ეროვნულმა ბანკმა ლარზე მოთხოვნის გაზრდისთვის სხვადასსხვა ღონისძიებები დაგეგმა. ლარის დარეზერვების მაჩვენებელი კომერციული ბანკებისთვის 10-დან 7%-მდე შემცირდა. იკლო რეფინანსირების განაკვეთამაც და 8 პროცენტის ნაცვლად, ამიერიდან 7.5% იქნება. მოქალაქეებს, რომლებსაც კომერციულ ბანკებში სესხი რეფინანსირების განაკვეთზე ჰქონდათ მიბმული, ყოველთვიურად ნახევარი პროცენტით ნაკლები თანხის გადახდა მოუწევთ.
„მონეტარული პოლიტიკის გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკურ პროგნოზების გათვალისწინებით, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინის შემცირებაზე. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტალებში ზომიერად შემცირდება და დროებით მიმდინარე მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნდება, ხოლო წლის ბოლოს მიუახლოვდება მიზნობრივ მაჩვენებელს. საპროგნოზო ინფლაციის კლება მნიშვნელოვანწილად ინფლაციური მოლოდინების შემცირებამ განაპირობა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ კი ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ბოლო პერიოდის განმავლობაში, მარტსა და აპრილში, ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის სახით სულ 85 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა.
„ჩვენ ვალუტის კურსის პროგნოზირებას არ ვაკეთებთ, თუმცა ვაკვირდებით ყველა იმ ფაქტორს, რომელმაც, შესაძლოა, გავლენა იქონიოს კურსზე და მინდა გითხრათ, რომ დღესდღეობით თუ რაიმე მნიშნელოვანი შოკები არ მოხდა, დიდ ცვლილებებს არ ველოდებით ლარის კურსთან დაკავშირებით.
ეროვნული ბანკის ინტერვენეციები დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მცირდებოდა. ვფიქრობთ, ეს ინტერვენციები კიდევ უფრო უნდა შემცირდეს მომავალში, რის შემდეგადც კურსი უფრო თავისუფალი იქნება და უფრო კარგად ასახავს ბაზრის მდგომარეობას.
მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი არის ფასების სტაბილურობა ქვეყანაში. მისი ყველა გადაწყვეტილება თანხვედრაში უნდა იყოს ამ მანდატთან. როდესაც ეროვნული ბანკი ინტერვენციებს ახორციელებდა, ამას არასოდეს შეუშლია ხელი ლარის კურსის ბუნებრივი მიმართულებისთვის. არც ძალიან მკვეთრი გამყარებაა კარგი და არც მკვეთრი გაუფასურება. ლარის მკვეთრმა გამყარებამ შესძლოა, გამოიწვიოს იმპორტის გაიაფება, ექსპორტის გაძვირება, რამაც შესაძლოა, ისევ უკან დაგვაბრუნოს და ისევ წნეხი წარმოქმნას ლარის კურსთან დაკავშირებით.
შარშან და წელს ეროვნულ ბანკს მოუწია რეზერვების გაყიდვა. მისი შევსება აუცილებელია და ეს პერიოდი კარგ დროს წარმოადგენს რეზერვების შევსებისთვის, რაც მოხდა კიდევაც ბოლო 20 დღის განმავლობაში“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.
ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკი ეთანხმება მთავრობის 3%-იან პროგნოზს. სებ-ში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში მთლიანი შიგა პროდუქტის ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებას, განსაკუთრებით მშენებლობის დარგში და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია წელსაც გაგრძელდება.
ექსპერტი ლევან კალანდაძე იწონებს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ქვეყანაში ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციური რისკი წლის ბოლომდე არის მინიმალური.
„რეფინანსირების განაკვეთის შემცირება და „იაფი ფულის“ პოლიტიკა გააიაფებს სასესხო-საკრედიტო კაპიტალს, რაც პოზიტიურად აისახება, ერთი მხრივ, ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობაზე და მეორე მხრივ, მშპ-ს ზრდის მაჩვენებელზე. საბანკო სესხით სარგებლობა გაუიაფდებათ იმ მოქალაქეებს (დაახლოებით 8 ათასამდე პირი), რომლებიც სარგებლობენ რეფინანსირების განაკვეთზე „მიბმული“ ლარში ნომინირებული სესხებით“, - აღნიშნა კალანდაძემ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ერთ მეტად საჭირბოროტო საკითხზე - ონლაინ სესხების ქაოსურ ბაზარზე. კობა გვენეტაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს საკითხი მისახედია. ამიტომ ეროვნული ბანკი მომხმარებელთა უფლებათა დაცვისკენ იქნება მიმართული. დღეისთვის ონლაინ სესხები ეროვნული ბანკის რეგულირებაში არ ხვდება, იმისთვის, რომ აღნიშნული სესხებიც რეგულირებას დაექვემდებაროს, საკანონმდებლო ცვლილებაა საჭირო.
„სახელმწიფომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის დაევალება ზოგადად ამ ბაზრის რეგულირება. პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ჩვენ ამ საკითხებს მომხმარებელთა დაცვის კუთხიდან ვუყურებთ. ზოგადად ვიტყვი, რომ სესხის აღებამ არ უნდა გააუარესოს მსესხებლის ეკონომიკური მდგომარეობა.
ბალტიის ქვეყნებს აქვთ შედარებით დიდი ხნის გამოცდილება ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ამ გამოცდილებას ვსწავლობთ. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი მისახედია და მას შემდეგ, რაც გადაწყდება, თუ ვინ გააკეთებს ამ საკითხის რეგულირებას, მოხდება იმ ღონისძებათა შემუშავება, რაც მომხმარებელთა დაცვის მინზით შეეცდება, რომ სავალალო შემთხვევები გამოირიცხოს. ეს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზეც დადებითად აისახება“, - აღნიშნა გვენეტაძემ.