მენავთობეები ანტიმონოპოლისტებთან ბოლომდე იბრძოლებენ

მენავთობეები ანტიმონოპოლისტებთან ბოლომდე იბრძოლებენ

მსხვილი მენავთობეებისა და კონკურენციის სააგენტოს ბრძოლა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ჯერჯერობით პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება მხოლოდ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ წინააღმდეგ გამოიტანა, რასაც ნავთობკომპანიაში კატეგორიულად არ ეთანხმებიან და შესაბამისად, სააპელაციოში ასაჩივრებენ. პარალელურად, საქალაქო სასამრთლოში მიმდინარეობს სხვა კომპანიების სარჩელის განხილვა. თუკი არც მათი საჩივარი დაკმაყოფილდა, ისინიც ზემდგომ ინსტანციაში გადაინაცვლებენ. აქედან გამომდინარე, საბოლოო ვერდიქტი კარგა ხანს არ დადგება.

„სოკარმა“ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. როგორც კომპანიის დირექტორი დავით ზუბიტაშვილი ამბობს, სასამართლო პროცესი ჯერ ჩანიშნული არ არის.

„100 პროცენტით მართლები ვართ და არასდროს იმედს არ ვკარგავთ. ჩვენი ტიპის კომპანიები იმედს არ კარგავენ. ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით“, - განაცხადა დავით ზუბიტაშვილმა.

„სოკარმა“ კონკურენციის სააგენტოსთან სასამართლო მიმდინარე წლის 11 აპრილს წააგო. სასამართლომ ძალაში დატოვა კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილება კომპანიის 14 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან კომპანიაში.

„ვაცხადებთ, რომ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმს“ არ დაურღვევია „კონკურენციის შესახებ“ კანონის არც ერთი მოთხოვნა. ბრალდება, რომ „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარზე ხელოვნურ ბარიერებს ქმნიდა, რომლითაც იზღუდებოდა წარმოება და მოქმედებდა შეთანხმებული ფასები, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოში საქმიანობის დაწყებიდან „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ მოქმედებდა და მოქმედებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკის, კანონმდებლობის და ნორმატიული აქტების შესაბამისად. კომპანია არასდროს იყო ორიენტირებული განსაკუთრებულ ზემოგებაზე, რასაც ადასტურებს ის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც განხორციელდა ჩვენი ქვეყნის მასშტაბით: ბიუჯეტში შეტანილია 1 მილიარდ 260 მილიონი ლარი, დასაქმებულია 1500 ადამიანი, სპონსორობას უწევს სხვადასხვა სპორტულ ფედერაციებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ხელოვნების დარგებს და ა.შ.

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ სამწუხაროა ასეთი შეფასება და ვაფიქსირებთ, რომ არ ვეთანხმებით კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას და საკუთარი ინტერესების დაცვას გავაგრძელებთ ცივილური სამართლებრივი გზით“, - აცხადებენ „სოკარში“.

სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „ვისოლი“, რომელსაც „სოკარის“ მსგავსად გასაჩივრებული აქვს კონკურენციის სააგნეტოს გადაწყვეტილება. კომპანიის გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ „სოკარის“ შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილება არასამართლიანია.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის ზაფხულში, სააგენტომ ნავთობპროდუქტების ქართული ბაზრის ხუთი უმსხვილესი მოთამაშე კონკურენციის კანონის დარღვევის მიზეზით ჯამში 55 მილიონამდე ლარით დააჯარიმა. ანტიმონოპოლისტებმა ხუთ მსხვილ ნავთობკომპანიას კონკურენციის შესახებ კანონის დარღვევის გამო სანქციები დააკისრეს: „ვისოლი“ (10,426 393 ლარის ჯარიმა), „ლუკოილი“ (4, 740 260), „სოკარი“ (14 381 385), „რომპეტროლი“ (10 885 806) „გალფი“ (11 267 384) და სამ ეკონომიკურ აგენტზე, რომელთაც მჭიდრო ურთიერთობები გააჩნდათ აღნიშნულ ხუთეულთან. ყველა დაჯარიმებულმა აღნიშნული დასკვნა სასამართლოში გაასაჩივრა.