„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ყოფილ თანაგუნდელებს შორის განსაკუთრებით დავით ბაქრაძეს უპირისპირდება და მას „ფასადურს“ უწოდებს. ვაშაძე ამბობს, რომ პარტიაში „კაბინეტურ მმართველობას“ ხელს ბაქრაძე უწყობს, რაც მას საარჩევნო სიაში გარანტირებულ პირველ ადგილს და უმცირესობის ლიდერობას აძლევს.
პარტიის დატოვების მოტივებზე, for.ge დეპუტატ გიორგი ვაშაძეს ესაუბრა:
„ნაციონალური მოძრაობის“ რიგები დატოვეთ. თქვენი გადაწყვეტილების მიზეზი რა იყო?
- ქვეყანა ძალიან მძიმე ვითარებაშია და მას ამ კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება. მთავარი გამომწვევი მიზეზი ბიძინა ივანიშვილის ჯიბის მთავრობაა, რომელიც ქვეყანას მართავს. ქვეყნის ამ ვითარებიდან გამოყვანა მხოლოდ ახალ, ენერგიულ ძალას შეუძლია, რომელსაც ჟინი აქვს იმის, რომ საქართველოს წარმატება მოუტანოს. როდესაც აქტიურ პოლიტიკაში მოვედი, სწორედ იმის მჯეროდა, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ისეთი სიახლეები დაინერგებოდა, რომელიც ქვეყანაში ახალ პოლიტიკურ კლასს გააჩენდა. შევარდნაძის დროინდელი პოლიტიკოსები უნდა დამთავრდნენ და ქართულ პოლიტიკაში ისეთი ადამიანები უნდა იყვნენ, რომელთაც ნიჭიც აქვთ, გამოცდილებაც და ცოდნაც. ჩემი არაერთი მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალური მოძრაობის“ გახსნა ვერ მოხერხდა. ამ პარტიაში არის კულუარულ-კლანურ-კაბინეტური მმართველობის სისტემა და ჩემი გადაწყვეტილებაც ამას უკავშირდება.
შეგიძლიათ ის საკითხები დაასახელოთ, რაც პარტიის დღის წესრიგში დააყენეთ და ვერ გაიტანეთ? თქვენი გადაწყვეტილება თქვენს პოლიტიკურ ამბიციებს ხომ არ უკავშირდება?
- ჩემი მთავარი პრინციპი იყო, პარტიის არა ფასადური განახლება, არამედ ახალი სახეების წარმოდგენა. პრაიმერისების ჩატარებაც ჩემს მიერ ინიცირებული იყო. მთავარი პრინციპული განსხვავება ისაა, რომ პარტიული ვერტიკალებისა და ჩაკეტილი სისტემების არ მჯერა.
პარტიაში „კლანური“ მმართველობა რომელ ჯგუფებს შორის არის?
- კაბინეტურ მმართველობას სათავეში უდგანან - გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, გოკა გაბაშვილი, ხათუნა გოგორიშვილი და ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე. ეს ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების განწყობას საერთოდ ვერ პასუხობენ.
„ფასადად“ ქცეულ დავით ბაქრაძეში რას გულისხმობთ?
- დავით ბაქრაძე ერთ-ერთი განმაპირობებელი მიზეზია იმისა, ეს კაბინეტური მმართველობა რატომაც არსებობს.
ანუ, ამ გუნდს ბაქრაძე კრავს, თუ თქვენს მიერ დასახელებული ადამიანების მხრიდან „რეიტინგული“ ბაქრაძის გამოყენება ხდება?
- დავით ბაქრაძე ამ სიტუაციის არსებობას ხელს უწყობს.
კაბინეტური მმართველობა თავად ბაქრაძეს რას აძლევს?
ბაქრაძეს ეს სიტუაცია საარჩევნო სიაში გარანტირებულ პირველ ადგილს და უმცირესობის ლიდერობას აძლევს. ამ ადამიანებს არანაირი გამარჯვება არ უნდათ, მათი მიზანი ოპოზიციონერობას თამაშია. მე ოპოზიციონერობის თამაშით დავიღალე და დროა, ბრძოლა გამარჯვებისთვის დავიწყო.
თქვენ ამბობთ, რომ ეს ადამიანები პარტიის განახლების წინააღდეგ მიდიან, რატომ? განახლების შემთხვევაში, პარტიაში საკუთარ თავს ვერ ხედავენ?
- ეს ადამიანები ახალ სისტემაში საკუთარ ადგილს ვერ ხედავენ. ისინი თავის ადგილს იქ ხედავენ, სადაც მართვის პროცესი შემოსაზღვრულია და სხვადასხვა საკითხზე ექსკლუზივი აქვთ მოპოვებული.
მოსალოდნელია, რომ თქვენს გარდა, პარტია სხვებმაც დატოვონ?
- არ ვიცი.
თქვენ მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირი ხართ და თქვენი გადაწყვეტილება მასთან შეათანხმეთ?
- არავისთან არ შემითანხმებია. გადაწყვეტილება პირადად მე მივიღე. ის ადამიანი ვარ, რომელიც გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებს. ვისაც ჩემთან მუშაობის გამოცდილება აქვს, მან ეს ძალიან კარგად იცის. სანამ იმის მცირე განცდა მაინც მქონდა, რომ ამ პარტიაში რაღაც მაინც შეიცვლებოდა, მცდელობას არ ვაკლებდი, მაგრამ როცა ეს რწმენა დავკარგე, იმ გზით წავედი, რა გზითაც წავედი.
რაც შეეხება თქვენს პოლიტიკურ გეგმებს, ვინ იქნება თქვენს გუნდში?
- ჩემი მთავარი პრინციპი იქნება, ახალი ადამიანების წარმოდგენა პოლიტიკაში. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანია, რომელსაც შესაძლებლობა აქვს ქვეყნის პოლიტიკაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს. ჩემი გუნდიც ამ პრინციპიდან გამომდინარე ჩამოყალიბდება.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩართული იქნებით?
- აუცილებლად. ძალიან აქტიური ვიქნები და ნახავთ, რომ ძალიან მაღალ შედეგს ვაჩვენებ.
არჩევნებში ჩართვას ფინანსები სჭირდება, ეს თანხები საიდან გაქვთ?
- დაფინანსების კუთხით, ახალ მეთოდოლოგიას დავნერგავ. არ მეშინია იმის, რომ დაფინანსების პროცესში საზოგადოება ჩაერთოს. არ ვაპირებ, რომ რომელიმე ბიზნესმენთან ექსკლუზიური შეთავაზებები მქონდეს. ახალი პოლიტიკური კულტურის ნაწილი უნდა გახდეს ის, რომ საზოგადოებას ვისიც სჯერა, მის საქმიანობაში თუნდაც ათი ლარი ჩადოს.
თანამშრომლობას რომელ პარტიებთან აპირებთ?
- წითელი ხაზები არსებობს, ვისთანაც არ ვითანამშრომლებ.
მაგალითად, ვისთან არ ითანამშრომლებთ?
- „ქართულ ოცნებასთან“, ნინო ბურჯანაძესთან და ირმა ინაშვილთან. ისეთი პოლიტიკური ძალები არიან, რომელთანაც შეიძლება ვითანამშრომლო. ჩემი პოლიტიკური გუნდი მეყოლება, რომელიც ახალ პოლიტიკას შექმნის.
ეს თქვენი პოლიტიკური გუნდი ძალებს როდის მოიკრებს?
- არც ისე დიდი ხნის ვადაში.
გასაგებია, რომ თქვენ ნაციონალების ჩაკეტილობას აპროტესტებთ, თუმცა, თქვენ მათი ხელისუფლების პირობებში მაღალი თანამდებობის პირი იყავით. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას მაშინ იკავებდით, როცა ზურაბ ადეიშვილი ბიზნესის დატერორებით იყო დაკავებული. პასუხისმგებლობას გასულ წლებზე არ იღებთ?
- რასაც ვაკეთებდი, მასზე პასუხისმგებლობას ვიღებ. მე რომ სუფთა წარსული არ მქონდეს, ხმამაღალ განცხადებებს ვერ გავაკეთებდი. შესაბამისად, საკუთარ გადაწყვეტილებებში აბსოლიტურად თავისუფალი ვარ. გულწრფელი ვარ და პასუხისმგებლობას არასოდეს არ გავქცევივარ. მზად ვარ, რომ ჩემს ნებისმიერ ნაბიჯზე პასუხი ვაგო. ეს ქვეყანა ძალიან მაგარი იქნება და ამაში ძალიან დიდ როლს შევასრულებ.
ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“ და მასთან თანამშრომლობას არ აპირებთ და ქვეყნის მშენებლობაში „დიდ როლს“ როგორ შეასრულებთ?
- „ქართული ოცნება“ არჩევნებს წააგებს.
არჩევნებს ვინ მოიგებს?
- არჩევნებს ვინ მოიგებს, ამას ნახავთ.
პოლიტიკური ამბიცია გაქვთ, რომ თქვენ მოიგებთ?
- რატომაც, არა?!