საქართველო და მისი მეზობელი ქვეყნები მორიგი უდიდესი ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაში ჩაებნენ. საქმე ეხება ტრასადრიატიკულ გაზსადენს (TAP), რომლის მშენებლობასაც საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. პროექტი 3 წელიწადში უნდა ამოქმედდეს.
TAP-ის აღმასრულებელი დირექტორის იან ბრედშოუს თქმით, გაზსადენი შეუწყობს ევროპას ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიცირებაში და ევროპის ენერგოუსაფრთხობის უზრუნველყოფაში.
„2020 წელს გაზსადენი საბერძნეთს, ალბანეთს, იტალიას ადრიატიკის ზღვის გავლით დააკავშირებს. კასპიური გაზი ხელმისაწვდომი გახდება მილიონობით ევროპელისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ მომავლის განსაზღვირსთვის საუკეთესო გზა თავად მომავლის შექმნაა. დღეს ჩვენი სამშენებლო მოგზაურბის დასწყისია. ეს ისტორიული დღეა TAP-ისთვის და ევროპის ენერგეტიკული რუკისთვის. TAP-ი ხელს შეუწყობს ევროპას ენერგოუსაფრთხობის უზრუნველყოფაში“, - განაცხადა იან ბრედშოუმ.
საზეიმო ცერემონიალზე გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ სატრანზიტო დერეფნის ფარგლებში საქართველო სანდო პარტნიორია და დერეფნის გაფართოებას უპირობო მხარდაჭერას უცხადებს.
„როგორც სატრანზიტო ქვეყანა, საქართველო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროპის ენერგორესურსების მიწოდების დივერსიფიკაციის ერთგულია და მხარს უჭერს სამხრეთის გაზის დერეფანთან დაკავშირებულ არსებულ და სამომავლო პროექტებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
კვირიკაშვილმა პროექტის მნიშვნელობა შეაფასა და განაცხადა, რომ ტრანსადრიატიკული მილსადენი მომავალში სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნის შემდგომი გაფართოების და თურქმენეთისა და რეგიონში სხვა მიმწოდებელთა მხრიდან ბუნებრივი აირის რესურსების მოზიდვის კარგი შესაძლებლობა გახდება. პრემიერმა ასევე ჩვენი ქვეყნის სატრანზიტო როლზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი სატრანზიტო პარტნიორია.
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ კი იმ სარგებელზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პროექტის ამოქმედების შედეგად საქართველო მიიღებს. პროექტი არის საერთაშორისო მნიშვნელობის, რომელზეც დაახლოებით 25 მილაირდი დაიხარჯება.
„TAP-ის განხორციელებაში ჩართულია ევროპული ქვეყნები, საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიები. ეს პროექტი საქართველოსთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ამ პროექტის განხორციელებისათვის საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დაიხარჯება და რაც მნიშვნელოვანია, დასაქმდებიან საქართველოს მოქალაქეები, როგორც მშენებლობის პროცესის დროს, ასევე მშენებლობის დასრულების შემდეგ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ის არის, რომ პროექტის დასრულების შემდეგ საქართველოს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ტრანსადრიატიკული მილსადენის მშენებლობა ოფიციალურად დაიწყო. მილსადენი საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით, სამხრეთ იტალიამდე მივა. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე.
ბაქო-თბილისი-ერზრუმის, TANAP-ისა და TAP-ის გაზსადენებით აზერბაიჯანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება მოხდება. პროექტის ჯამური ბიუჯეტი 45 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მილსადენის სიგრძე 3 460 კმ-ია.
„სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტში საქართველო სტრატეგიული პარტნიორია. შაჰ დენიზის პროექტის მე-2 ფაზის ფარგლებში საქართველოში „სამხრეთ კავკასიური მილსადენის“ გაფართოების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს, რაზეც 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც 400 მლნ აშშ დოლარის მომსახურებისა და საქონლის შეძენა უშუალოდ საქართველოში ხდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ მილის გამტარუნარიანობა არსებული 6 მლრდ-დან 16 მლრდ კბ/მ-ით გაიზრდება.
ამ მილსადენით ბუნებრივი აირის გაზრდილი მოცულობის ტრანზიტი 2019 წლიდან დაიწყება, ხოლო 2020 წლიდან საქართველო ტრანზიტის საფასურად ყოველწლიურად დაახლოებით 1 მილიარდ კბ/მ-მდე გაზს მიიღებს.