გიორგი ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და საკუთარი გადაწყვეტილება პარტიაში არსებულ „კაბინეტურ მმართველობას“ დაუკავშირა, თუმცა, პარტიის ლიდერები ყოფილი თანაგუნდელის პოლიტიკურ ამბიციებზე აპელირებენ და პარტიაში მის მიერ დაყენებულ მოთხოვნას ასაჯაროვებენ.
for.ge-ს ინფორმაციით, გიორგი ვაშაძემ პარტიის საარჩევნო სიის ათეულში ადგილი მოითხოვა, რაზეც პარტიის მხრიდან უარი მიიღო. წყაროს ცნობით, პარტიის გადაწყვეტილებით, ვაშაძეს ადგილი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიის ოცეულში შესთავაზეს, რასაც ის არ დათანხმდა და პარტიას დაუპირისპირდა.
იმისათვის, რომ გიორგი ვაშაძეს პარტია არ დაეტოვებია, მას აკაკი ბობოხიძემ რეგიონებისთვის განკუთვნილი მე-11 ადგილის დათმობა შესთავაზა, თუმცა, ვაშაძემ ამ შეთავაზების სანაცვლოდ, პარტიის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის თანამდებობა მოითხოვა, რაც პარტიამ არ დააკმაყოფილა და შტაბის ჩაბარება ნიკა მელიასთვის გადაწყვიტა, რომელიც დავით ბაქრაძესთან ერთად საარჩევნო სიის ათეულში იქნება.
„ვაშაძის გადაწყვეტილება პარტიაში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ვაშაძემ პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დაურეკა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმისათვის, რომ მას მხარი არ დაუჭირა. ამ ფაქტის შემდეგ, ვაშაძე პარტიაში არ გამოჩენილა, რადგან იცოდა, რომ მას ამ ინციდენტს არავინ აპატიებდა“, - განუცხადეს for.ge-ს პარტიის წევრებმა.
პარტიაში განვითრებული პროცესების ალტერნატიულ ვერსიაზე საუბრობს თავად გიორგი ვაშაძე, რომელიც for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ მას მომავალი მოწვევის პარლამენტში გარანტირებული ადგილი ჰქონდა, თუმცა, მას ფასადურ სიაში ყოფნის ნაცვლად, ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნა ურჩევნია.
ვაშაძე პარტიის „კაბინეტური მმართველობის“ მოთავეებს ასახელებს და ამბობს, რომ პარტიას განვითარების საშუალებას - გიგა ბოკერია, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და ფასადა ქცეული დავით ბაქრაძე არ აძლევენ.
„სიცოცხლისუნარიანი ორგანიზმის ნაცვლად, დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა მივიღეთ, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე, ივანიშვილის მავნებლური მმართველობის მოკავშირე თავადაა და პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს ემსახურება“, - დასძინა ვაშაძემ, რომელიც საკუთარი გუნდის შემადგენლობას არ აკონკრეტებს, თუმცა, პოლიტიკურ კულუარებში აცხადებენ, რომ მას ფინანსურად არ გაუჭირდება, რადგან ის ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ახლო ნათესავია. კერძოდ, მისი მეუღლე ჩხარტიშვილის დის შვილია.
თუ რა გახდა გიორგი ვაშაძის განაწყენების მიზეზი, ამის გარკვევის მიზნით, for.ge მიხეილ მაჭავარიანს დაუკავშირდა. ჩვენთან საუბარში მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვაშაძის განაწყენება სიაში მისი ადგილის განსაზღვრას ეხება. მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა, რომ ვაშაძეს ამ ნაბიჯის გადადგმა მოუწია, მაგრამ პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებოს და არა - სხვაში.
„პირველად ვიტყვი, რომ საარჩევნო სიის ათეულში მხოლოდ დავით ბაქრაძე და ნიკა მელია იქნებიან, სხვა პირებს იცნობთ, თუმცა, არა როგორც პოლიტიკოსებს. მესმის, რომ ვაშაძე ნერვიულობს და ღელავს. თანამდებობებისთვის კი არ ვიბრძოდით, არამედ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაღაც შექმნილიყო. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, შეუმდგარი ქვეყნიდან სახელმწიფო ჩამოვაყალიბეთ და ქვეყანას ნაბიჯ-ნაბიჯ ვაშენებდით. გიორგის რამდენიმე შანსი ჰქონდა, რადგან ის პარტიის განახლების საკითხებში მდივანი იყო და მას შანსი ჰქონდა, რომ მერობის კანდიდატად პრაიმერისში კენჭი ეყარა. მას ასევე შანსი ჰქონდა, რომ პარტიისთვის რაღაც ინიციატივები შეეთავაზებინა და მას ათეულში გარანტირებული ადგილი ექნებოდა“, - აცხადებს მაჭავარიანი.
კანონმდებელი ვაშაძის მიერ დავით ბაქრაძის „ფასადად“ მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს, რომ ბაქრაძე ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერია, რომლის პრინციპული პოზიცია იყო, რომ პირველ ათეულში არც ერთი პოლიტიკოსი არ ყოფილიყო და მხოლოდ ნიკა მელია და ახალი სახეები ყოფილიყვნენ.
„გიორგი დაჟინებით მოითხოვდა, რომ სიის პირველ ათეულში ყოფილიყო და აღიარებული ლიდერი ყოფილიყო. ლიდერობას აღიარება იმ ხალხის მხრიდან უნდა, ვისთანაც მუშაობ. რაც პოლიტიკაში ვარ, იმ საქმეს ვაკეთებ, რაც მნიშვნელოვნად მიმაჩნია. საქართველოს ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ოპოზიციური პარტია დაშლას გადარჩა და ის გამარჯვებისთვის იბრძვის, ხოლო გიორგის და მისნაირებს რაღაც ამბიცია ამოძრავებთ. ის უკრაინაში მიმდინარე პროცესებში საკმაოდ იყო ჩართული და პარტიაში მის პასიურობას ამით ხსნიდა. ბოლოს იყო კონფლიქტი, როცა მან მოითხოვა, რომ ლიდერად გვეღიარებინა, როცა სერგოსთან არჩევნები წააგო. გარანტირებული ადგილი არავის არ აქვს. პრინციპები დავამტკიცეთ, სადაც სიაში ან სამდივნომ უნდა წარგადგინოს, ან რეგიონებმა. სამდივნოს სია ნანახი მაქვს და იმ სიაში ვაშაძე არ არის, რეგიონების სხდომები კი უნდა გაიმართოს“, - დასძენს მაჭავარიანი.
მაჭავარიანი მის მიმართ ვაშაძის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსაც ეხმაურება და აცხადებს, რომ მისთვის თანამდებობა პრობლემა არასოდეს არ ყოფილა.
„პარტიის შიგნით ვინც დააასახელა, ალბათ, მისი გათვლაა, რომ საზოგადობაზე თამაში უნდა, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო, ჩვენი გუნდი ძლიერი ყოფილიყო. მიშა მაჭავარიანისთვის თანამდებობა პრობლემა არასოდეს არ იყო. ალბათ, გახსოვთ, რომ მინისტრის პოსტიდან გადავდექი. ასევე 2014 წელს, პარტიის აღმასრულებელი მდივნის პოსტიდან გადავდექი და გზა სხვებს დავუთმე, მაგრამ სამწუხაროდ, ადამიანებს იმაზე მეტი ამბიცია აღმოაჩნდათ, ვიდრე მე წარმომიდგენია. ვაშაძეს საკუთარი წარუმატებლობის გადაბრალება სხვაზე უნდა“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
რაც შეეხება ხელისუფლების განწყობას, ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე for.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. კანონმდებელი ნაციონალების რიგებიდან „გირჩი“-ს წევრებისა და ანდრო ბარნოვის წასვლასაც ეხმაურება.
„ნაციონალების რიგეიდან არაერთი პირი წავიდა, მათ შორის, ანდრო ბარნოვი და „გირჩი“-ს ამჟამინდელი წევრები. რეალურად, პარტიის თავმჯდომარემ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი თქვა. შიგნით სიტუაცია ძალიან მოშლილია და როგორც ჩანს, დაპირისპირებაა. წინასაარჩევნოდ აქტუალურია სიები და როგორც ჩანს, მათ შორის დაპირისპირებაა. ეს მათი შიდა საქმეა და ნაკლებად გვაინტერესებს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ შორის არავითრი ერთობა არ არის, რაც გარედან ჩანდა და ბრძოლაა თანამდებობებისთვის, თუნდაც ოპოზიციაში ყოფნის პირობებში“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ რიგები პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და გოგა ხაჩიძემ დატოვეს.