მაღალი ძაბვის პროტესტი ხევის მოსახლეობისგან

მაღალი ძაბვის პროტესტი ხევის მოსახლეობისგან

საქართველოში განსახორციელებელი ნებისმიერი ენერგეტიკული პროექტი მოსახლეობის უკმაყოფილებას იწვევს. ამჯერად მთის მოსახლეობა ჰესების წინააღმდეგ არ დარაზმულა. საქმე ეხება მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზს.

პროექტი, რომლის განხორციელებასაც ენერგეტიკის სამინისტრო სტეფანწმინდაში აპირებს გარემოს დაცვის სამინისტროში დაპირისპირების მიზეზი გახდა. სტეფანწმინდის რაიონის მოსახლეობა და არასამთავრობო სექტორი გარემოს დაცვის სამინისტროსგან იმ არგუმენტებს ითხოვდა, რომლის მიხედვითაც უწყება 500-კილოვოლტიანი მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას გეგმავს.

მათი პროტესტი და მოგვიანებით სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. როგორც ჩანს, პოზიციების დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს.

გიგლა აგულაშვილის უწყებაში აცხადებენ, რომ მშენებლობის ნებართვა მხოლოდ ყველა სტანდარტის დაცვით გაიცემა.

„ყველა ის ბრალდება, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს არამართებული გადაწყვეტილების მიღებასთან, არის მცდარი“, - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ. მისი თქმით, სამინისტრო მსჯელობს და ეყრდნობა ყველა იმ დოკუმენტაციას, რომელიც დადგენილია, როგორც მოქმედი კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სტანდარტებით და აღიარებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ.

„ამ თემასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა აქამდეც მიმდინარეობდა და დღეს კიდევ ერთხელ ვუპასუხეთ დასმულ შეკითხვას. ჩვენ დამატებით გვქონდა შესაძლებობა, გაგვეცა პასუხები კითხვებზე, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე ენერგეტიკის სისტემაში შემავალ შესაბამის დაწესებულებებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან აღნიშნული პროექტის სრულყოფილად განხორციელებაზე. ეს ისე უნდა მოხდეს, რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე რისკი მინიმუმადე იყოს დაყვანილი“, - განაცხადა ბითაძემ.

ხევის მოსახლეობა კი შიშობს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს პროექტის განხორციელების შემთხვევაში მათ სახლების დატოვება მოუწევთ, რადგან მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები ადამიანის ჯანმრთლობისთვის სახიფათოა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ზაზა წიკლაურმა განაცხადა, ეს არის დამანგრეველი პროექტი, რომლის მსგავსიც ხორციელდება სვანეთშიც, აჭარაშიც, რაჭა-ლეჩხუმშიც.

„ეს ელექტროგადამცემი ხაზი დაპროექტებულია დაუსაბუთებელი ეკონომიკური და ენერგეტიკული გაანგარიშებით. ისეთ ტერიტორიებზე გაჰყავთ, რომ თავის ზემოქმედებით ხევის მინიმუმ დაცლას და აოხრებას გამოიწვევს. თავი რომ დავანებოთ ეკოლოგიურ მხარეს და გარემოზე მის უარყოფით ზემოქმედებას“, - განაცხადა ზაზა წიკლაურმა.

აქციის მონაწილეები, პირველ რიგში, მოითხოვენ პროექტის დასაბუთებას. საერთოდ კი, მათი მოთხოვნა პროექტის შეჩერებაა.

ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკის პროექტთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელებას.

„ის აუცილებლად განხორციელდება და ვერავინ და ვერაფერი შეუძლის ხელს ქვეყნისთვის სტრატეგიული პროექტების განხორციელებას“, - აღნიშინა კალაძემ და ხაზი გაუსვა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე აპროტესტებს ამ პროექტის განხორციელებას. ამ დროს კი პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია.

საბოლოოდ შეთანხმებას მხარეებმა ვერ მიაღწიეს. გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სამინისტროები პროექტზე მუშაობას, ადგილობრივები კი პროტესტის გაგრძელებას აპირებენ.