სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვას გეგმავს. ყოფილ დიპლომატს ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ აქვს რა ფორმით მიიღებს მონაწილეობას, შექმნის ახალ პარტიას, თუ ისევ ძველ პარტიასთან ერთად მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ზურაბიშვილს საკუთარი პარტიის „საქართველოს გზის“ რეანიმაცია გაუჭირდება.
რა შანსები აქვს სალომე ზურაბიშვილს და რატომ აგრძელებს „ნაციონალური მოძრაობა“ ძალადობრივ პოლიტიკას? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.
პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო სალომე ზურაბიშვილმა, თუმცა, ჯერჯერობით, უცნობია დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, თუ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ ერთად. როგორ ფიქრობთ, რა ფორმით შიძლება მიიღოს ზურაბიშვილმა მონაწილეობა არჩევნებში და დამოუკიდებლად შეძლებს ბარიერის გადალახვას?
რამაზ საყვარელიძე: საპარლამენტო არჩევნებია და ბუნებრივია, რომ გუნდი ბევრ რამეს ნიშნავს, მაგრამ არის დროის ფაქტორი. ამ დროში სალომე ზურაბიშვილს ალბათ, გაუჭირდება გუნდის მოკრება, რადგან სავარაუდოა, რომ ასეთ მოძრაობაში ვერ მოასწრებდა შესაბამისი სპონსორების მოზიდვას, რაც დამოუკიდებლად საარჩევნო კამპანიის წაყვანას სჭირდება. უფრო მოსალოდნელია, რომ ზურაბიშვილი რომელიღაც პოლიტიკური პარტიის სიაში ჩაჯდეს.
მისასალმებელია ის, რომ პოლიტიკაში შესვლის სურვილი გამოთქვა, რადგან საქართველოს ნამდვილად არა აქვს იმის უფლება, რომ ასეთი პოლიტიკოსები და ასეთი შარმის მქონე ადამიანები არ გამოიყენოს. პოლიტიკაში შესასვლელად აუცილებელი არ არის საკუთარი პარტიით შესვლა, როცა თვითონ პიროვნებაა გადამწყვეტი პოლიტიკისთვის. დიახ, პოლიტიკისთვის გადამწყვეტია სალომე ზურაბიშვილი და არა ახალი პარტია.
რომელი პოლიტიკური პარტია იქნება მისთვის დასაყდენი ძალა? ზურაბიშვილის პოლიტიკური გემოვნება ახლოს არის მმართველ პარტიასთან, ისევე, როგორც რესპუბლიკელებთან და „თავისუფალ დემოკრატებთან“...
- ნებისმიერი პარტიისთვის ალბათ, მნიშვნელოვანია, ოღონდ თითოეული პარტიისთვის მეტ-ნაკლებად. იგივე რესპუბლიკელებისთვის და „თავისუფალი დამოკრატებისთვის“ ალბათ, სასურველია სალომე ზურაბიშვილი, მაგრამ დიდად აუცილებელი ალბათ, არ არის, რადგან რისი სიმბოლოც არის ქალბატონი სალომე -(დასავლური ორიენტაცია), ვიცით, რომ დასავლურ გზას ადგანან თვითონაც. ასე რომ, ზურაბიშვილის მიმატებით ბევრი არაფერი ემატებათ.
სამაგიეროდ „ქართულ ოცნებას“, რომელსაც გამოაკლდა „თავისუფალი დემოკრატები“ და რესპუბლიკელები, სჭირდება გაამყაროს განაცხადი იმაზე, რომ ის ევროპაზეა ოროენტირებული. სასურველია გაამყაროს არა მხოლოდ განცხადებით, არამედ საკადრო პოლიტიკითაც. ასეთი ფიგურაა სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ უფრო სჭირდება, ვიდრე სხვა პარტიებს.
პოლიტიკურ პარტიებში არსებული შიდა დაპირისპირების ფონზე, შესაძლებელია პოლიტიკურ ველზე ახალი ძალების გამოჩენა? თუნდაც იგივე პაატა ბურჭულაძე, რომელიც სავარაუდოდ, მომავალ კვირას გახდება ცნობილი მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას?
- იცით, მიკვირს აქამდე რატომ არ გაკეთდა ბურჭულაძის პარტიის მხრიდან განცხადება. ამომრჩეველს ახალი ამოცანა უდგას, რომ შეეგუოს ადამიანის აღქმას, როგორც ისეთი პირისა ვინც იბრძვის ხელისუფლებისთვის. ბურჭულაძეზე ჩამოყალიბებული აქვთ აზრი, როგორც შესანიშნავ პიროვნებაზე, შესანიშნავ მომღერალზე, ქველმოქმედზე, მაგრამ საზოგადოებაში შეიქმნას ასევე შესანიშნავი პოლიტიკოსის იმიჯი, ამას დრო უნდა.
რაც შეეხება სხვა პარტიებს, სხავთა შორის ვაშაძეს შეუძლია შეკრიბოს ეს პარტია. მან მიუთითა, რომ ახალგაზრდებზე აპირებს გასვლას. სწორი ნაბიჯია, ფაქტობრივად უკვე შემოისაზღვრა თავისი ამომრჩეველი, როცა ორიენტაცია აიღო ახალგაზრდებზე, რაც სწორია. არჩევნებამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ ყველა შანსი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ მოკლე დროში აიღოს მაქსიმუმი. ამიტომ, ახალგაზრდობა მისთვის კარგი შანსია.
ვაშაძე დღეს იმ პრობლემებზე საუბრობს, რაზეც ერთი წლის წინ საუბრობდა „გირჩი“. როგორ ფირობთ, „ნაციონალური მოძრაობაში“ გამოჩნდებიან ადამინები, რომლებიც იმ პრობლემებზე ისაუბრებენ, რა პრობლემებზეც საუბრობს ვაშაძე მით უმეტეს, რომ შიდა პარტიული დაპირისპირება სახეზეა?
- ეს დაპირისპირება არც ახალია და არც მოულოდნელი. აქ უფროსი თაობა ჯიუტობს, უმცროს თაობას არ უნდა ისე ცხოვრება, როგორც უფროსები ეუბნებიან და მივიღეთ ეს პროცესი. თუ ასეთი სიჯიუტე გაგრძელდება, ალბათ, გაგრძელდება ახალ-ახალი ადამიანების გარიყვა „ნაციონალური მოძრაობიდან“.
შესაძლოა „ნაციონალური მოძრაობა“ დაიშალოს? ეს არის პარტია, რომელიც დასავლეთთან მიმართებაში არის ძალიან ლოიალური, მაგრამ შიდა პოლიტიკურ პროცესებში და ოპონენტებთან ბრძოლაში ისევ ძალადობრივ პოლიტიკას იყენებს...
- არა მარტო პარტიის გარეთ, არამედ პარტიის შეგნით ძალადობრივ პოლიტიკას ატარებს. რაღაც ეტაპზე შეიძლება ძალადობრივ პოლიტიკა იყოს, მაგრამ დიდხანს ძალადობის ქვეშ ადამიანი კიარა, ცხოველი ვერ ძლებს და გარბის. ვისაც ამბიცია და გამბედაობა ეყო, გაიქცა და ამ მხრივ ვაშაძე მართალია. თვითონ ნაციონალების ნაბიჯებმა განაპირობა ვაშაძის არჩევნები. ნაციონალები ქმნიან იმ კლიმატს, რომელითაც შემდეგ თვითონ აგებენ. თუ არ შეიცვლება შიდა პოლიტიკა და ისევ ძალადობრივი იქნება, ასეთ შემთხვევაში 5 კაცის ამარა დარჩება პარტია.
საჯაროდ ემიჯნებიან ძალადობრივ რეჟიმს, მაგრამ პარტიის შიგნით აგრძელებენ ძალადობრივ მმართველობას. რატომ არ აქვთ პოლიტიკური ნება უარი თქვან ძალადობრივ პროცესებზე?
- უარი რომ თქვან ძალადობრივ მმართველობაზე, მაშინ ახალგაზრდა გადმოადგებს სკამიდან და თვითონ დაჯდება. პარტიაში კი, მზად არ არიან საიმისოდ, რომ თავისი ინტერესები უკან გადააგდონ. მათ ინტერესშია რაც შეიძლება დიდხანს იყვნენ პარტიის ლიდერებს შორის, ამიტომ ვერ ამბობენ უარს ძალადობაზე. მათ შორეული გეგმები არ აწუხებთ. მათი მიზანია, რაიმე გზით მოიხსნას ან შემსუბუქდეს სამართლებრივი დევნა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების წინააღმდეგ.