საქართველოს მთავრობა „სტარტაპების“ დაფინანსების პროგრამას იწყებს –პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს ინოვაციური, საინტერესო ბიზნეს წინადადება და მისი განხორციელებისთვის სჭირდება დაფინანსება. პირველ ეტაპზე პროგრამისთვის გამოიყოფა 11 მლნ ლარი, ხოლო შემდეგ ბიუჯეტი გაიზრდება 35 მლნ ლარამდე.
„ჩვენ დავამტკიცეთ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპები, ხოლო ერთი თვის თავზე ეს ინსტიტუტი დაიწყებს ფუნქციონირებას ინოვაციებისა და ტექნოლოგიების პარკის შენობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, გამომდინარე იქედან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ბიზნესმა მიიღოს დაფინანსება ყველანაირი უზრუნველყოფისა და გირაოს გარეშე.
პროგრამა მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ინოვაციური პოტენციალის განვითარებას შეუწყობს ხელს. ჩვენ ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი, რაც მისასალმებელია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, პროგრამის კოორდინატორები არიან საპარტნიორო ფონდი და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, პროგრამის ამოქმედების პროცესში ასევე ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები.
„სტარტაპების“ ხელშეწყობა მთავრობის რეფორმის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთ პრიორიტეტად არის განსაზღვრული. დამწყები ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი პირობა კი, არის წვდომა ფინანსებთან.
ექსპერტთა ნაწილი სამთავრობო პროგრამის მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი. საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე კი, ეჭვს გამოთქვამს, რომ აღნიშნულმა პროგრამამ რეალური, ხელშესახები ეფექტი მოიტანოს, რადგან საქართველოში „სტარტაპის“ დაფინანსება ურთულესი საქმეა:
„ჩემი გამოცდილებით ვიცი, რომ „სტარტაპის“ დაფინანსებისგან ყველა თავს იკავებს. პარლამენტთან ინოვაციების საბჭო რომ შეიქმნა, ინოვაციური იდეების ავტორებს იმედი მიეცათ. პირადად ვთხოვეთ პარლამენეტთან არსებულ ინოვაციურ საბჭოს 5 ათასი ლარი გამოეყო ჩვენთვის, მაგრამ უარი მივიღეთ. მხოლოდ ლაპარაკი, რომ ინოვაციებს აფინანსებენ, საქმეს ვერ შველის, ეს მხოლოდ პიარკამპანიაა. ეჭვი მაქვს, რომ „სტარტაპებისთვის“ გამოყოფილი თანხა ისე დაიხარჯება, როგორც აქამდე დახარჯულა. რომელი ბანკი მოგცემს სესხს ისეთ იდეაზე, რომელიც მოგების გარანტიას არ იძლევა?
კიდევ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: 2-3 წლის შემდეგ, როცა სახელმწიფო სესხის პროცენტს ვეღარ გადაიხდის, მის გადახდას მეწარმე მოახერხებს? ინოვაციის დანერგვა არის ყველაზე ძვირი პროცესი, ამიტომ მოწინავე ქვეყნებში სპეციალური ფონდები იქმნება, სადაც ფულიანი ხალხია გაერთიანებული. სწორედ ისინი ცდილობენ საინტერესო იდეები დააფინანსონ, რადგან იციან - „სტარტაპი“ რამდენიმე წლის შემდეგ გახდება მომგებიანი და არა - დღესვე. საქართველოში უამრავი კარგი პროექტია გაჩერებული იმიტომ, რომ სახელმწიფომ არ იცის როგორ დააფინანსოს“, - აცხადებს „ბიპიენთან“ თამაზ ვაშაკიძე.
დამწყები ბიზნესისთვის სპეციალურ პროგრამებს უამრავი ქვეყანა ახორციელებს: ისრაელი, ბალტიის ქვეყნები, ამერიკა და ა.შ... უფრო მეტიც, ზოგიერთი ქვეყანა აფინანსებს არა მხოლოდ ნოუ-ჰაუს ტიპის ბიზნესს, არამედ კარგ იდეებს და პროექტებს. ასე რომ, მათი გამოცდილების გათვალისწინება საქართველოსაც მოუწევს, თუმცა მაღალტექნოლოგიური „სტარტაპების“ დაფინანსებას მაინც უპირატესობა მიენიჭება.