მდინარის მიერ ჩამოტანილ შეშაზე ნადირობა ნაწილობრივ იზღუდება

მდინარის მიერ ჩამოტანილ შეშაზე ნადირობა ნაწილობრივ იზღუდება

მდინარის მიერ ჩამოტანილი შეშის მოპოვების შეზღუდვამ საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ოპოზიცია მთავრობას ხელოვნური ბარიერების შექმნაში ადანაშაულებს. მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი სხვა პრობლემაა, ხელისუფლება ნაკლებად მნიშვნელოვანი კანონპროექტების შექმნა-მომზადებით არის დაკავებული.

ითვალისწინებს თუ არა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივა მდინარის კალაპოტში არსებული მერქნული რესურსის მოსახლეობის მიერ მოპოვების აკრძალვას? ერთი მხრივ არა, მაგრამ მეორე მხრივ – კი. დღეის მდგომარეობით არ ხდება მდინარეების კალაპოტებში არსებული სტიქიის შედეგად მოთხრილ-მოტეხილი მერქნული რესურსის აღრიცხვა, არ არსებობს მისი კანონიერად გაცემის წესი, ამგვარი რესურსის ტრანსპორტირება დასჯადია და დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი.

გარემოს დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა მოსახლეობის მიერ მდინარის მიერ ჩამოტანილ საშეშე მერქანის მოპოვებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა. მისი თქმით, მდინარის კალაპოტში არსებული 12 სმ-მდე დიამეტრის რესურსი, რომელიც საშეშე მერქნად უნდა იქნას გამოყენებული, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოიპოვოს გადასახადების გარეშე. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად, დარეგულირდება მდინარეების კალაპოტში არსებული მოთხრილ-მოტეხილი რესურსის განკარგვა, რომლის ათვისებაც ბოლო ათწლეულებია ქაოსურად მიმდინარეობს.

„საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ჩვენთან სამინისტროში მომზადდა, ან ვერ ან არ გაიგეს ადამიანთა გარკვეულმა ჯგუფებმა. კვლევის მიხედვით, 3,5 მილიონი კუბური მეტრის საშეშე მერქანია საჭირო მოსახლოების უზრუნველსაყოფად. ყოველწლიურად გამოიყოფა 600 კუბური მეტრი, რომელიც წინა წლების ნაშთებთან ერთად უნდა იქნას ათვისებული. ჩვენ ეროვნულ სიმდიდრეს, ტყეს შეუძლია დაახლოებით 200 000 კუბური მერქნული რესურსი მოგვცეს, რომ ის არ განადგურდეს, ანუ მოთხოვნა არის გაცილებით მაღალი, ხოლო მიწოდების შესაძლებობა არის მცირე.

აქედან გამომდინარე, ჩვენ ვეძებთ გამოსავალს, რათა მოქალაქეებს არ ჰქონდეთ პრობლემა საშეშე მერქნის უზრუნველყოფაში. ერთ-ერთი რესურსი არის ქარტეხილის ან წყალდიდობის, ან რაიმე ბუნებრივი მოვლენის დროს მდინარის მიერ ჩამოტანილი საშეშე მერქანი, რომელიც ხმება და ლპება იქ, იმის გამო, რომ არ არსებობს რეგულაცია. იმის გამო, რომ საშეშე მერქნის გადაადგილებას და ტრანსპორტირებას სჭირდება სათანადო დოკუმენტები, ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი მოქალაქე, ვინც მოისურვებს მდინარის კალაპოტიდან მოიპოვოს საშეშე მერქანი, შეიძლება დაჯარიმებულიყო.

ჩვენი ინიციატივა გულისხმობს პროცედურის გამარტივებას, ჩვენი ინიციატივა გულისხმობს ხელმისაწვდომობის გაჩენას ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომ მდინარის კალაპოტში არსებული 12 სმ-მდე დიამეტრის რესურსი, რომელიც საშეშე მერქნად უნდა იქნას გამოყენებული, გადასახადების გარეშე მოიპოვოს. ამ შემთხვევაში ის არ გადაიხდის მოსაკრებელს. 12 სმ-ზე ზემოთ დიამეტრის მქონე ხე-ტყეზე მოქალაქემ უნდა შეატყობინოს ეროვნულ სატყეო სააგენტოს ცხელ ხაზზე და შეტყობინების შემდეგ ეროვნული სატყეო სააგენტო შესაბამის ფირნიშს მიანიჭებს, ამ რესურსს. ამ რესურსს სატყეო სააგენტო მოიპოვებს თავისი რესურსით, ხოლო ფირნიშის მინიჭება ერთ კუბურ მეტრზე ეღირება 3 ლარი. ამის შემდეგ სატყეო სააგენტო გამოიტანს და აღწერს რესურსს და შემდეგ ეს დაურიგდება სოციალურად დაუცველებს“, - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

გარემოს დაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება ბუნებრივ ტყეზე ზეწოლის შემცირებას, მდინარეების კალაპოტების გასუფთავებას, მოსახლეობის მერქნული რესურსით უზრუნველყოფას, ხე-ტყის ტრანსპორტირების კონტროლისა და ბრაკონიერებთან ბრძოლის გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს“, - განაცხადა აგულაშვილმა.

კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე განიხილა. დეპუტატებს ახალ ინიციატივასთან დაკავშირებით კონკრეტული შენიშვნა არ გამოუთქვამთ. სანამ კანონპროექტი სხდომაზე არ გავა, მასში შესწორებების შეტანა არ იგეგმება.

„თუ ტყის ფონდის საზღვრებში ხდება მდინარის მიერ მოტეხილი და მოთხრილი რესურსის ჩამოტანა, გარემოს დაცვის სამინისტროს ამგვარი რესურსის განკარგვის უფლება აქვს, ხოლო თუ მდინარე გავა ტყის ფონდის გარე ტერიტორიაზე, აქ წყდება გარემოს დაცვის სამინისტროს კომპეტენცია. ეს საკითხი დარეგულრიდება და სამინისტროს უფლება ექნება ამ მერქნული რესურსის მოგროვება და სოციალური მიზნებისთვის შემდგომი გაცემა მოახდინოს, ისევე როგორც ეს ხდება ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული მდინარეების მიერ ჩამოტანილ მერქნულ რესურსთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილემ მაია ბითაძემ.