საპენსიო ასაკის გადაწევა დღის წესრიგში არ დადგება

საპენსიო ასაკის გადაწევა დღის წესრიგში არ დადგება

საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხანდაზმული ადამიანების რიცხვი იზრდება. სახელმწიფოებს სულ უფრო უჭირთ საპენსიო მომსახურების გაწევა და განსაკუთრებით კი მისი მოცულობის გაზრდა.

პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის. როგორც ჯანდაცვის კომიტეტი განმარტავს, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრები 21%-მდე და 40%-მდე გაიზარდოს.

„პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის – 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისათვის – 73 წლამდე“, – აღნიშნულია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

ხომ არ გამოიწვევს ეს პროცესები ქვეყანაში საპენსიო ასაკის გაზრდას? რამდენად ექნება შესაძლებლობა სახელმწიფო ბიუჯეტს მომავალში პენსიონერების მზარდი მოთხოვნა დააკმაყოფილოს? სხვათა შორის საპენსიო ასაკის გადაწევას ბოლო დროს ხშირად მიმართავენ მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ შობადობა დაბალია, მაგრამ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან გაიზარდა. შესაბამისად, ხანდაზმულ ადამიანთა რიცხვი მოსახლეობის საერთო ოდენობაში ზედმეტად მაღალია.

დღესდღეობით მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში საპენსიო ასაკი 65 წელია. ევროპასა და აშშ–ში შორეულ პერსპექტივაში, 2060 წლისთვის ამ ასაკის 70 წლამდე გაზრდას გეგმავენ როგორც ქალების ისე მამაკაცებისთვის. გერმანიაში ასეთი ნაბიჯის გადადგმა უფრო ადრეც იგეგმება.

იაპონიაში, სადაც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 82 წელია, პენსიაზე 70 წლის ასაკში გადიან. ნორვეგიაში კი, სადაც 79 წელს ცოცხლობენ, საპენსიო ასაკი 67 წელია.

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოზალიშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ ჩვენთან ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ხელი უნდა შეეწყოს დემოგრაფიულ პროცესებს, მათ შორის, დედათა და ბავშთა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებას, შობადობის გაზრდას და ა. შ.

საპენსიო მიმართულებით ხელისუფლებას ჯერჯერობით სხვა უმნიშვნელოვანესი ამოცანა აქვს გადასაჭრელი, რომელიც საპენსიო რეფორმას ეხება. დაახლოებით წელიწადნახევარში საპენსიო სისტემაში რევოლუციური ცვლილებების მოსალოდნელი. 2017 წლის მესამე კვარტლიდან დაგროვებითი საპენსიო სისტემის ამოქმედება იგეგმება და გარდა ამისა, საბაზისო პენსია ყოველწლიურად მინიმუმ ინფლაციის დონის გათვალისწინებით მოიმატებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსის ინფორმაციით, გაანალიზდა სამი სახის კერძო დაგროვებითი სისტემის მოდელი: ნებაყოფლობითი, სავალდებულო და ჰიბრიდული (შერეული). მისივე თქმით, ჰიბრიდული მოდელის დანერგვა საქართველოსთვის ყველაზე ეფექტური იქნება.

„საპენსიო დაგროვების მოდელი მუშაობს შემდეგნაირად: ორგანიზაცია ვალდებულია, თანამშრომელს შესთავაზოს ყოველთვიური საპენსიო შენატანი ხელფასის 2%-ის ოდენობით, რომელიც გადაირიცხება დასაქმებულის მიერ არჩეულ კერძო საპენსიო ფონდში. თუ დასაქმებული დათანხმდება შეთავაზებას, მაშინ მან საკუთარი შემოსავლიდან 2%-ით უნდა მიიღოს თანამონაწილეობა. დაქირავებულს უფლება აქვს, უარი თქვას მონაწილეობაზე. დასაქმებულის მონაწილეობის შემთხვევაში, სახელმწიფო საშემოსავლო გადასახადიდან მიიღებს თანაკონტრიბუციას და დამატებით გადარიცხავს ანგარიშზე 2%-ს. უნდა აღინიშნოს, რომ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, 2%-ზე მეტი შეიტანოს.

დაწესდება მაქსიმალური შენატანის ზღვარი სახელმწიფოს მიერ კონტრიბუციის კოეფიციენტზე, რაც თავდაპირველად იქნება 2000 ლარი და შემდეგ გაიზრდება ყოველწლიურად საშუალო ხელფასის ზრდის პარალელურად“, - განაცხადა საპენსიო რეფორმების სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ძიძიკაშვილმა.

მნიშვნელობა არ ექნება, დამსაქმებელი სახელმწიფო სამსახური იქნება თუ კერძო სექტორი - კონტრიბუციას ყველა თანაბრად მიიღებს, ხოლო მოქალაქის გარდაცვალების შემთხვევაში, აქტივები მემკვიდრეს გადაეცემა.