შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პრობლემას ვერ შემოუარეს

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის პრობლემას ვერ შემოუარეს

შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა ვერც წელს განახლდება. პროექტი კარგა ხანია გაჩერებულია. თითქოს სამთავრობო გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ რეალურად საქმე არ დაძრულა.

თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ შემოვლითი რკინიგზის პროექტი დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველ ნაწილში გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, შემოვლით რკინიგზასთან დაკავშრებით, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და როდესაც გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტი მომზადდება, რკინიგზის გადატანის ბედიც სწორედ მაშინ გადაწყდება.

რამდენადაც წელს ვერც დედაქალაქის გენერალური გეგმის მომზადება მოესწრება, შესაბამისად, არც შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელებას უნდა ველოდოთ. არადა, მთავრობაში გადაწყვეტილი აქვთ, რომ რამდენიმე წლის წინ შეჩერებული პროექტი ისევ ამოქმედდეს და ამით თბილისმაც გარკვეული შეღავათი იგრძნოს.

როგორც ცნობილია, „საქართველოს რკინიგზამ“ თბილისის მერიას შემოვლითი რკინიგზის სამი პროექტი შესთავაზა. ერთ-ერთი თბილისის ცენტრალური სადგურის მთლიანად გადატანას გულისხმობს. მეორე პროექტის მიხედვით, რკინიგზას ნაწილობრივ გადაიტანენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც თბილისის ფარგლებში, 70 ჰექტარზეა განთავსებული, დედაქალაქში აღარ იქნება და დარჩება უშუალოდ რკინიგზა, 13 ჰექტარზე. მესამე ვერსიით კი, მცირეოდენი ცვლილება შეეხება შემოვლით მიმართულებას და რკინიგზა ქალაქში მინიმალური დოზით დარჩება.

პროექტიდან ერთ-ერთს მერია მას შემდეგ შეარჩევს, რაც განაშენიანების გენერალური გეგმა მომზადდება. დედაქალაქის განვითარების გენერალური გეგმის პირველი ნაწილი უკვე დასრულდა. საბოლოო დოკუმენტი კი მზად მომავალ წელს იქნება.

სატრანსპორტო სფეროს ექსპერტის, შალვა ოგბაიძის თქმით, რკინიგზის თბილისის პერიფერიაში გადატანა დედაქალაქში მოძრაობას განტვირთავს. ამ თვალსაზრისით ორი მნიშვნელოვანი საქმის გაკეთება შეიძლება.

„გასული საუკუნის დასაწყისში, როდესაც ჩვენს დედაქალაქზე გაიარა რკინიგზამ, მაშინ თბილისში 200 000-ზე ოდნავ მეტი ადამიანი ცხოვრობდა და პრაქტიკულად მოძრაობის ის ინტენსივობა, რაც მაშინდელ სარკინიგზო მიმოსვლას ჰქონდა ჩვენი დედაქალაქის გავლით, ისეთი მაღალი არ იყო. ამიტომ დედაქალაქის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას სერიოზული რისკიც ემუქრებოდა.

მაგრამ დრო შეიცვალა, თბილისი განვითარდა, არასრული მონაცემებით, მილიონნახევარი მაცხოვრებელია. გარდა ამისა, რისკი საკმაოდ მაღალია დედაქალაქის ცენტრში სახიფათო ტვირთების გადაადგილების თვალსაზრისით. ამ მიზნით აუცილებელია რკინიგზის გადატანა, მაგრამ ქალაქის გარეთ მისი გადატანა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც ახალ პრობლემებს გააჩენს თბილისის ზღვისათვის, გარემოსათვის და არ უნდა გაიაროს ისეთ რელიეფზე, რომელიც იქნება წამგებიანი. ამ 3 კომპონენტის გაუთვალისწინებლობამ შეიძლება წარუმატებელი გახადოს გადატანა, მაგრამ იდეა, რკინიგზის ქალაქის გარეთ გატანისა, აუცილებელია“, - აღნიშნა „ოლნიუსთან“ საუბრისას შალვა ოგბაიძემ.

მისი თქმით, რკინიგზის გადატანის შემთხვევაში, რჩება გამოთავისუფლებული გზის საფარი, რომლის გამოყენება შეიძლება ან მოძრაობის განსატვირთად ან სწრაფი ელექტროტრანსპორტის შესაქმნელად.

„რკინიგზის გადატანას ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ, ვერ ვხედავ ხელისშემშლელ ფაქტორს. თუ რელიეფი არ ვარგა უნდა შევცვალოთ, თუკი გარემოს დამცველებს აქვთ შენიშვნა, უნდა გავითვალისწინოთ, ამდენი ხანი რით ვერ დადგინდა რა უნდა გაუკეთონ ამ რკინიგზას? როგორც ჩანს, ადამიანებს არ ყოფნით გადაწყვეტილების მიღების გაბედულება, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციაში“, - ამბობს შალვა ოგბაიძე.