რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს, რიგით 64-ე სხდომაზე მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ტექნიკური და კომერციული ხასიათის პროექტები განიხილეს. ღონისძიებაში 17 ქვეყნის, 180 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
მსგავსი საერთაშორისო ფორუმი, საქართველოს სარკინოგზო ინდუსტრიაში 10 წელზე მეტია არ ჩატარებულა და როგორც რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე აღნიშნავს, მსგავსი ღონისძიებები დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს რკინიგზისათვის.
გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა ახალ ტარიფებსა და ხელშეკრულებებს, სადაც მნიშვნელოვანია ჩინეთი-საქართველო-გერმანიის სარკინოგზო კავშირი.
„ხელი მოეწერა ახალ ტარიფებს, რაც გააადვილებს დამატებითი ტარიფების მოზიდვას. ხელშეკრულება ითვალისწინებს, საქართველოს დერეფნის გავლით, გადაზიდვებს ჩინეთიდან გერმანიის მიმართულებით“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.
რაც შეეხება ახალი სარკინიგზო ტექნიკის შემოსვლას საქართველოს მიმართულებით, რკინიგზის გენერალური დირექტორის განცხადებით მსგავსი ღონისძიებები 17 ივლისისთვის იგეგმება, რაც ორსართულიანი მატარებლის დანიშვნას გულისმობს თბილისი-ბათუმის მიმართულებით.
„მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, რადგან უფლება მოგვცა შევისყიდოთ 4 ერთეული ახალი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ტექნოლოგიად ევროპაში და ეს მატარებლები ტექნიკური რეგლამენტის გავლის შემდეგ ზაფხულშივე დადგებიან თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს სხდომაზე ასევე სიტყვით გამოვიდა ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, რომელმაც რკინიგზის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრა და არნიშნა, რომ საქართველოს რკინიგზაში უამრავი პროექტი ხორციელდება, რაც ხელს შეუწობს როგორც საქართველოს, ასევე პარტნიორი ქვეყნების ეფექტურ მუშაობას.
„რკინიგზას ერთ-ერთი უნიშვნელოვანესი როლი უკავია ყველა მონაწილე ქვეყნის წინსვლასა და განვითარებაში. სარკინიგზო კომუნიკაცია და გადაზიდვები ეს არის პატარა, თუ დიდი ხიდები ჩვენს ქვეყნებს შორის. ეს არის კავშირი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. საქართველოს რკინიგზაში ხორციელდება უამრავი ახალი პროექტი, ფართოვდება მიმოსვლის ქსელი და ჩვენი ქვეყანა უფრო დიდ წვლილს შეიტანს პარტნიორი ქვეყნების სარკინოგზო გადაზიდვების ეფექტურ მუშაობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.