მართალია არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადებული არ არის, მაგრამ წინასაარჩევნო ციებ-ცხელება ნელ-ნელა ძალაში შედის. პროცესები მთლად ხავერდოვნად ვერა, მაგრამ გასულ არჩევნებთან შედარებით მშვიდ გარემოში ვითარდება. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე ექსპერტი, გია ხუხაშვილი გვესაუბრება.
სამარკეტინგო-საკონსულტაციო კომპანია „აიფიემი“ მთავრობის წარმატების ინდექსური კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის მონაცემებით, მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის თვალსაზრისით, იანვართან შედარებით, თითქმის ყველა დარგში აღინიშნება მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის ინდექსის კლება. ყველაზე მკვეთრი ვარდნა - 3 ერთეულით - დაფიქსირდა ტერიტორიული მთლიანობა/უსაფრთხოება/ჯარის და მთავრობის ხალხისადმი დამოკიდებულების მიმართულებით. რამდენად აისახება მსგავსი სოციოლოგიური კვლევები არჩევნების შედეგებზე?
- არ მგონია, რომ ამ ტიპის კვლევა იყოს არჩევანის განმსაზღვრელი. ჩვენს, ქართველ ამომრჩეველს ურჩევნია, საკუთარი ასოციაციით მსჯელობდეს და არა ციფრებით. ეს მცდარი გაგება დამახასიათებელია პოლიტიკური ელიტისთვის, რომ ადამიანებთან ციფრებით ლაპარაკობდნენ. ადამიანებს აქვთ რეალური სოციალური პრობლემატიკა და საბოლოო ჯამში, საკუთარი კუჭით საზღვრავენ და არა ვიღაცის კვლევებით ან გამოქვეყნებული სტატისტიკით.
ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაცნაირად აისახება არჩევნებზე ან თუნდაც, იანვრის შემდეგ რამე შეიცვალა რადიკალურად უკეთესობისკენ ან უარესობისკენ. ჩემთვისაც კი, ადამიანისთვის, რომელიც პროფესიულად არის დაკავებული ამ ტიპის საქმიანობით, პრაქტიკულად, ეს ციფრები არაფერისმეტყველია.
არის თუ არა პრობლემა ის, რომ დღემდე არ არის დანიშნული არჩევნების თარიღი? პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საქმის კურსში არ არის, რატომ არ ინიშნება არჩევნების თარიღი და რატომ ვერ თანხმდებიან პრემიერი და პრეზიდენტი. თქვენი შეფასებით ეს რაიმე ტექნიკურ გათვლებთან არის დაკავშირებული?
- ეს არის პირველი პრეცედენტი ქართულ სინამდვილეში, როდესაც რამდენიმე თვით ადრე დაიწყო ამ თემაზე საუბარი. აქამდე, როგორც წესი, ორი-სამი თვით ადრე ვგებულობდით თარიღს. დღეს კეთილი ნება არსებობს, რომ უფრო ადრე გამოცხადდეს, ვიდრე ტრადიციად არის დამკვიდრებული ამ ქვეყანაში. ახლა ამის უკუღმა შეტრიალება და იქით შეედავეს პრინციპით საუბარი არასწორია.
სხვა საკითხია, რომ ტექნიკურად შესრულება იყო ძალიან უხარისხო და გაუგებრობაში გადაიზარდა, ეს რა თქმა უნდა, სამწუხარო რეალობაა, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მთავრობა და პრეზიდენტი ერთად იპოვიან გამოსავალს, რადგან რეალურად, ეს ყველაფერი დაემსგავსა პოლიტიკურ თამაშს - თითქოს მათ უნდოდათ დაფიქსირება, რომ კარგად თანამშრომლობენ, საბოლოო ჯამში კი, თანამშრომლობის სურვილმა გაუგებრობამდე მიიყვანა სიტუაცია.
ვფიქრობ, დროა, უკვე შეთანხმდნენ რაღაცაზე, და რაც მთავარია, ფორმას ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა. მივცემდი რეკომენდაციას, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ, ერთობლივად გამოაცხადონ - ერთად დადგნენ მიკროფონთან - ამას ორმაგი პოზიტიური დატვირთვა ექნება. ერთი ის, რომ კვირიკაშვილი არ არის ღარიბაშვილი და კონფრონტაციაზე არ აგებს ურთიერთობას. რეალური, ინსტიტუციური თანამშრომლობის მაგალითი უნდა გვაჩვენონ და გვერდიგვერდ გამოჩნდნენ. მეორე მხრივ, ეს ხაზს გაუსვამს, რომ გაუგებრობა ამოწურულია - უკვე გადავშალეთ ეს ფურცელი და უნდა ვიფიქროთ კონკრეტულად, არჩევნებზე.
სხვათა შორის, ძალიან მიკვირს უსუფაშვილის განცხადება, რომ ის საქმის კურსში არ არის. რამდენადაც ვიცი, ის ამ კონსულტაციების თანამონაწილე იყო - პოლიტიკოსებს ახასიათებთ „ხელის დაბანა“, მაგრამ ის რატომ „იბანს ხელს“, გაუგებარია.
როგორც პარლამენტის თამჯდომარე ამბობს, მან სთხოვა, არჩევნების თარიღი დაესახელებინათ და შემდეგ უკვე აღარ იცის, რა ტიპის კონსულტაციები მიმდინარეობს...
- ჩემი ინფორმაციით, ეს ასე არ იყო - ის ესწრებოდა კონსულტაციებს, რომელზეც მთავარი გადაწყვეტილებები იყო მიღებული, რის შემდეგაც ეს ყველაფერი გადაიზარდა გაუგებრობაში. ასე რომ, ისიც არის პასუხისმგებელი - მისი განაცხადი ფაქტობრივად, ნიშნავს, რომ ის არაფერ შუაში არ არის. სინამდვილეში ასე არ არის - ის პარლამენტის თავმჯდომარეა და ეს მისი თავისტკივილიცაა, არა მხოლოდ პრემიერის და პრეზიდენტის.
უსუფაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ ორთვიანი საარჩევნო მართონიც კი საკმარისი იქნებოდა. თქვენი შეფასებით, საკმარისი დროა ორი თვე პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ, თუ ყველა იმდენად ნაცნობია წინასაარჩევნო კამპანიის გარეშეც იცის ამომრჩეველმა ვისგან რას უნდა ელოდოს?
- აქ არ არის ლაპარაკი საარჩევნო მარათონზე, აქ საუბარია თარიღის გამოცხადებაზე. ტექნიკურად როდის ამოქმედდება რეალური მუხლები, სხვა საკითხია. თარიღიც ცნობილია - 8 ოქტომბერი - პარტიებს უკვე შეუძლიათ გარკვეული კამპანიის აგება ამ თარიღიდან გამომდინარე. კარგია, რომ პრემიერიც და პრეზიდენტიც აცხადებენ - არჩევნების თარიღი არ შეიცვლებაო. ტექნიკურად როდის გამოცხადდება - ეს სამთვიანი ციკლი იქნება თუ ხუთთვიანი, მოსაგვარებელია, თუმცა პარტიებს ეს არ უქმნის პრობლემას. მთავარია, რომ მათ იციან დედლაინი და შეუძლიათ დაგეგმონ საარჩევნო კამპანია ამ თარიღიდან გამომდინარე.
რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, გაერთიანებული ოპოზიცია, განსაკუთრებით, ნაციონალები აქტიურობენ, რომ როგორმე მიაღწიონ საარჩევნო კოდექსის შეცვლას და ახლა პრეზიდენტთან მსჯელობენ ამ თემაზე - ეს არის პრობლემა თუ ოპოზიციიის მხრიდან გარკვეული საარჩევნო კამპანიის ნაწილად შეიძლება მოვიაზროთ?
- სასაცილოა, რომ ამაზე ნაციონალები ლაპარაკონენ - მათ მიერ გაფუჭებული საქმის გამოსწორებაზეა საუბარი. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, მის შესაფასებლად რამდენიმე ინდიკატორი არსებობს. მაგალითად, თუ ავიღებთ მედიაგახსნილობას, ამ მხრივ ბევრად უკეთესი სიტუაციაა, ვიდრე იყო 2012 წელს. ბევრად უფრო პლურალისტურია მედიაც. ე.წ. ოპოზიციური მედიაც ბევრად უფრო ძლიერია. ამ კუთხით ხელისუფლების მიმართ კითხვები შეიძლება არსებობდეს გარკვეულ მედიასაშუალებებთან დაკავშირებით, მაგრამ არის მედიასაშუალებები, რომლებიც საკმაოდ მწვავედ ოპონირებენ ხელისუფლებასთან.
გარდა ამისა, ადმინისტრაციული დაწოლა პოლიტიკურ ელიტაზე თუ საზოგადოებაზე შეუდარებლად დაბალია, იგივე, წნეხი სპეცსამსახურების მხრიდან. ასე რომ, გარემო ამ მხრივ ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში.
ეს არ ნიშნავს, რომ არ უნდა ჰქონდეთ პრეტენზიები თუნდაც ნაციონალებს, რომ ყველაფერი კიდევ უფრო უკეთსად იყოს, მათ აქვთ ამის თქმის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ბევრი აქვთ გაფუჭებული ამ ქვეყანაში.
რამდენჯერმე გამოითქვა მოსაზრება და ალბათ, ყურადღებამისაქცევია, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული, შექმნის თუ არა პაატა ბურჭულაძე პოლიტიკურ პარტიას. რამდენად სერიოზული კონკურენტია ის პოლიტიკური პარტიებისთვის?
- საქმე იმაშია, რომ დღევანდელი პოლიტიკური ელიტა ღრმა კრიზისშია, იმიტომ, რომ ცოცხალი ადგილი აღარ დარჩა ქართულ პოლიტიკურ რუკაზე. პრაქტიკულად, ყველა მოქმედი პარტია დამძიმებულია წარსულის ცოდვებით, წარსული მარცხებით და შესაბამისად, ამომრჩეველი დისტანცირებულია პოლიტიკური ელიტისგან და ამ მოზაიკიდან არჩევანს ვერ პოულობს. ამას აჩვენებს კვლევები - აპათია იმით არის გამოწვეული, რომ ადამიანი ვერ აკეთებს არჩევანს - უნდა არჩევნებზე წასვლა, მაგრამ პოლიტკური ელიტა მისთვის იმდენად დისკრედიტირებულია, უჭირს არჩევანი.
ნებისმიერი ფიგურა, რომელიც სუფთა ფურცლიდან დაიწყებს, რომელსაც არ აქვს მძიმე წარსული, ბუნებრივია საინტერესოა. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ადამიანზე, რომელიც მისაღებია, ავტორიტეტულია, ბუნერივია მისადმი ინტერესი.
თუ ამომრჩეველი საბოლოო ჯამში, გადაწყვეტს არჩევნებზე წასვალს, მას ყველაზე მეტი შანსი აქვს ამ გააქტიურებული ამომრჩევლის მოზიდვის. ასეთი ამომრჩეველის რაოდენობა ყველა კვლევით, ძალიან დიდია - დაახლოებით, 30-40%-ია. მას ამ ელექტორატის მიზიდვის დიდი შანსი აქვს.
ყველა კვლევით, რაც ბოლო პერიოდში ჩატარდა, ხაზგასმული იყო, რომ „ქართული ოცნების“ გარდა ბარიერის გადალახვის გარანტია აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან მას ჰყავს თავისი მყარი ელექტროლატი. ვაშაძის, მანამდე კუბლაშვილის გუნდის წასვლა „ნაციონალური მოძრაობიდან“ არის თუ არა წინაპირობა, რომ მათზე „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორატი გადანაწილდება, ანუ ნაციონალები ნაციონალების წინააღმდეგ იბრძოლებენ თუ ისინი შეეცდებიან ის ამომრჩეველი მიიზიდონ, რომელიც იმედგაცრუებულია?
- არაფერს ნიშნავს - აბსოლუტურად არ აზიანებს ეს „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს ორპოლუსიანი სისტემა, რომელშიც ჯერ კიდევ ვცხოვრობთ, ალბათ, ძალიან მალე დამთავრდება - ანუ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ სისტემაში კი მხოლოდ ორი ადამიანი არსებობს რეალურად, რომელსაც ნაციონალური მასშტაბის ლიდერობა შეუძლია და რომელიც სიმძიმის, მიზიდულობის ძალას, ცენტრს ქმნის - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, ისინი რეალურად მონაწილეობენ, თუ არა ამ პროცესში.
ყველაზე კურიოზული ის არის, რომ არც ერთი მათგანი ფორმალურ პოლიტიკაში არ არის, მაგრამ ეს რეალობაა - მათი ნიშნით მიდის პოლიტიკური პროცესი.
ვაშაძის წასვლას რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას დაგიდასტურებთ რევერსული მაგალითით. ავიღოთ, ამ ქვეყანას რა დააკლდა ღარიბაშვილით, რომელიც ჩვეულებრივი ლიდერი კი არა, პარტიის თავმჯდომარე იყო და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი? - ის წავიდა, მაგრამ არაფერი შეიცვალა, რადგან რეალურად, გადამწყვეტი ფაქტორი იყო ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ მთავარი ფაქტორი არის მიხეილ სააკაშვილი. საჭადრაკო დაფაზე ამ ორი ადამიანის გარდა ჯერჯერობით სხვა არავინ ჩანს.
ვიღაც წავიდა, ვიღაც მოვიდა - ეს ყველაფერი სასაცილოა და საერთოდ არაფერს ნიშნავს. მთელი მმართველი კოალიცია დაიშალა და დამერწმუნეთ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი არ შეცვლილა, რაც იყო კოალიციის დაშლამდე, იგივე დარჩა იმიტომ, რომ ფაქტორი არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი - არც ერთი პარტია, არცერთი პოლიტიკური ფიგურა ფაქტორი არ არის. ვინც არ უნდა წავიდეს „ქართული ოცნებიდან“ ამით არაფერი შეიცვლება.
შესაბამისად, ვინც არ უნდა წავიდეს „ნაციონალური მოძრაობიდან“, ამით არაფერი შეიცვლება, რადგან ის მოცემულობაა, რაზეც ვისაუბრეთ.
ვაშაძის და კუბლაშვილის პოლიტიკური გუნდები „ქართული ოცნებისგან“ იმედგაცრუებულ ამომრჩეველზე იმუშავებენ?
- არ ვიცი, ისინი ვისზე იმუშავებენ, მათ პოლიტიკურ პერსპექტივას ვერ ვხედავ. ილუზიაა, რომ მათ ბარიერთან საერთოდ გადალახონ, სხვა საქმეა, თუ კარგ სპონსორს იპოვიან რომელიც „წიხლით შეტენის“ დიდი ფულის მეშვეობით - სხვა პერსპექტივა არ აქვთ.
უფრო მეტი პერსპეტივა აქვს „გირჩს“, საკმაოდ საინტერესოდ ვითარდებიან, ჯგუფურად წავიდნენ, თანაც, თავის დროზე და გარკვეული ინფრასტრუქტურული სამუშაო ჩაატარეს. თუმცა მათი შანსიც თეორიულია, შეიძლება გარკვეული კომპეტენციის ხარჯზე რაღაც შედეგი მიიღონ, მაგრამ ესეც იმ შემთხვევაში, თუ მაღალი აქტივობა იქნება არჩევნებზე. დაბალი აქტივობის პირობებში, რა თქმა უნდა, მათაც არანაირი შანსი არა აქთ.
რამდენად სერიოზულად უნდა მიუდგეთ იმ თემას, რომ ერთი მხრივ რუსეთი და მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებიან არჩევნების დროს პროვოკაციების მოწყობას და რამდენად შეიძლება გაზარდოს საფრთხე რუსული ფულის შემოსვლამ ქართულ პოლიტიკაში?
- რუსულ ფულზე კომანტარს არ ვაკეთებ, რადგან მიმაჩნია, რომ ეს დიდწილად გაბერილი თემაა. რაც შეეხება პროვოკაციას, ვფიქრობ, რომ რევოლუციური სიტუაციის და კრიზისების მთავარი ინიციატორი ყოველთვის არის ხელსუფლება. თუ რაღაც ხდება ქვეყანაში, ეს კარგ შემთხვევაში, ხელისუფლების სისუსტის და მის მიმართ უკმაყოფილების ზრდის გამოხატულებაა. ვერცერთი პარტია, ვერცერთი გარე და შიდა ძალა ვერ მოახრეხებს სერიოზული კრიზისის ინიცირებას, თუ ხელისუფლება თავის სიმაღლეზეა.
ასე რომ, გადაბრალება, თითქოს ამას ვიღაც ხელოვნურად აწყობს არარეალურია, ხელოვნურად ბუნებაში არაფერი ხდება. ყველაფრის საფუძველს ქმნის ხელისუფლება. ხელისუფლება ყოველთვის თვითონ უწყობს საკუთარ თავს რევოლუციას და ამას ჩვენი უახლოესი ისტორიაც მოწმობს.
რევოლუციები ხდებოდა იმიტომ, რომ ხელისუფლებები იქცეოდნენ ცუდად. 7 ნოემბერიც იმიტომ მოხდა, რომ სააკაშვილი იქცეოდა ცუდად და არა გარე ძალების ზემოქმედებით. ხელისუფლება, თუ ხალხს ემსახურება, მას ვერანაირი შიდა და გარე ძალა რევულუციებს ვერ მოუწყობს.