სვანეთში ოქროს მოპოვების დაწყებამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. მესტიის რაიონის სოფელ იელში ვითარება ძალიან დაძაბულია. როგორც ყოველთვის, ადგილობრივი მოსახლეობა უკან დახევას არ აპირებს.
უკვე ერთ კვირაზე მეტია, რაც სოფელ იელში ჩინურმა კომპანიამ მდინარე ენგურზე ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება დაიწყო. სოფელში ტექნიკა შეიყვანეს ღამით უშიშროების თანამშრომელთა თანხლებით, სამუშაოები მიმდინარეობს განუწყვეტლივ 24-საათიან რეჟიმში. გადათხრილია მთლიანად სოფლის მიმდებარე ტერიტორია.
მოსახლეობა უკმაყოფილებას გამოთქვამს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, რადგან არ მოხდა მათი ინფორმირება. კომპანიამ არ წარმოადგინა დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც მათ ჰქონდათ ნებართვა სამუშაოების ჩასატარებლად სოფელ იელში.
სვანები ითხოვენ სასწარაფო წესით სამუშაოების გაჩერებასა და რეაგირებას მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, უშუალოდ პასუხისმგებელ სახელმწიფო სტრუქტურებისგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საპროტესტო პერმანენტული აქციებით იმუქრებიან. რადგან როგორც ადგილობრივები ირწმუნებიან პროექტის სამოქმედო არეალი გაცილებით მასშტაბურია და მოიცავს მთლიანად ენგურის ხეობას და მიმდებრე თემებს.
„შევიკრიბეთ მთელი სვანეთიდან, აქ არის სვანეთის ყველა სოფლის მოსახლეობა. ორი კვირის შემოსულებიც არ არიან და გადათხრილია მთელი ტერიტორია, ტყე გაკაფეს, ზოგ ადგილას 15 მეტრის სიღრმეზე აქვთ ორმოები ამოთხრილი. მთელი სვანეთი ფეხზე დგას, ჩვენ აქ სვანეთის სიყვარულის გამო შევიკრიბეთ. სოფელ იელით დაიწყეს და მთელ სვანეთში ამგვარი სამუშაოების ჩატარებას გეგმავენ.
როგორც ვიცი, მათ არც ოქროს მოპოვებისთვის საჭირო ლიცენზია გააჩნიათ, აქვთ მხოლოდ სინჯის აღებისთვის საჭირო ლიცენზია, რომელიც 2005 წელს მიიღეს. იყენებენ ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას. ისეთი სუნია, რომ აქ გაჩერებაც შეუძლებელია. ადგილზე რომ მოვედით, კომპანიის თანამშრომლებმა დაუყოვნებლივ დატოვეს ტერიტორია, ტექნიკაც გავაყვანინეთ და მათ შემოსვლას აღარ დავუშვებთ“, - განაცხადა ხვიჩა ჩართოლანმა.
ადგილობრივები აცხადებენ, რომ იმ ტერიტორიაზე, სადაც ნენსკრაჰესი უნდა აშენდეს, სამუშაოების წარმოების დროს დიდი რაოდენობით ოქროს მარაგი აღმოაჩინეს, რის გამოც ტერიტორია დაილუქა და ჰესის მშენებლობა შეწყდა.
„ესენი მთელ ენგურის ხეობას მოედებიან. ნენსკრაჰესზეც შეწყვიტეს მუშაობა, იმის გამო, რომ იქაც ოქრო უპოვიათ და დალუქეს მთელი ტერიტორია. ამჟამად კი იქ ოქროს მოპოვებაზე წილების გადანაწილება მიმდინარეობს“, - განუცხადა „ამბები.ჯი“-ს ხვიჩა ჩართოლანმა.
საინტერესოა მართლა აქვს თუ არა ლიცენზია სოფელ იელში მომუშავე კომპანიას. არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ინფორმაციით, არსებობს-15 წლიანი ლიცენზია კეთილშობილი ლითონების შესწავლა-მოპოვებაზე, (მესტიის რ-ნი) რომელიც გაცემულია 2005 წელს. ლიცეზიის მფლობელია საზოგადოება „ოპტიკალ სისტემს“ (აშშ). კომპანიის დირექტორი და მფლობელი - ლინა მა (ჩინეთი), განმცხადებელია ვლადიმერ ფანგანი.
მოძრაობა „მწვანე მუშტი“ მხარს უჭერს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნას და უმოკლეს ვადაში მოითხოვს სამუშაოების გაჩერებას სოფელ იელში.
„ვაპირებთ საპროტესტო კამპანიის წამოწყებას ამ საკითხთან დაკავშირებით. გარემოს დაცვის სამინისტროს და ადგილობრივ ხელისუფლებას მოვუწოდებთ სასწრაფო რეაგირებისკენ“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.