ოფშორული ექო საქართველოში

ოფშორული ექო საქართველოში

ოფშორულმა სკანდალმა საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა, მაგრამ უამრავი კითხვა კი გააჩინა. უკვე ქვეყნის პირველი პირებიც აღიარებენ, რომ ოფშორული ბიზნესიდან საფრთხე მეტად მზარდია.

დიდ ბრიტანეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაუფარავად განაცხადა, რომ ოფშორულ ანგარიშები ხშირად გამოიყენება როგორც ნარკოტიკების, ისე იარაღით უკანონო ვაჭრობისთვის და უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის. ლონდონში მიმდინარე ანტიკორუფციულ სამიტზე განიხილება საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევა, რათა მიღწეული იქნას მსოფლიოში სამი ძირითადი პრინციპი, ესენია - გამჭვირვალობა, ანტიკორუფციული საერთაშორისო კანონმდებლობის აღრსულება, ახალი ინიციატივები ამ კუთხით და კულტურული ცვლილება იმ ქვეყნებში, სადაც კორუფციის საკმაოდ ძლიერი კულტურაა.

„ჩვენ გვექნება საშუალება, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას გავაცნოთ საქართველოს პრაქტიკა ამ მიმართულებით, ჩვენი მიღწევები, უკანასკნელი შეფასებები საქართველოს მიერ კორუფციის დაძლევის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები და ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო მასშტაბით ამ მაღალი გამჭვირვალობის სტანდარტების დამკვიდრების კუთხით საქართველო წარმოვაჩინოთ, როგორც რეგიონში მოწინავე ქვეყანა.

ოფშორული ანგარიშები ხშირად გამოიყენება, როგორც ნარკოტიკების, იარაღით უკანონო ვაჭრობის, უკანონო გზებით მიღებული ფულის აკუმულაციისათვის, რაც შემდგომში გამოიყენება ტერორისტული აქტივობისთვის. ეს ყველაფერი გადაჯაჭვულია ერთმანეთთან და საერთაშორისო თამეგობრობის ძალისხმევის გარეშე შეუძლებელი იქნება ერთიანი სტანდარტის მიღწევა“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც იმედოვნებს, რომ სამიტს კონკრეტული შედეგი ექნება.

ოფშორული კომპანიების მიმართ ბოლოდროინდელი დიდი სკანდალი „პანამის დოკუმენტების“ სახელითაა ცნობილი. საბუთები, რომელმაც ოფშორულ ზონებში გავლენიანი პერსონების ბიზნეს-გარიგებები გამოავლინა უკვე არაერთი საერთაშორისო სკანდალის მიზეზი გახდა. მსოფლიოს მასშტაბით რიგ გავლენიან ფიგურებს განმარტებების გაკეთება მოუწიათ, ჩინოსნების ნაწილმა თანამდებობები დატოვა.

პანამურმა ტალღამ საქართველოს სამეზობლომდეც მოაღწია: დაიწყო მოძრაობა სომხეთში, აზერბაიჯანსა და რუსეთშიც კი, მაგრამ თავად ჩვენს ქვეყანაში ამ მხრივ ამ დრომდე სრული სიმშვიდეა, არადა, პანამურ ნუსხაში 85 ქართული გვარ-სახელებია, მათ შორის, ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი და ა.შ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პროკურატურა და სამართალდამცველი ორგანოები მონაცემებით ჯერ არ დაინტერესებულან.

„ხდება ასეთი რამ, ზოგი ინფორმაცია დასტურდება, ზოგი - არა. მე ვიცი, რომ ბიძინა ივანიშვილს პრინციპში, დასამალი არაფერი აქვს, არც დაუმალავს. ვფიქრობ, ამ საკითხზე მეტი ინფორმაციის მოპოვება გმართებთ, ვიდრე რაიმე ბრალს დასდებდეთ“, –აღნიშნა საკითხის კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კი სპეციალური განცხადება გაავრცელა და დაასკვნა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე პროცესები ცალკეული ბიზნესმენების, ცალკეული დარგებისა თუ საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ არის მიმართული და ხშირად კამპანიურ ხასიათს ატარებს.

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცალკეული კომპანიების და ბიზნესმენების მიმართ, ერთგვარი „ბრალდების“ ტონით გაკეთებული განცხადებები, მათ მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიების გამო.

აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ ოფშორული კომპანიების გამოყენებით ბიზნესის წარმოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არაერთ განვითარებულ ქვეყანაშიც საქმიანობის სრულიად კანონიერი და ნებადართული ფორმაა. უფრო მეტიც, ჩვენს რეალობაში, ხშირ შემთხვევაში ოფშორული კომპანიის საგადასახადო ტვირთი სულაც არაა ადგილობრივი კომპანიის საგადასახადო ტვირთზე ნაკლები, თავად ოფშორი კი განიხილება და გამოიყენება კომპანიის აქტივების დაცვის უფრო მყარი გარანტირებისათვის, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური პრობლემა იყო წლების განმავლობაში.

ბიზნესის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ სამართლებრივად მოწესრიგებულ სივრცეში, სადაც დაუშვებელია კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა გახდეს ბრალდებების და არაჯანსაღი პროცესების საფუძველი. ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯითაც კი შესაძლებელია, გამოუსწორებელი ზიანის მიყენება ბიზნესგარემოსათვის და ამ ზიანის შედეგების აღმოფხვრას შემგდომში წლები არ ეყოფა“, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

თბილისის ყოფილი მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილის თქმით, გამოძიებისთვის კონკრეტული ინფორმაცია უნდა არსებობდეს, რომ საქმეს მსვლელობა მიეცეს.

„თავისთავად ოფშორში ანგარიშების ქონა აკრძალული არ არის. არსებობს სხვადასდხვა რეჟიმის ოფშორები, ზოგიერთთან სხვადასხვა სახელმწიფოები თანამშრომლობენ, თუმცა ასეთი ოფშორების რაოდენობა მცირეა. პანამის ოფშორი ერთადერთი არ არის და შესაძლებელია, სხვაგან უფრო საინტერესო სურათი აღმოჩნდეს. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ ყოველთვის შეზღუდული გვაქვს ასეთ ინფორმაციასთან წვდომა და პროკურატურას განსაკუთრებით უჭირს ოფშორებთან მუშაობა, რომელიც ისედაც რთულია. გამოძიებისთვის უნდა გქონდეს რაიმე ინფორმაცია გადასახადების დამალვის კუთხით“, - აცხადებს მწარიაშვილი.