეუერთდნენ პროტესტს ე.წ. კაბელების საქმეზე?
- ნაციონალები ყველაფერს შეიძლება შეუერთდნენ. თუ ნახეს, რომ წვიმა ამ ხელისუფლებას რამეს დააკლებს, წვიმასაც შეუერთდებიან და შავი ღრუბლის როლს შეასრულებენ - მათ ყველა საპროტესტი პროცესში სურთ ჩართვა - ოპოზიციური პარტიის ეს პოზიცია გასაგებია. კი ბატონო, ჩაერთვებიან, მაგრამ ამით რა შეიცვლება?
თუ გავიხსენებთ, მათ გეგმებში შედიოდა და ალბათ, ისევ შედის რევოლუციური ფონის შექმნა...
- ნაციონალებმა რამდენჯერმე სცადეს საპროტესტო ტალღის აგორება - იყო შთამბეჭდავი? - მაინც და მაინც, „თავისუფალი დემოკრატებისთვის“ გამოუვათ ტალღის აგორებაო, ძნელი სათქმელია.
საკონსტიტუციო სასამართლო და მოსალოდნელი ვეტო ახსენეთ - რამდენად შესაძლებელია კიდევ ერთხელ გამწვავდეს ურთიერთობები პრეზიდენტსა და მთავრობას შორის, იმის გათვალისწინებით, რომ ახალი და ყოფილი პრემიერების დამოკიდებულება პრეზიდენტის მიმართ განსხვავებულია?
- პრეზიდენტმაც დაადასტურა, რომ ახალი პრემიერი ყველაზე უფრო მისაღები ფიგურაა მისთვის. პიროვნულად შეიძლება, ერმანეთს ანგარიშს უწევენ, მაგრამ ბევრი სხვა ფაქტორია, რამაც შეიძლება, უთანხმოებები გამოიწვიოს. თუმცა მეეჭვება, რომ სერიოზულ დაპირისპირებამდე მივიდეს საქმე. მგონია, რომ წონიანი ფიგურების ეს წყვილი, პრეზიდენტი და პრემიერი ყოველთვის ეცდება კომპრომისის გამოძებნას.
ძველი თემაა პრეზიდენტისა და მთავრობის დაპირისპირება, თუმცა საინტერესოა თუ კიდევ ერთი ტალღა წამოვა დაპირისპირების, აისახება თუ არა წინასაარჩევნოდ საზოგადოების განწყობაზე ხელისუფლების მიმართ?
- იყო ერთხანს ასახული, საზოგადოებას აღიზიანებდა პრეზიდენტის და მთავობის კინკლაობა. რაკი ეს კინკლაობა დღეს მინიმუმამდეა დაყვანილი, ალბათ, ხალხის გაღიზიანებაც ამ მიმართულებით მინიმალური იქნება, ანუ უარყოფითი ფაქტორი ხელისუფლების მიმართ ხალხის დამოკიდებულებისა, მეტ-ნაკლებად, შერბილებულია ამ ურთიერთსიმპათიების ხარჯზე.
ისიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ე.წ კაბელების საქმეც უფრო მეტად ვერ დააზიანებს ხელისუფლების იმიჯს?
- მეეჭვება. დაინტერესებული მხარის გარდა, არავინ ამბობს, რომ ე.წ კაბელების საქმეში დამნაშავეები არ არიან. საიაც ამბობს, რომ დამნაშავეები არ არიან, მაგრამ საიას პოზიცია პოლიტიკურ განწყობებზე გავლენას ვერ იქონიებს, რადგან ის მაინც მეტ-ნაკლებად, მიკერძოებულ ორგანიზაციად აღიქმება.
მოსახლეობასაც არ ექნება ის განწყობა, რაც 2012 წელს ციხის კადრებზე ჰქონდა, იქ კადრები ლააპარაკობდა ორაზროვნების გარეშე. გარკვევა, ვინ იყო დამნაშავე და ვინ - არა, ძნელი არ ყოფილა. აქ ასეთი ცალსახა სურათი არ არის და მოსახლეობასაც არ აქვს იმის განცდა, რომ მაინც და მაინც დიდი წნეხია სასამართლოს მხრიდან. თუმცა, არც იმის განცდაა, რომ ასეთი წნეხი საერთოდ არ არსებობს.
მაგრამ იმ ფონზე, რომ სადღაც 33% გამამართლებელი განაჩენებისა უკვე გამოჩნდა, ეს სააკაშვილისდროინდელი რეჟიმის შთაბეჭდილებას არ ქმნის.
როდესაც გინდა, რომ რაიმე ლოზუნგს აჰყვეს ხალხი, დამაჯერებელი უნდა იყოს ეს ლოზუნგი. როდესაც ამბობ, რომ მაშინ და ახლა ერთნაირია სასამართლო სისტემა, ეს არ არის დამაჯერებელი. შეიძლება თქვა - საფრთხე, რომ ისეთივე გახდება, არსებობს. გამოთქმაა ასეთი - მამალმა თქვა, მიყივლია და გინდ გათენდეს, გინდ - არაო - ის ხომ არ არის მთავარი, შენ დაიძახო და გინდ დაგიჯერონ მერე და გინდ - არა?!
პოლიტიკური პარტია უნდა ცდილობდეს, რომ მისი განაცხადი დამაჯერებელი იყოს. მგონია, რომ ცოტა ემოციური და ნაადრევია ის განცხადებები, რასაც დღეს აკეთებენ „თავისუფალი დემოკრატები“. ისევე, როგორც ნაადრევი იყო ის განაცხადი, რომლითაც ისინი წავიდნენ ხელისუფლებიდან - რუსეთისკენ აქვს სახელმწიფოს კურსი აღებულიო - აღმოჩნდა, რომ ასე არ არის.
ამ ტიპის გამოცდილება გროვდება საზოგადოებაშიც - შეიძლება, ეს ხალხი ლაპარაკობდეს და შემდეგ, მათი ნათქვამი არ აღმოჩნდეს მართალი. ამიტომ, შეძახილს, გვერდით დაგვიდექითო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოეხმაურებიან, რადგან შეიძლება, ესეც ისეთივე დაძახილი აღმოჩნდეს, როგორც რუსეთზე ორიენტაცია -ანუ ესეც არ გამართლდეს.