ცხოვრება რეგისტრაციისთვის

ცხოვრება რეგისტრაციისთვის

ათასგვარი რეგისტრაცია, ავტორიზაცია, აკრედიტაცია, იმისთვის არის მოგონილი, რომ ადამიანებმა სხვა უფრო მნიშვნელოვანი საზრუნავისთვის ვერ მოიცალონ და ცხოვრების დიდი ნაწილი ბიუროკრატიული ქაღალდების მოპოვება-გაფორმებაში გაატარონ. გარდა ამისა, ყველა ზემოთჩამოთვლილი პროცესი, ამა თუ იმ ფორმით, ფასიანია და ახალ-ახალი რეგისტრაციების გამოგონებით სახელმწიფო ბიუჯეტით გვარიანად ივსება.

ამჯერად სიახლე ეხება ახალი ტიპის პირადობის მოწმობებს და “სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს”, რომელიც საქართველოს მოქალაქეებმა ამ მოწმობების აღებისას უნდა გაითვალისწინონ.

პირადობის მოწმობის ასაღებად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია სავალდებულო ხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში.

კანონპროექტის თანახმად, პირი, რომელსაც სურს აიღოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, ვალდებულია თავდაპირველად გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მიუხედავად იმისა, თუ როგორი ტიპის პირადობის მოწმობას იღებს - ელექტრონულს თუ არაელექტრონულს. ვისაც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაცია გავლილი არ ექნება, იგი ვერც მოწმობას მოიგდებს ხელთ.

საქართველოს მოქალაქე კი ამიერიდან 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებული იქნება აიღოს პირადობის მოწმობა. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციის გავლა და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლია ასევე 14 წლამდე საქართველოს მოქალაქეს და საქართველოში მცხოვრებ უცხოელს.

კანონპროექტის თანახმად, პირადობისა და ბინადრობის მოწმობების ერთმანეთისგან გამიჯვნა ხდება და 14 წლის ასაკის საქართველოს მოქალაქეს პირადობის მოწმობის ვალდებულება ემატება, კერძოდ, აღნიშნული მუხლი საკანონმდებლო ინიციატივაში შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ”საქართველოს მოქალაქე 14 წლის ასაკის მიღწევიდან 6 თვის ვადაში ვალდებულია მიიღოს პირადობის მოწმობა. პირადობის მოწმობის აღება სურვილისამებრ შეუძლია ასევე 14 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეს”.

გარდა ამისა, მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს მოქალაქე და საქართველოში მცხოვრები უცხოელი 14 წლის ასაკის მიღწევიდან არა უგვიანეს 6 თვისა ვალდებული არიან გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ მათ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი აქვთ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და მიიღონ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა. 14 წლის ასაკს მიღწეული პირის რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემა ხორციელდება ამ პირის ან მისი კანონიერი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

ყველაზე რთულად აქვთ საქმე უმისამართო პირებს, მათ 6 თვეში ერთხელ რეგისტრაციის გავლა მოუწევთ. დღეს არსებული ნორმით, პირმა, რომელსაც არ გააჩნია საცხოვრებელი ადგილი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია უნდა გაიაროს იმ დასახლებული პუნქტის მიხედვით, სადაც იმყოფება. ასეთ შემთხვევაში განცხადება-ანკეტაში მიეთითება მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და შესაბამისი აღნიშვნა კეთდება სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

ამას ემატება უმისამართო პირების მიერ 6 თვეში რეგისტრაციის თავიდან გავლის ვალდებულება, კერძოდ კი, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრაცია ძალაშია რეგისტრაციის თარიღიდან 6 თვის განმავლობაში.


ამ ვადის გასვლის შემდეგ პირი ითვლება რეგისტრაციიდან მოხსნილად, რაც წარმოადგენს პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების საფუძველს. რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ პირი ვალდებულია ხელახლა გაიაროს რეგისტრაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით. ახალ ელექტრონულ პირადობის მოწმობზე კი 65 წლის ზღვარი და უვადო მოქმედების პირადობის მოწმობები უქმდება. 

კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა 18 წლამდე პირებზე გაიცემა 4 წლის ვადით, 18 წლის ასაკს მიღწეულ პირებზე - 10 წლის ვადით. 65 წლის ზღვარი კი საერთოდ უქმდება და ამ ასაკის ადამიანებზე უვადო პირადობის მოწმობები გაიცემა.