თბილისის მერია დედაქალაქის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯებს დგამს. ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ახალი ინიციატივა საზოგადოებას ბრიფინგის მეშვეობით ამცნო და ცენტრალურ უბნებში ზედმეტად მაღალსართულიან მშენებლობებზე ნებართვის დროებითი შეზღუდვა გამოაცხადა.
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში წესდება დროებითი შეზღუდვა საცხოვრებელ სახლებზე K2 კოეფიციენტის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევცვალოთ წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერი პრაქტიკა - თბილისის ცენტრალური და ისტორიული ნაწილის ქაოსური განაშენიანება, ისედაც მჭიდრო დასახლებებში“, - განაცხადა ნარმანიამ.
მერის ინფორმაციით, ცვლილებები თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში შევა და დოკუმენტი საკრებულოს დასამტკიცებლად გადაეგზავნება. დადგინდება ქალაქის განაშენიანების ცივილური წესები, რაც დედაქალაქის მთავრობას თბილისში მშენებლობების დარეგულირების შესაძლებლობას მისცემს.
რაც შეეხება დედაქალაქის სხვა გარეუბნებს, დროებითი შეზღუდვა მათ არ შეეხება, რათა ამ მიმართულებით განვითარების საშუალება გაჩნდეს.
ქალაქის მთავრობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი თბილისის გამწვანებაა და ამ მიმართულებითაც კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. კერძოდ, იმ გამწვანებულ ტერიტორიებზე (სკვერები, ბაღები), რომლებიც საცხოვრებელ ზონებში ხვდება, განაშენიანება შეიზღუდება.
კონკრეტული უბნების განვითარებისთვის შემუშავდება განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ), რაც იქნება კიდევ ერთი და მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიება თბილისში ქაოსური მშენებლობების განხორციელების წინააღმდეგ.
შეზღუდვა განხორციელდება შემდეგ უბნებზე: საბურთალოს ძირითადი ნაწილი, ვაკე, დიდუბის ნაწილი, წერეთლის გამზირი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ისნის რაიონის ისტორიული ნაწილი და მთაწმინდა-კრწანისის რაიონის ისტორიული უბნები. სხვა უბნებზე დროებითი შეზღუდვა არ გავრცელდება.
გარდა ამისა, მშენებლობისას დედაქალაქის მთავრობა „მწვანე სახურავებისა“ და ტერასების განვითარებას წაახალისებს. ეს იქნება სრულიად ახალი ნაბიჯი კორპუსების გამწვანებისათვის.
„ქალაქში აქტიური უნდა გახდეს „მწვანე სახურავების“ თემა. შესაბამისად, მშენებლობის პროცესში მწვანე სახურავებისა და ტერასების განვითარება დედაქალაქის მთავრობისგან წახალისებული იქნება სხვადასხვა ფორმით. დადგინდება სახურავების ერთიანი სტანდარტი, რათა ქალაქის გადმოსახედი იყოს ერთიანი და არ იყოს ამოვარდნილი საერთო კონცეფციიდან“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დედაქალაქის ხელმძღვანელობის ახალ ინიციატივას მხარს უჭერენ არქიტექტორები.
„მწვანე სახურავების თემა ცუდი არ არის, რადგან ესთეტიკურად მოწესრიგებული სახურავები იქნება. ის არ იქნება მხოლოდ ბეტონი და ვიზუალურად უფრო ლამაზი იქნება. უფუნქციოდ დარჩენილ სახურავებს ეს ბევრად სჯობს. როგორც ვიცი, ამდაგვარი ინიციატივის დროს შეღავათები დაწესდება.
საერთოდ, სახურავების გამწვანება საკმაოდ ხარჯიანი იქნება. პირობითად, ვთქვათ სამშენებლო კომპანიას საგადასახადოსთან X ვალდებულება აქვს, ამ წესის მიხედვით კი კომპანიას ამ ვალდებულების გასტუმრების სანაცვლოდ, მწვანე სახურავების მოწყობას შესთავაზებენ. შესაბამისად, კომპანიები დაინტერესდებიან. ეს კი პროვოცირებას გაუკეთებს იმას, რომ უსახური სახურავების ნაცვლად, ქალაქში გამწვანებული გადახურვა იქნება“, - აცხადებს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე დავით აბულაძე.
ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე აღნიშნულ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესწორებულ ვარიანტშია.
„აღნიშნული გადაწყვეტილება დედაქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა, რა თქმა უნდა, ის არსებულ მდგომარეობას უკან ვერ მოაბრუნებს და რაც აშენებულია და რა უბედურებაც დაგვემართა, იმას ვერ შეცვლის. ახლა მთავარია წინ გავიხედოთ“, - ამბობს ვარდოსანიძე.