წინასაარჩევნო კამპანია ძალაში შედის - მმართველ გუნდს უკვე ჰყავს ლიდერი - „მე მაქვს საკმაოდ რთული ამოცანა, რომ შევუთავსო ერთმანეთს პრემიერ-მინისტრობა და პარტიის თავმჯდომარეობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კითხვაზე - პრემიერია, თუ უფრო პარტიის თავმჯდომარე?
„ვფიქრობ, რომ ეს გაცილებით მეტ შესაძლებლობას მომცემს, რომ ერთად ბევრი კარგი საქმე გავაკეთოთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.
რამდენად დაძლევს მთავრობისა და მმართველი პარტიის ლიდერი ურთულეს ამოცანას - მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.
ლევან ალაფიშვილი: ჯერ კიდევ გიორგი კვირიკაშვილის პრემიერად გამწესების დროს ვამბობდი, რომ იგი რეალურად უმძიმესი გამოწვევის წინაშე იქნებოდა. მხედველობაში მაქვს მოახლოებული წინასაარჩევნო გარემო. გარდა ამისა, იგი უნდა დამკვიდრებულიყო გამაერთიანებელ ლიდერად პარტიაში, შემდგომ კოალიციასა და და მთავრობაში. ანუ სამივე გამოწვევა ერთად ჰქონდა შესასრულებელი და არა - ცალ-ცალკე.
ბუნებრივია, ეს გაწელილი პროცესი, რომელიც არა მხოლოდ პარტიის წევრობას, არამედ პარტიის ლიდერობასაც უკავშირდებოდა, რა თქმა უნდა, კითხვის ნიშნებს აჩენდა.
შეგახსენებთ ცოტახნის წინანდელ რესპუბლიკელებთან დაკავშირებულ ინციდენტს. ე.წ. სტრატეგიული პარტნიორობის თემასთან დაკავშირებით, როდესაც პრემიერემა განცხადება გააკეთა ორპარტიული სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.
ვიცე-პრემიერმა და არა მხოლოდ მან, მაშინვე ძალზე მკაფიოდ განმარტეს, რომ პარტია იღებს გადაწყვეტილებას და პრემიერის განცხადება არ არის საკმარისი ორპარტიული თანამშრომლობისთვის.
ანუ ამ განცხადებას ჰყავდა ორი ადრესატი. ერთი ადრესატი იყო პრემიერი, რომელსაც მიანიშნეს, რომ ჯერ პარტიაში უნდა გაწევრიანდეს, გახდეს ლიდერი, დაემორჩილოს პარტიულ დისციპლინას და ა.შ.
მეორე ადრესატი საზოგადოება იყო, მათ შორის, პირველ რიგში რესპუბლიკელები. მიანიშნეს, რომ გიორგი კვირიკაშვილი ჯერჯერობით არ არის ის ლიდერი, რომელიც უფლებამოსილია პარტიის სახელით მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილებები.
ამ ფონზე მნიშვნველოვანია, რომ თავად კვირიკაშვილმაც საკუთარი პირობა წამოაყენოს - უნდა ესმოდეთ მისი, უნდა იყვნენ თანამოაზრენი და ამავე დროს გიორგი კვირიკაშვილი უნდა იყოს ლიდრიც და გადაწყვეტილებების მიმღებიც პარტიაში, მით უმეტეს - სტრატეგიულ საკითხებზე.
ისიც გასათვალისწინებელია, რომ პარტიას ჰყავს ლიდერები, რომლებიც პარტიული თვალსაზრისით, საკმაოზე მეტი გავლენის მქონენი არიან. პირველ რიგში, ასეთად მოიაზრება ვიცე-პრემიერი კახა კალაძე. მას საკმაოდ მნიშვნელოვანი პოზიცია უკავია პარტიაში, სერიოზული მხარდამჭერები ჰყავს და შესაბამისად, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მასსა და მის მხარდამჭერებზე.
საგარეო კურსთან დაკავშირებით ბოლო დროს ბევრი კითხვა ჩნდება „ქართული ოცნების“ ზოგიერთი სახის განცხადებებიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი რამდენად სერიოზულად აზიანებს მმართველი გუნდის იმიჯს?
- პოლიტიკური რიტორიკის დონეზე ეს აჩენს კითხვებს, მაგრამ ვფიქრობ, სახიფათო არ არის და რატომ? - კონსტიტუციურად, ანუ ახელმწიფოებრივად, ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს ინსტიტუტი, კოლექტიური ორგანო - პარლამენტი, შემდგომ ასევე, კონსტიტუციურად, ამ პოლიტიკას ახორციელებს მთავრობა. ცალკეული დეპუტატი და არა მთავრობის წევრი, როგორი პოპულარული ან არაპოპულარულიც არ უნდა იყოს, ამ მიმართულებას ანუ კონსტიტუციურ მოცემულობას ვერ შეცვლის. რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკური ფრონტის გათვალისწინებით, მაგრამ ცალკეული დეპუტატების განცხადებები განმსაზღვრელი ჩემთვის ვერ იქნება - კოლექტიურმა ორგანომ, პარლამენტმა არაერთ აქტში, მათ შორის, საგარეო-პოლიტიკურში, მიიღო და დაადასტურა გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის უცვლელობის თაობაზე.
ასე რომ, ეს მოცემულობაა პოლიტიკური თვალსაზრისით და ამიტომ, ნაკლებად მაღელვებს ცალკეული დეპუტატების განცხადებები, რომელთა მიზანი არის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცევა, საკუთარი პერსონის პოლიტიკური აქტუალიზაცია, გარკვეულწილად, მითოლოგიზაციაც კი, - აი, ხომ არ ლაპარაკოს მისი სიტყვებით ვინმე სხვა, პოლიტიკის მიღმა. თუ პარლამენტი შეცვლის მიდგომებს და პოლიტიკას, მხოლოს ამ შეთხვევაში შეიძლება მსჯელობა, - ხომ არ იცვლება საგარეო პოლიტკული კურსი?!
კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე დადასტურდება „ქართული ოცნების“ უპირატესობა, მაგრამ მმართველი გუნდის უპირატესობა რომ დადასტურდეს, ამისათვის ალბათ, დიდი მნიშვნელობა ექნება საარჩევნო სიებს - ამაზე არაერთხელ უსაუბრიათ, მაგრამ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით საზოგადოების ინტერესი კვლავ განსაკუთრებით მაღალია...
- უპირატესობა ექნება, მაგრამ როგორი იქნება ეს უპირატესობა და რა შედეგი დაიდება, ეს არის მნიშვნელოვანი. არსებული პოლიტიკური საჭადრაკო დაფის გათვალისწინებით, მმართველი ძალა ფლობს ადმინისტრაციულ რესურსებს. ბუნებრივია, რომ მას სხვებთან შედარებით უპირატესობა აქვს, ანუ საარჩევნო გარემოს მიმართულებით რაიმე რევოლუციური ცვლილება 2012 წელთან შედარებით არ მომხდარა და პერსპექტივაც არ არის. შესაბამისად, თუნდაც მხოლოდ ამ კუთხით, „ქართულ ოცნებას“ ექნება უპირატესობა.
ამავდროულად, ჩნდება კითხვები, მაგალითად, წინასაარჩევნო პერიოდში როგორი იქნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების დონე. შეგვიძლია, გავიხსენოთ სულ ახლო წარსულის განცხადებები კოალიციაში შემავალი პარტიებისა და მათი ლიდერებისა, რესპუბლიკელების, „თავისუფალი დემოკრატების“ და ახლა უკვე არმაზ ახვლედიანის განცხადებაც ამის დასტურია - მხედველობაში მაქვს მანიპულირებები და ჩარევები სუსის და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ.
ეს ყველაფერი თავს იყრის საარჩევნი კონტექსტში და გაფიქრებინებს, რომ ხომ არ მოემსახურება ეს ინფრასტრუქტურა მმართველი პოლიტიკური თუ წამყვანი ძალის გამარჯვებას?! ან რას შევადაროთ ეს გამარჯვება?!
2012 წლის შედეგებს თუ შევადარებთ, ამ შემთხვევაში არ იქნება სწორი, რადგან იმ შემთხვევაში გამარჯვებული იყო კოალიცია და არა პარტია „ქართული ოცნება“.
ამიტომ, უნდა დავთვალოთ ის მანდატები, რაც პარტია „ქართულ ოცნებას“ აქვს. ვფიქრობ ერთი ან ორი მანდატით მეტის მოპოვება მმართველ პოლიტიკურ ძალას აფიქრებინებს, რომ ეს არის მნიშვნელოვანი წარმატება.
ვფიქრობ მმართველი პოლიტიკური პარტია დამოუკიდებლად ვერ შეძლებს იმ უპირატესობის მოპოვებას, მხოლოდ თვითონ რომ გააკონტროლოს პროცესები პარლამენტში. მას ყველა შემთხვევაში დასჭირდება სხვების დახმარება და სწორედ ამაზეა ტაქტიკური გათვლა არსებული მმართველი პოლიტიკური ძალისა.
ბოლო დროს რასაც ვაკვირდები, ანუ ე.წ. ოპონენტთა დასუსტებისა და პოლიტიკური სუბიექტების ფრაგმენტაციის მცდელობის პროცესს, ვთვლი, რომ ეს არის ტაქტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ყველაფერს - ანუ მნიშვნელოვანი შედეგი ჰქონდეს პარტია „ქართულ ოცნებას“, ხოლო დანარჩენები მცირე ოდენობით იყვენენ წარმოდგენილნი პარლამენტში. შესაბამისად, ამ პირობებში შეძლონ პოლიტიკური ვაჭრობა - სხვადასხვა გარიგეგები სხვადასხვა გადაწყვეტილებების დროს, ან მათზე გავლენის მოხდენა.
დღემდე არსებული ტენდენციით, საზოგადოებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო სია - მთავარი იყო ლიდერი. ასე იყო მიხეილ სააკაშვილის, შემდეგ - ბიძინა ივანიშვილის დროს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ახალი გუნდის ფორმირებაში მონაწილეობას არ იღებს ბიძინა ივანიშვილი და ახალი სახეები შერჩეულნი არიან პარტიის ლიდერების მხრიდან. თქვენი შეფასებით, ახლა თუ დადგება ის დრო, როდესაც მნიშვნელობა ექნება სიას და კვლავ ბიძინა ივანიშვილზე არ იქნება ჩაბმული მთელი პროცესი?
- იმის გათვალისწინებით, რომ მმართველი პოლიტიკური პარტია უკვე ფლობს მნიშვნელოვან სასამართლო, ძალოვან და ადმინისტრაციულ რესურსებს, დიდი მოლოდინი, ვინ შევა მის სიაში, არ იქნება. მთავარია, რომ ახლები იყვნენ, რადგან იმ ნეგატივისგან, რაც დაგროვდა, უნდა გათავისუფლდნენ.
რაც შეეხება პარტიულ სიას და კვირიკაშვილის ლიდერობას, სხვათა შორის, პროცესი ამ კონტექსტითაც უნდა განვიხილოთ - კვირიკაშვილი ლიდერი რომ გახდა, პარტიული სია ფაქტობრივად, უკვე დაწერილია - ესეც ერთი მკაფიო დასტურია იმისა, თუ რამდენად იქნება ამ პარტიის რეალური ლიდერი გიორგი კვირიკაშვილი. მას დახვდება სტრუქტურა, რომელსაც სხვა აკონტროლებს და მას მოუწევს ამ მოცემულობაში ჩაჯდომა.
ამ კონტექსტში, იქნებოდა განსხვავება, ვინ იქნებოდა „ქართული ოცნების“ სახე - პრემიერი კვირიკაშვილი თუ ვიცე-პრემიერი კალაძე?
- წინასაარჩევნო კონტექსტში იქმნებიან ახალი სახეები, რომლებიც სავარაუდოდ, გენერალური მდივნის მიერ უკვე შერჩეულნი არიან (და არა კვირიკაშვილის მიერ). თვითონ კვირიკაშვილიც არის მმართველი გუნდის განახლება, ნეგატივისგან გათავისუფლება, - ახალი სახე.
რეალურად, კვირიკაშვილი - ლიდერი ვფიქრობ, პარტიული თვალსაზრისით არ არის შემდგარი და შესაბამისად, კვირიკაშვილი, პლუს ახალი სახეები იქნება სხვა ლიდერის ან ლიდერების მიერ წინასაარჩევნო ტაქტიკური გათვლით მიღებული გადაწყვეტილება.
როგორც ჩანს, კვირიკაშვილი თანახმაა ამ მოცემულობაში და ამ ადამიანებთან ერთად გაიაროს წინასაარჩევნო პერიოდი. შემდგომ რა იქნება, ვერ გეტყვით, რადგან არ ვარ დარწმუნებული, რომ ფრაგმენტირებული პარლამენტის პირობებში პარტია „ქართული ოცნება“ და შესაბამისად, კვირიკაშვილი შეძლებენ პრემიერის პოსტის ადვილად შენარჩუნებას და მთავრობის ფორმირებას.
კალაძის შემთხვევაში როგორი კონფიგურაცია გვექნებოდა?
- კალაძე, მოგვწონს თუ არა, შეიძლება, იყოს მსჯელობის საგანი, მაგრამ პარტია „ქართულ ოცნებაში“ თავიდან ბოლომდე, ანუ შექმნიდან დღემდე, გადაწყვეტილების მიმღები იყო და ასეთად რჩება კახა კალაძე - თუ უფრო წონიანი ფაქტორი არ შემოვიდა, თუნდაც პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილის სახით. სხვაგვარად, არ ვფიქრობ, რომ პარტიაში კახი კალაძის პოზიციები შემცირდება. ის კვლავ დარჩება წამყვან პოლიტიკურ ფიგურად.
თემების აქტუალობას თუ გადავხედავთ, როგორც ჩანს, კვლავ მაღალია საზოგადოების მოთხოვნა ახალ პოლიტიკურ ძალაზე - რამდენად იქნება ბურჭულაძე სერიოზული კონკურენტი ერთი მხრივ - ნაციონალებისთვის, მეორე მხრივ - „ოცნებისთვის“?
- ბურჭულაძე წინასაარჩევნო პერიოდში იქნება წონიანი კონკურენტი ყველა პოლიტიკური ძალიასა. კონკურენციაში არ მოიაზრება მხოლოდ მნიშვნელოვანი ხმების წართმევა. ფაქტია რომ რეალურად პაატა ბურჭულაძის მიმართ არის სიმპათია, რაც შეიძლება გადაითარგმნოს პოლიტიკურ მხარდაჭერად.
რა რეიტინგებიც გამოქვეყნდა პაატა ბურჭულაძის მიმართ, ეს არის მოწონება, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისია პოლიტიკური წონის შესაქმნელად. მას აქვს შანსი და დარწმუნებული ვარ, ამ შანსს გამოიყენებს. განვლილი პერიოდი ანუ ფონდში მუშაობა ბურჭულაძეზე გარკვეული წარმოდგენის შექმნის საშუალებას გვაძლევს.
კერძოდ, მოსახლეობასთან შეხვედრები, იგივე, საჯარო ფინანსების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებზე აქცენტის გაკეთება, მიზნობრივ აუდიტორიასთან კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში შეხვედრები, არსებული პრობლემების საჯაროდ გამოტანა და დისკუსიის წარმოება, ეს ყველაფერი მან გაიარა, თუმცა პოლიტიკური პარტიის სახით რა იქნება ძირითადი ფასეულობები, როგორი იქნება მათი აქტივობა, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სამომავლო თემებია, მაგრამ რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, წარმატება მის მხარეს იქნება.
დაახლოებით ორი ფრაქციის ფარგლებში შესაძლებელია, რომ მაჟორიტარული თუ პროპორციული სიით მიიღოს მანდატების მაქსიმალური რაოდენობა.
პაატა ბურჭულაძე და მისი გუნდი შეძლებს ამ წარმატების გამოყენებას პარლამეტში, რადგან პოლიტიკური პარტია, რომელიც ახლა გამოვიდა პოლიტიკურ ველზე, უკვე ცდილობს წინასარჩევნო კამპანიაში ჩართვას.
დავუშვათ, მიიღო 10 მანდატი პარტიული თუ მაჟორიტარული წესით, ან ორივე ერთად - ბუნებრივია, ასეთი ტიპის გაერთიანებას, იმ სახეების გათვალისწინებით, ვინც არიან მის გუნდში, ექნება წარმატება. ვფიქრობ, ამ წარმატებას გამოიყენებს და განავითარებს - მომდევნო პარლამენტი იქნება ფრაგმენტირებული და შესაბამისად, თითოეულ მანდატს ექნება მნიშვნელოვანი წონა.