საწვავის კონტროლიდან საწვავის მარკირებამდე

საწვავის კონტროლიდან საწვავის მარკირებამდე

ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მარკირება დაიწყება, საწვავის ხარისხის კონტროლი კი უკვე მიმდინაროებს. დარღვევების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ზოგიერთი სინჯი შეიძლება საზღვარგარეთაც კი გაიგზავნოს შესამოწმებლად.

საწვავის მარკირების მეშვეობით მომხმარებელი ინფორმაციას მიიღებს საწვავის ტიპისა და ხარისხის შესახებ. გარემოს დაცვის სამინისტროსა და ნავთობიმპორტიორებს შორის ამ კუთხით მოლაპარაკება უკვე მიმდინარეობს. მარკირებას სავალდებულო ხასიათი არ ექნება და ის ნებაყოფლობითი იქნება. იმპორტიორების განაცხადების საფუძველზე დამზადდება დადგენილი ფორმის, ზომის, ფერის მარკა, რომელიც მიუთითებს, რომ კონკრეტულ ბენზინგასამართ სადგურზე იყიდება კონკრეტული სტანდარტის საწვავი.

„მომხმარებელი როცა მივა ამა თუ იმ ბენზინგასამართ სადგურზე, რომელიც ამ აქციაში იქნება ჩართული, დაინახავს ამ მარკას ვიზუალურად, შესაბამისად, ეს გაუჩენს გარკვეულ ნდობას პროდუქტისადმი. იმისათვის, რომ ვინმემ არ ითაღლითოს, არ მოგვატყუოს და ცუდი ხარისხის საწვავი არ მოგვყიდოს, ბუნებრივია, ჩაერთვება მოულოდნელი შემოწმებების მექანიზმი როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის მხრიდან“, - აცხადებს გიგლა აგულაშვილი.

საცალო ქსელში სარელიზაციოდ გამოტანილი საწვავის მიმართ გამოჩენილი ყურადღება ბოლო დროს ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლის დაწყებას უკავშირდება. მაისიდან ეს პროცესი გააქტიურდება. შესაბამისად, იმპორტიორებს და ავტოგასამართი სადგურის მფლობელებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ, რომ დადგენილ სტანდარტს არ გადაუხვიონ.

კონტროლს სამი სახელმწიფო უწყება - გარემოს დაცვის სამინისტროს ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური - ახორციელებს. დადგენილი ნორმების დარღვევის შემთხვევაში, კომპანიები 8-10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან. სანქცია შეეხება ისეთი საწვავის იმპორტს, წარმოებას და მიწოდებას, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ხარისხობრივ ნორმებს. ნავთობკომპანიებს მოულოდნელად, შერჩევითი წესით, მთელი საქართველოს მასშტაბით შეამოწმებენ.

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ინსპექტორი ნელი კორკოტაძე ამბობს, რომ მათ მიერ აღებული სინჯები ლაბორატორიებში გაიგზავნება. წარმოდგენილი ნიმუშები, ადგილობრივი ლაბორატორიების გარდა, შესაძლოა, საზღვარგარეთაც შემოწმდეს. კორკოტაძე მიუთითებს, რომ უხარისხო საწვავი ატმოსფერულ ჰაერზე ზემოქმედებას ახდენს, რაც ადამიანების ჯანმრთელობაზე პირდაპირ აისახება.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების ხელმძღვანელი ბექა კემულარიაც მიიჩნევს, რომ ნავთობკომპანიებმა ამ ნორმების შესახებ იციან და თუ შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ ეს ნორმები დარღვეულია, დამრღვევმა პასუხიც უნდა აგოს.

„თუ საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლები ნორმას არ შეესაბამება, მისი იმპორტი არც უნდა განხორციელდეს, საბაჟო სამსახურიც არ გამოატარებს, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ზოგიერთი დარღვევა ადგილობრივ ბაზარზე არასწორი შენახვის ან სხვა მიზეზის ბრალიც იყოს.

შემოწმების შედეგად მომხმარებელს ეცოდინება როგორ საწვავს ასხამს თავისი მანქანის ავზში. სხვათა შორის, მე ვფიქრობ, რომ შედარებით მცირე კომპანიებს არანაკლები ხარისხის საწვავი აქვთ, მაგრამ ზოგ-ზოგიერთების აგრესიული ანტიპიარის წყალობით, მათი რეპუტაცია საკმაოდ დაბალია. იყო დრო, როცა ზოგიერთი კომპანია იტალიიდან შემოტანილი საწვავითაც იწონებდა თავს, მერე კი, აღმოჩნდა, რომ ამ კომპანიებს იმ ხანებში იტალიიდან ერთი ლიტრი საწვავიც არ ჰქონიათ შემოტანილი... მაღალი ფასი რომ გაემართლებინათ, ასეთი რამ მოიფიქრეს და თან აგრესიული ანტიპიარი გაუშვეს, რომ თითქოს მცირე კომპანიების საწვავი უხარისხო იყო. იმედია, ასეთი ფაქტები ჩვენს ქვეყანაში აღარ მოხდება“, - ამბობს კემულარია.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ მთავრობის დადგენილება ყველა მეწარმემ უნდა დაიცვას, თუმცა კონტროლის შედეგად არ უნდა შეფერხდეს ბიზნესი.

„სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს თავისი მანდატიდან გამომდინარე და განახორციელოს კომპანიების კონტროლი და მონიტორინგი, თუმცა ეს კონტროლი არ უნდა იყოს დამატებითი ბიუროკრატიული წნეხი და ბიზნესის შემაფერხებელი. ყველა კომპანია, ცნობილიც და ნაკლებად ცნობილიც უნდა დაექვემდებაროს ამ რეგულაციას. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება გაიგებს რა პროდუქტის მომხმარებელია და ეს ვითარებაზე მხოლოდ დადებითად იმოქმედებს“, - განაცხადა ვანო მთვრალაშვილმა.