ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ხელიდან არ გაუშვიათ

ბანკებს არაპროფილური ბიზნესი ხელიდან არ გაუშვიათ

ბანკების მიერ არაპროფილური ბიზნესის ფლობის საკითხი ისევ აქტუალურია. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვითომ შეზღუდვა დაუწესა კომერციულ ბანკებს, მაგრამ ყველამ იცის, რომ რეალურად ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. შესაბამისად, პრობლემას სიმწვავე არ მოკლებია.

„სიმახინჯის ერთ-ერთი საფუძველია ის, რომ ბანკებს არაპროფილური აქტივების ფლობის უფლება ჰქონდათ წლების განმავლობაში. ისინი ფლობენ ბიზნესებს მედიცინაში, დაზღვევაში, მშენებლობაში, ტურიზმში, სარესტორნო ბიზნესში და ა.შ. რასაკვირველია არ არიან დაინტერესებულნი კონკურენტების დაფინანსებით. ესაა არა მათი, არამედ ჩვენი ხელისუფლებების ბრალი, რომლებმაც ასეთი სიმახინჯე შექმნეს. შესაბამისად, ამ ჭარბი რესურსით ისინი საკუთარ ფირმებს აფინანსებენ.

მე ამას ყველაფერს ბანკებს არ ვაბრალებ – რა ბანკების ბრალია, რომ ქვეყანაში არც ერთი ალტერნატიული ფინანსური ინსტიტუტი არ არსებობს? არ არსებობს ინსტიტუციონალური ინვესტორები, ვენჩურული კომპანიები, საინვესტიციო ფონდები და ა.შ. კანონმდებლობამ ყველაფერი ბანკებზე „ჩამოკიდა“. საბანკო სისტემის სიმახინჯის გამოვლენაა ბანკებში არსებული რიგები: გაღარიბებულ ქვეყანაში, სადაც 72%, რომელსაც ხელფასი არ გააჩნია, ბანკებშია ატუზული. ბანკებში რიგები წარმოუდგენელია და ეს მხოლოდ საქართველოში ხდება“, - აცხადებს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი დემურ გიორხელიძე.

მისი თქმით, ბანკების მიერ არაპროფილური აქტივების ფლობა მათი ხელისუფლებასთან დაახლოებული ურთიერთობის შედეგია, რამდენდაც ეს არის ხელისუფლებისა და პრივილეგირებული ბიზნესის შერწყმის შედეგი, რაც კარგს არაფერს უქადის არც დღევანდელ ხელისუფლებას და არც ზოგადად საქართველოს.

„ესაა ჩამოყალიბებული ოლიგარქიული სახელმწიფო, სადაც სიღარიბე დომინირებს, სამუშაო ადგილები არაა და ამ პოლიტიკით ვერც შეიქმნება. არადა 100 ათასობით სამუშაო ადგილია შესაქმნელი, რათა უმუშევრობა ცივილიზებულ დონემდე იქნას დაყვანილი. ჯერჯერობით ეს არ ხდება და ვერც მოხდება, რადგან არ არსებობს შესაბამისი პოლიტიკა“, - ამბობს გიორხელიძე „კომერსანტთან“ ინტერვიუში.

მენაშენეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ირაკლი როსტომაშვილი ადასტურებს, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესს ძველებურად აკონტროლებენ და ამ მიმართულებით, ფაქტორივად, არაფერი შეცვლილა. სწორედ ამიტომ საქართველოში ეკონომიკა ვერ ვითარდება.

„რაღაც ფორმა შეცვალეს, მაგრამ იგივე სქემით მოქმედებენ. მე ვიცი, რომ სამშენებლო კომპანია „მ2“ „საქართველოს ბანკის“ კუთვნილი კომპანიაა. ბანკის ფუნქციაა, რომ მან ფული სხვა ბიზნესის ხელის შეწყობით იშოვოს. წარმოიდგინეთ, რომ ყველაზე მსხვილი ბანკი საქართველოში, რომელიც სამშენებლო კომპანიას ფლობს, ის სხვა კომპანიებს კონკურენტად აღიქვამს. კონკურენტს როგორც მინიმუმ ხელს თუ არ შეუშლის, არც დაეხმარება“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და დასძენს, რომ ეს მარტო სამშენებლო სექტორს არ ეხება. ბანკები ფლობენ სამედიცინო, ტურისტულ, საგანმანათლებლო, ღვინის წარმოებისა თუ საკალმახე მეურნეობებს.

„ყველგან აქვთ ბიზნესები. ამიტომ არ ვითარდება საქართველოში ბიზნესი. ბანკი არის ორგანიზაციისთვის სისხლის მიმოქცევის სისტემა, რომელიც არ მუშაობს და ეს ორგანიზმი კვდება“, - დასძენს როსტომაშვილი.

მისი აზრით, თუკი ხელისუფლება მოინდომებს, საბანკო სექტორს სხვა ბიზნესისგან რეალურად გამიჯნავს და ეს პროცესი არც ისე რთული იქნება. სხვა შემთხვევაში კომპანიები გაკოტრდებიან და ბანკები გამდიდრდებიან და მათ ქონებასაც დაისაკუთრებენ.

საბანკო სექტორის დომინირებას ადასტურებს ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც. ბოლო პერიოდში ამაზე ხშირად მიდის საუბრები და საფუძვლიანადაც, რადგან ბანკებს რეალურად გამიჯნული არ აქვთ არაპროფილური აქტივები.

„როდესაც დეველოპერული კომპანიები საუბრობენ იმაზე, რომ საბანკო სექტორი მშენებლობაშია ჩართული, სწორია. მართალს ამბობენ. მიმაჩნია, რომ ეს ასე არ უნდა იყოს. ბანკები ბიზნესთან ურთიერთობაში ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაში არიან, აქედან გამომდინარე, ზედმეტად, არაპროფილურ ბიზნესში ჩართვა არასწორია“, - აცხადებს ჭყონია.