„რაც მეტი შფოთი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ევროპელთა სურვილი ჩვენთან დაახლოვებისა“

„რაც მეტი შფოთი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ევროპელთა სურვილი ჩვენთან დაახლოვებისა“

პარტია „ქართული ოცნების“ დატოვების გადაწყვეტილება თითქმის მიღებული აქვთ დეპუტატ თამაზ მეჭიაურს და მრეწველებს, რომლთაც გამოკვეთილი პრორუსული ორიენტაცია აქვთ. პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის განმარტებით, გავა დრო და საზოგადოება დარწმუნდება ვის ინტერსებშია არ მოხდეს როგორც ევროპასთან დაახლოვება, ასევე, ვიზის ლიბერალიზაცია - საკმაოდ უმნიშვნელო ნაწილია პრორული განწყობით მოწამლული.

for.ge სოსო ცისკარიშვილს ესაუბრა.

გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ეჭვები ექნებათ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელმაც პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობით დაადასტურა, რომ მისთვის გადამწვეტი არის გეოპოლიტიკური ორიენტაცია. პარალელურად, „ქართული ოცნებასტოვებენ თამაზ მეჭიაური და მრეწველები, რომელთა საგარეო ორიენტაცია არის რუსეთი. რას ცვლის პრორუსული ძალებისქართული ოცნებიდანწასვლა?

სოსო ცისკარიშვილი: ვფიქრობ ყველა აცნობიერებს, რომ დადგა დრო საკუთარი თავის განლაგებისა შესაბამის პოლიტიკურ სივრცეში. არავისთვის არის საიდუმლო, რომ მრეწველები ეცდებიან შეუერთდნენ „პატრიოტთა ალიანსს“ და ამ ორმხრივი სიმპატიების შესახებ იყო საუბარი. თუ იმავე მიმართულებით დააპირებს გადაადგილებას ბატონი მეჭიაური, ზოგიერთ პატრიოტს მოუწევს არაპატრიოტული გადაწყვეტილების მიღება.

მეჭიაური ამბობს, რომ მის აზრს იზიარებს უმრავლესობის გარკვეული ნაწილი და ასავე, თანამოაზრეები ჰყავს პარლამენტს გარეთაც. ერთი მეჭიაურია პრობლემა, თუქართული ოცნებისრიგებში არიან ბევრი მეჭიაურები, რომელთა საგარეო ორიენტაცია არის რუსეთი?

- არ მგონია, რომ მნიშვნელოვანი უმრავლესობა იყოს ამ განწყობით მოწამლული. მათი მცირე ნაწილი საჯაროდ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას და ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არც პიროვნულად და არც პოლიტიკურად საფრთხეს არ წარმოადგენენ, რადგან თავადვე გაშიფრეს საკუთარი თავი და ყველასთვის ცხადია, რომ თუ არ შეუერთდნენ უფრო ძლიერ პოლიტიკურ სუბიექტს, სერიოზულ მხარდაჭერას ვერ მოიპოვებენ. რასაკვირველია, რომ თითიდან გამოწოვილია მეჭიაურის განცხადება იმის შესახებ, რომ ზედმეტად ოპტიმისტები ვართ ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში და თურმე იმიტომ არის სხვა პოზიციის მატარებელი, თურმე იცის, რომ საქართველო წელს არ გახდება ნატოს წევრი.

ეს რამდენად სწორი ლოგიკაა?

- ცოტა შეუთავსებელი ლოგიკაა. თან დარდობს, რომ ვიღაცა ოპტიმისტია ნატოსთან ურთიერთობის საკითხებში, თან დარწმუნებულია, რომ ნატოში გაწევრიანება გამორიცხულია. დალოცვლილო, თუ ზუსტად იცი, რომ ნატოში ვერ მოვხდებით, რაღას წუხარ? იწუხონ მათ, ვისაც სურს, რომ წლის ბოლომე გახდნენ ამ ორგანიზაციის წევრები. სრულიად ხელოვნურია მისი ეს განწყობები. მე მგონია, რომ თვითონაც არ იცის კარგად რა სურს.

ვრჩები საკუთარ აზრზე, რომ მისი უდროო გამონათქვამები, გაკეთებულია ბატონი ივანიშვილის პოზიციების შესაფასებლად. გამომდინარე იქიდან, რომ არავის ახსოვს როდის იხმარა ბატონმა ბიძინამ სიტყვა - ნატო. ალბათ, მისთვისაც საინტერესოა, როგორი იქნებოდა საზოგადეობის რეაგირება, თუ ნატოზე აღარ იქნებოდა საუბარი. ამ კითხვის ავტორმა აშკარა პასუხი მიიღო საზოგადოებისგან, რომ მიუღებელია ყოველივე უკუსვლის მცდელობა იმ ვექტორისგან, რომელიც შექმნილია და დაცულია საქართველოს მოსახლეობის მიერ.

ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქვეყანაში არსებულ რუსულ რბილ ძალაზე, ხომ არ ფიქრობთ, რომ სწორედ რბილი ძალა დგას ამ ადამიანების უკან და მათი გამოყენებით ხდება საზოგადოებრივი აზრის შესწავლა? მეჭიაური, თოფაძე, ტყემალაძე - საქართველოს პარლამენტში სწორედ ეს სამეული აკეთებს საქართველოს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით განცხადებას...

- ვფიქრობ, ბატონი გოგი თოფაძის ფრაზეულოგია მხოლოდ მისია და არა ვინმეს მიერ შეთავაზებული. დიახ, ასეთი ხედვის გახლავთ ეს ადამიანი. იგი ეყრდნობა საკუთარ გამოცდილებას, როგორც ბიზნესში, ასევე პოლიტიკაში და გასაკვირი არაფერია, მაგრამ პრორუსულობას არ დავარქმევდი მათ განცხადებებს, უფრო პროსაბჭოურობაა თითოეულ იმ გამონათქვამში, რასაც ვისმენთ ბატონი გოგისგან, რადგან იმ თაობას ეკუთვნის, რომელსაც კარგად ახსოვს საბჭოთა პერიოდი, იმ ნიშნით, რომ ეს იყო ქვეყანა, სადაც ტერმინი - უმუშევარი არ არსებობდა. უმუშევარს მუქთახორას ეძახდნენ, აკავებდნენ და სადღაც სამსახურში განაწესებდნენ.

რასაკვირველია, ასეთი ნოსტალგია შეიძლება საფუძვლიანი იყოს ადამიანებისთვის, ვისაც წარსულთან ჰქონდათ შეხება, მაგრამ ჩვენი უბედურება გახლავთ ის, რომ არც ხელისუფლება და არც სამოქალაქო საზოგადოება არ დგამს აუცილებელ ნაბიჯს იმისათვის, რომ ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი და მით უმეტეს ამომრჩეველი, ინფორმირებული იყოს, თუ რა განსხვავებაა საბჭოთა კავშირის დროინდელ მოსკოვსა და 21-ე საუკუნის მოსკოვს შორის.

ეს ერთმანეთთან სრულიად შეუდარებელი ცნებებია და თუ ვინმეს გონია, რომ ადამიანი, ადამიანის მეგობარია, როგორც ამას სოციალისტური კავშირის მქონე ქვეყანა საუბრობდა, ხოლო დასავლეთში ადამიანი, ადამიანისთვის მგელია, მოდით, გავაგებინოთ ჩვენს ჭურში მსხდომ მოქალაქეებსაც, რომ დიდი ხანია ვეფხვები და ნიანგები გახდნენ. რაიმე პრესპექტივა იმისა, რომ კრემლის დღევანდელი შემადგენლობის პირობებში შესაძლებელია დემოკრატიის განვითარება, ნამდვილად წარმოუდგენელია. ამიტომ, რაც მეტი დასაბუთებული ინფორმაცია გვექნება და არა პოლიტიკური ფრაზეოლოგიით შენიღბული, მით უფრო თვალს გავახელთ, დავფიქრდებით და ამის შემდეგ ჩვენზე ვერც რბილი ძალა იმოქმედებს და ვერც ხისტი.

სწორედ საგარეო ორიენტაცია გახდა კოალიციის დაშლის მიზეზი და პირველი იყვნენთავისუფალი დემოკრატები“, რომლებიც 21 მაისიდან ქუჩის აქციებს იწყებენ და ამის მიზეზი გახდა .. კაბელების საქმის განაჩენი. რა პოლიტიკური შედეგი შეიძლება მოჰყვეს საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებით პროცესების ქუჩაში გადანაცვლებას?

- გავა დრო და დავრწმუნდებით, ვის ინტერსებშია გაუთავებელი შფოთი, ვინ არის დაინტერესებული, რომ არ მოხდეს როგორც ევროპასთან დაახლოვება, ასევე, არ მოხდეს ვიზის ლიბერალიზაცია და მათ შორის ყველაზე მგრძნობიარე და მიუღებელი ქართული საზოგადოებისთვის, როგორც არის სამართლიანობის მონატრება. იმედი იმისა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ რამე უკეთესობისკენ შეიცვლებოდა, ფუჭ ოცნებად დარჩა. უფრო მეტი, აზრთა გამრიგენი დღევანდელი რეალობისა თავად ტკბებიან იმ უსამართლობის აპოთეოზით, რომელსაც ამჟამად ვაწყდებით უკვე ე.წ. კაბელების საქმეზე.

თუმცა, ეს ის ხალხია, ვინც ე.წ. ტრაქტორების საქმეზეც კმაყოფილებით იცავდნენ უსამართლობას. ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება. ქართველმა ხალხმა კარგად იცის რა არის სამართლიანობა, ვინ ზღუდავს და გვაძალებს, რომ ქართული მართლმსაჯულების ყველაზე სანდო ფიგურად წარმოვაჩინოთ ვინმე მურუსიძე. რასაკვირველია, ასეთი პოზიციის გამო, მას მოუწევს პასუხისგება გაჯანსაღებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს რამდენიმე წელიწადში.

დაანონსებული ქუჩიის აქცები იქნება შედეგზე ორიენტირებული?

- უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც მეტი შფოთი იქნება ჩვენს ქვეყანაში, მით უფრო ნაკლები იქნება ევროპელთა სურვილი ჩვენთან დაახლოვებისა და თანამშრომლობის. ალბათ, ყველამ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ, მოვითმინოთ ორიოდე თვე, თუ დღესვე ვილაპარაკოთ იმ უბედურებაზე, რაც თავს დაგვატყდა ამ უკანასკნელი წლების განმავლობაში. მოლოდინი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას 2012 წლის ოქტომბრიდან გაუჩნდა, ყოფილა მხოლოდ უვერტურა, არც თუ ნაკლები საფრთხის შემცველი წარმოდგენისთვის, რომელიც ადრე სააკაშვილის დირიჟორობით სრულდებოდა, ახლა კი ყოველივე ამას ბატონი ივანიშვილი დირიჟორობს.