მთავრობამ ონლაინგამსესხებლების მოსათოკად მუშაობა უკვე დაიწყო. სპეციალური პროექტის თანახმად, ონლაინ სესხებთან დაკავშირებით მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი იქნება. ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს მიაჩნია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილებაა, რადგან პროექტის მიზანი მომხმარებელთა ინტერესების დაცვაა.
„ამ პროექტის მიხედვით, რასაც ვიხილავთ, მარეგულირებელი ორგანო ეროვნული ბანკი უნდა იყოს. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს არის სწორი გადაწყვეტილება. პროექტის განხილვის შინაარსი არის მომხმარებელთა ინტერესების დაცვა იმიტომ, რომ დღეს, სამწუხაროდ, მოსახლეობაში ფინანსური საკითხების ცოდნა არ არის იმდაგვარი, რომ მათ თავიანთი თავი დამოუკიდებლად დაიცვან. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, ეს ყველაფერი იმგვარად დარეგულირდეს, რომ მოსახლეობამ მიიღოს აღნიშნული მომსახურება, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ ამავე დროს, მათ არ გასწიონ იმაზე მეტი რისკი, რაც ბუნებრივ ნორმას სცილდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
„საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელს გიორგი კეპულაძეს უცნაურად მიიჩნია ის, რომ ონლაინ სესხების გამცემი ორგანიზაციების საქმიანობა ეროვნულმა ბანკმა დაარეგულიროს. კეპულაძის თქმით, ერთ წელზე მეტია, მთავრობა ამტკიცებს, რომ საბანკო ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს არ უნდა ეხებოდეს, ამიტომ ამ ფონზე, გაუგებარია, რატომ უნდა დაევალოს ამ საფინანსო ინსტიტუტს ონლაინ სესხების დარეგულირება.
„ამ სექტორისგან მომხმარებლებისთვის გარკვეული პრობლემები წარმოიშვა. კარგი იქნება, თუ ეს კომპანიები არ გასცემენ სესხებს ისეთ მსესხებლებზე, რომლებიც გადახდისუუნაროები არიან. ხშირად, ონლაინ სესხს ისეთი მომხმარებლები იღებენ, რომლებსაც უკვე აქვთ გარკვეული ფინანსური ვალდებულება ან ბანკებთან, ან იმავე ტიპის ონლაინ ორგანიზაციებთან“, - განაცხადა „საზოგადოება და ბანკების“ ხელმძღვანელმა.
რაც ეხება საკითხს, უნდა დააწესოს თუ არა მთავრობამ ონლაინ სესხზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი, კეპულაძე მიიჩნევს, რომ ეს არასწორი იქნება. თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ქვეყანაში, სასესხო პროცენტს უნდა განსაზღვრავდეს ბაზარი და კონკურენცია. როგორც კი იქნება მაღალი კონკურენცია, მსგავსი ტიპის კომპანიები შეეცდებიან, მომხმარებელს უფრო კარგი პირობები შესთავაზონ.
„ონლაინ სესხების გაცემის მასშტაბები საკმაოდ დიდია, 4 მილიონი სესხია გაცემული და აქედან 10% არის დეფოლტი, ანუ ე.წ. გაფუჭებული სესხი, რაც იმას ნიშნავს, რომ 400 ათას ადამიანს აქვს პრობლემა ონლაინ კომპანიასთან. უნდა დაწესდეს გარკვეული რეგუალციები, თუმცა ამან არ უნდა დააზიანოს არც მომხმარებელი და არც ბიზნესი“, - განაცხადა კეპულაძემ.
ონლაინ სესხების რეგულირებაში მოქცევის ინიციატივას ეროვნული ბანკიც ეთანხმება. სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 27 აპრილს განაცხადა, რომ ამ ტიპის სესხები „მისახედია“.
„ეს არის საკითხი, რომელსაც უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროში არ ხვდება, სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ზოგადად ამ ბაზრის რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ სესხის აღებამ არ უნდა გააუარესოს მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა და აქეთკენ უნდა იყოს მიმართული ღონისძიება. ამავე დროს, მსესხებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, შეაფასოს ყველა ის რისკი და ხარჯი, რომელიც დაკავშირებული იქნება ამ სესხის მიღებათან.
ბალტიის ქვეყნებს აქვთ შედარებით დიდი ხნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, ეს საკითხი მისახედია“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.