„ნაციონალური მოძრაობისგან“ ამომრჩეველი ელოდა ახალ ინიციატივებს, რაც არ განხორციელდა და პარტია დახურულ, კაბინეტურ სისტემად ჩამოყალიბდა“, - როგორც თავად ამბობს, ეს არის მთავარი მიზეზი, რის გამოც გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა. ვაშაძის გადაწყვეტილებას ყოფილი თანაპარტიელები იმით ხსნიან, რომ ვაშაძე ათეულში ვერ მოხდა. თუმცა, განსხვავებულია ყოფილი პრეზიდენტის პოზიცია და ვაშაძის გადაწყვეტილებას ოლიგარქ ივანიშვილის თამაშს უწოდებს.
გიორგი ვაშაძე ერთ-ერთი აქტიური და შედარებით ახალი სახეა. მას ორჯერ ჰქონდა მცდელობა დაემკვიდრებინა ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტაში, პირველად - როდესაც თბილისის მერობაზე გამოთქვა პრეტენზია, მაგრამ მაშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევანი ნიკა მელიას სასარგებლოდ გააკეთა და როგორც ირკვევა ეს გადაწყვეტილება გიგა ბოკერიამ და გიგი უგულავამ მიიღეს. სწორედ მაშინ მიიღო ვაშაძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება, მაგრამ პროცესში ყოფილი პრეზიდენტი ჩაერთო და ვაშაძეს გადაწყვეტილება შეაცვლევინა. მოგვიანებით კი, ვაშაძე პროცესებს გაარიდა და უკრაინაში იხმო.
ვაშაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დახურული კაბინეტურ მმართველობას თავისი სახელები და გვარები აქვს - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.
„ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა „ნაციონალური მოძრაობისგან“ ელოდა ინოვაციებს, სიახლეებს, ცვლილებებს და ახალ ინიციატიებს, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არ განხორციელდა. ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი ღია ორგანიზმისა, ჩვენ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს.
უარს ვამბობ, გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმებით“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.
სოციოლოგ ვალერიან გორგილაძის შეფასებით, გარკვეული ეროზია „ნაციონალური მოძრაობის“ სიის ფორმირების წინ გარდაუვალი იყო, რადგანაც პარტიის შიგნით კონკურენცია საკმაოდ მაღალი იყო. გორგილაძის განმარტებით, პარტიის შიგნით, პოზიციებს იმაგრებს ჯგუფი, რომელიც უკავშირდება ბოკერიას და გოკა გაბაშვილს და მეორე მხრივ, მიშა მაჭავარიანს და ხათუნა გოგორიშვილს. შესაბამისად, გორგილაძე ვაშაძის „ნაცმოძრაობიდან“ წასვლას მიხეილ სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმად აფასებს.
„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ გიორგი ვაშაძე სააკაშვილის კრეატურას წარმოადგენდა, ეს სააკაშვილის პოზიციებზე დარტყმაა. ეს არის მესიჯი სააკაშვილზე, რომ ის მცდელობები, მხოლოდ მან მოახდინოს „ნაცმოძრაობის“ სიის ფორმირება, მას არ გამოუვა. სააკაშვილს კომპრომისებზე წასვლა მოუწევს და ეს უდავოა“, - აცხადებს ვალერიან გორგილაძე.
მაშ ასე, „ნაციონალურ მოძრაობაში“, რომ საარჩევნო სიის დაკომპექტებაზე გამძაფრებული ბრძოლა მიმდინარეობდა, ამის შესახებ for.ge ჯერ კიდევ აპრილში წერდა, სათაურით - „ბოკერია და სააკაშვილი ერთმანეთს ნაცმოძრაობის საარჩევნო სიის გამო დაუპირისპირდნენ“, http://www.for.ge/view.php?for_id=44709&cat=2.
როგორც for.ge-ს წყარო ამბობდა, სწორედ, გამსვლელი ადგილი და საარჩევნო სიის დაკომპლექტება გახდა, ოდესის გუბერნატორისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას დაპირისპირების მიზეზი. ბოკერიას არ სურს ყოფილი ძალოვანების და კონკრეტულად, ვანო მერაბიშვილისა და ძმებ ახალაიებთან ასოცირებული ადამიანების საარჩევნო სიაში შეყვანა, რასაც ყოფილ მმართველ გუნდში დაპირისპირება მოჰყვა.
ამ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობა“ მაშინ კატეგორიულად უარყოფდა. თუმცა, პარტიაში არსებულ შიდა კლანურ დაპირისპირებაზე ინფორმაცია მუდმივად ჟონავდა. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ყოფილ სახელისუფლებო გუნდში პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს. მისივე თქმით, თუ პარტია პოლიტიკას არ შეცვლის და პარტიული ძალაუფლება ძველი პოლიტიკოსების ხელში იქნება, ეს პარტიისთვის წამგებიანი იქნება.
„ვაშაძე აქტიური პერსონა იყო, პარტიის ერთ-ერთ სახედ იქცა. როგორც ჩანს, ეს აქტიურობა გახდა მიზეზი იმისა, რომ შიდა პარტიული კონკურენციის გამო კოლეგებმა შეზღუდეს მისი მოძრაობის დიაპაზონი. შეგახსენებთ, მერიის არჩევნებს, როცა მსგავსი სახის დაპირისპირება მოხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ იმის მაგივრად, რომ ხელს უწყობდეს ახალი სახეების წინ წამოწევას, პირიქით, ძველი სახეები ხელს უშლიან ახლებს ამოტივტივებაში.
რაც შეეხება ბაქრაძის მისამართით გააკეთებულ განცხადებას, ეს ნიშნავს, რომ ვისაც სიმპათიები გააჩნია ბაქრაძის მიმართ, უარი უნდა თქვან ბაქრაძის არჩევაზე, რადგან ბაქრაძისთვის ხმის მიცემა ნიშნავს, რომ სხვას აძლევენ ხმას, რომლებიც ზედაპირზე არ ჩანან. მამათა და შვილთა პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ამ პროცესში, ბუნებრივია, იქნება დაპირისპირებებიც“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
მისივე თქმით, პარტიის განახლება მნიშვნელოვანია, მაგრამ ძველი კადრების ინტერესში არ შედის განახლება.
„ჯერ ერთი ვინ უნად გაემიჯნონ, როცა თავად არიან ვისაც უნდა გაემიჯნონ. ნაციონალები არ დაუშვებენ ახალი სახეების შემოყვანას. მათი მიზანია შეინარჩუნონ პოზიცია, ურჩევნიათ იყვნენ ოპოზიციაში, ოღონდ თვითონ იყვნენ წამყვანები. მით უმეტეს, რომ საზოგადოების ყურადღებიდან მოშორება სახიფათოც არის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მათი საქმეებიც ამოტივტივდეს. ამიტომაც პარტიის განახლება ძველი კადრების ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ ვაშაძე არ იქნება ერთადერთი, ვინც არჩევნებამდე გაემიჯნება „ნაციონალურ მოძრაობას“. მისი თქმით, ვინც პოლიტიკაში აპირებს დარჩენას და გამსვლელ სიაში ვერ ხვდება, ალბათ, დატოვებს პარტიას, რადგან ნაციონალებში საარჩევნო სიის გარეშე დარჩენა ნიშნავს, რომ პოლიტიკური კარიერა უნდა დაასრულონ.
„ვვარაუდობ, რომ ვაშაძე არ იქნება გამონაკლისი და იქნებიან კედევ სხვები, რომლებიც შესაძლოა, ჩუმად, მაგრამ მაინც გადგებიან განზე. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, რომ ხელისუფლებას ჩაანაცვლებენ, ფაქტია, ძალიან რთული პერიოდი უდგათ. რაღაც მანდატებს მიიღებენ, მაგრამ ეს არ იქნება ის რაოდენობა, რაც დღეს. ამიტომ, ყველა ცდილობს გამსვლელ სიაში დაიკავოს ადგილი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სააკაშვილი ხშირად აკეთებს განცხადებას ახალ სახეებზე. როგორც ჩანს, ვაშაძე ახალ სახედ არ მიიჩნეოდა თავად ამ ნაციონალებში და რეალურად ის აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. ასეთ ვითარებაში სჯობდა წამოსულიყო და წამოვიდა კიდეც. ვერ ვიტყვი, რომ ცუდი გადაწყვეტილებაა, სწორი გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება იდეალებს, საქართველოში იდეალები აღარ არსებობს და ამაზე ნუ ვილაპარაკებთ. ლაპარაკია პრაგმატულ და პიროვნულ შედეგებზე“, - განაცხადა for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძის წასვლა დანაკლისია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, თუმცა ამბობს, რომ ამ ნაბიჯით კმაყოფილი იქნება ძალოვანთა ის გუნდი, რომელიც დღესაც მიუღებელია ჩვენი საზოგადოებისთვის.
„დიდი ხანია იყო მოლოდინი, რომ ბატონი ვაშაძე საკუთარ თავს დაიხსნიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კლანჭებიდან, მაგრამ ნაბიჯი რომელიც მან ბოლოსდაბოლოს გადადგა, ჩემი აზრით საკმაოდ დაგვიანებულია. არ გამოვრიცხავ, რომ მას სხვებმაც მიბაძონ. როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობის“ შტო სადისტებისა და მძარცველების გარეშე ვერ იარსებებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას სოსო ცისკარიშვილი.