დეპუტატები მურუსიძის წინააღმდეგ გამოდიან, წულუკიანის უწყებას კი, არჩევანის გაკეთება მოუწევს

დეპუტატები მურუსიძის წინააღმდეგ გამოდიან, წულუკიანის უწყებას კი, არჩევანის გაკეთება მოუწევს

პარლამენტში პოლიტიკური ვითარება შეიცვალა, „ქართულ ოცნებას“ რიგი კანონპროექტების მიღებისთვის ხმები არ ჰყოფნის. კოალიციის დაშლის შედეგად, საკანონმდებლო ორგანოში შექმნილმა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ საფრთხის წინაშე სასამართლო რეფორმის ე.წ. მესამე ტალღა დააყენა, რომელიც შესაძლოა, ჩავარდეს.

იმ შემთხვევაში, თუკი ფრაქცია „ეროვნული ფორუმი“ და „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტში ღიად დარჩენილ 23-ე და 32-ე მუხლებს მხარს არ დაუჭერენ, რეფორმას განხორციელება არ უწერია.

გუბაზ სანიკიძის გუნდმა და ქუცნაშვილმა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებულ პროექტს საფრთხე ოთხშაბათის პლენარულ სხდომაზე უკვე შეუქმნეს, რის შედეგადაც, თეა წულუკიანის უწყება იძულებული გახდა 23-ე და 32-ე მუხლები ღიად დაეტოვებინა, რომელიც სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევისა და დანიშვნის წესს ეხება.

კერძოდ, აღნიშნული დეპუტატები სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევის წესში ლევან მურუსიძის უფლებამოსილების არეალის გაფართოების ნიშნებს ხედავენ და განმარტავენ, რომ მურუსიძეს, რომელიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სიტუაციას მთლიანად აკონტროლებს, საშუალება ექნება ყველა სასამართლოს თავმჯდომარე დანიშნოს. იუსტიციის სამინისტრო კანონმდებლების ვერსიის საპირისპიროს ამტკიცებს და ირწმუნება, რომ მურუსიძეზე მორგებული არც ერთი მუხლი არ არის, თუმცა, დეპუტატებს უწყების ფიცის არ სჯერათ და ისინი დათმობებზე წასვლას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ.

როგორც for.ge-ს ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, პარლამენტის წევრი საკუთარი დაპირებების ერთგული და თანმიმდევრული უნდა იყოს, რაც იმაში გამოიხატება, რომ არ შეიძლება, ადამიანი და მისი რეფორმა არჩევნებამდე არ მოგწონდეს და პოზიცია არჩევნების შემდეგ შეიცვალო.

ქუცნაშვილის თქმით, მისთვის მიუღებელია, რომ მურუსიძის მსგავსმა დისკრედიტირებულმა ადამიანმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერით სასამართლოს თავმჯდომარეები დანიშნოს.

„თუკი მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებას ხმათა 2/3 სჭირდება, შემოთავაზებული ნორმით, სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევისთვის უბრალო უმრავლესობაც საკმარისია. მიმაჩნია, რომ ყველა მოსამართლეს თანაბარი უფლება უნდა მივცეთ. შემოთავაზებული ვერსიით, რაიონისა და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებად შესაძლოა, მხოლოდ კოლეგიების თავმჯდომარეები დაინიშნონ და ისიც მხოლოდ ძველი მოსამართლეების წრიდან. ისინი ახალი წრიდან ვერ დაინიშნებიან. მოსამართლეებს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მივცეთ და სასამართლოს თავმჯდომარის არჩევისთვის წილისყრა სრულიად საკმარისია. საჭირო არ არის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლოს დირექტორები უბრალო უმრავლესობით დანიშნოს. სასამართლოების დირექტორების დრო წარსულს უნდა ჩავაბაროთ და ამით სასამართლოს რეფორმის გზაზე კიდევ უფრო დიდი ნაბიჯი უნდა გადავდგათ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

დეპუტატის ცნობით, ძველი სასამართლოს თავმჯდომარეები საქმეებს ანაწილებდნენ, მოსამართლეებს მივლინებაში უშვებდნენ და საქმის სიმარტივე-სირთულეს აფასებდნენ, ახალ თავმჯდომარეებს კი, ეს ფუნქციები აღარ აქვთ.

„მათი ფუნქცია აპარატის ხელმძღვანელობა და ბუღალტერიის მართვაზე ზედამხედველობაა, რაშიც მათ სასამართლოს მენეჯერი ეხმარება. ვფიქრობ, რომ სასამართლოს დირექტორების - თავმჯდომარეების უფლება შერბილდა და დამწყებ და ძველ მოსამართლეებს შესაძლებლობა უნდა მივცეთ, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები 3-წლიანი ვადით გახდნენ და არა 5 წლიანი ვადით, რაც შემოთავაზებულია“, - აცხადებს დეპუტატი.

ქუცნაშვილი ამბობს, რომ ის ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუკი ღიად დარჩენილ მუხლებზე პოზიციები არ შეიცვლება.

„ზაქარიას ვინც იცნობს, იცის, რომ ჩემი დარწმუნება მხოლოდ დასაბუთებული არგუმენტებით შეიძლება. ჩემთვის სახელმძღვანელო თანამდებობა და ძალაუფლება არ არის. პოლიტიკურ ეთიკურ სტანდარტებს ვიცავ. პარტიას აქვს პოზიცია, რომ თუ განსხვავებული პოზიცია გაქვს, უნდა თქვა. თუ მხარდაჭერას ვერ მივაღწევთ, უფლება გვაქვს, ეს თემა გარეთ გამოვიტანოთ. გუნდის შიგნით ბევრი ვეცადე, რომ თანმიმდევრული დავრჩენილიყავით და ეს გარეთ გამოვიტანეთ. მიხარია, რომ მხარდამჭერები აღმოჩდნენ“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

ქუცნაშვილის მსგავსად, პოზიციის ურყეობაზე აპელირებს ფრაქცია „ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე სოსო ვახტანგიშვილი. for.ge-სთან საუბარში ვახტანგიშვილი ამბობს, რომ ამ მუხლების მხარდაჭერის შემთხვევაში, ისეთი მოცემულობა იქნებოდა მიღებული, რომლის შედეგადაც, მურუსიძეს საშუალება მიეცემოდა, რომ ყველა სასამართლოს თავმჯდომარე დაენიშნა. კანონმდებელის განმარტებით, „ეროვნული ფორუმის“ წინადადება გულისხმობს, რომ მურუსიძის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი დანიშნული არ იქნას და „ეროვნული ფორუმი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ კოლექტიური მურუსიძეები შეზღუდულები იყვნენ, თუნდაც, კანონმდებლობის ჩარჩოებში.

„ეროვნული ფორუმი“ მურუსიძის მხარდამჭერი არასოდეს არ იქნება. ცდილობთ, რომ ყოფილი კოალიციელები დავარწმუნოთ ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ხელს სამართლიანობის აღდგენასაც შეუწყობს და სასამართლოს მიმართ ნდობის აღდგენასაც. მათი დარწმუნება გაგვიჭირდება, მაგრამ შესაძლებელია“, - დასძენს ვახტანგიშვილი, რომლის პათოსს იზიარებს მისი თანაგუნდელი ანი მიროტაძე.

როგორც for.ge-ს მიროტაძემ განუცხადა, ლევან მურუსიძის იუსტიციის საბჭოს პირობებში სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნა და არჩევა გაუმჭვირვალე და უკანონო იქნება.

„ჩვენი ალტერნატიული წინადადება წილისყრას ითვალისწინებს, სადაც მეტ-ნაკლებად გარანტირებული იქნება, რომ ის მოსამართლეები არ აირჩიონ, რომელიც კოლექტიურ მურუსიძეებს მოუნდებათ. ორი მუხლი ღია დარჩა და მზად ვართ კონსულტაციებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას მხარს არ დავუჭერთ“, - დასძენს მიროტაძე.

დეპუტატებისგან განსხვავებით, იუსტიციის სამინისტრო არ ფიქრობს, რომ საკანონმდებლო პაკეტი მურუსიძეზეა მორგებული. იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე მიიჩნევს, რომ მურუსიძეზე მორგებული არც ერთი მუხლი არ არის და იუსტიციის სამინისტრო იმაზე არ მუშაობს, რომ რომელიმე მუხლი მურუსიძეს ან რომელიმე მოსამართლეს მოარგოს. ბარამიძის მტკიცებით, უწყების ხედვაა, რომ გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში, სასამართლო დამოუკიდებელ სასამართლოდ გადაიქცეს, ანუ, ისეთ ინსტიტუტად, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება.

„არავითარი წინააღმდეგობა აქ არ არის, სიტუაციის დრამატიზება არ არის საჭირო. ეს პოლიტიკური პროცესია და ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად, აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, განსაკუთრებით, თუკი საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია“, - დასძინა ბარამიძემ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, კანონპროექტთა პაკეტი მეორე მოსმენის რეჟიმში, ორი მუხლის გარეშე მიღებულია, თუმცა, მესამე მოსმენის პარალელურად, მასზე მსჯელობა მეორე მოსმენის ფორმატშიც გაგრძელდება.

რაც შეეხება უშუალოდ ამ მუხლებს, 23-ე მუხლის მიხედვით, საააპელაციო სასამართლოს თითოეულ პალატას და საგამოძიებო კოლეგიას თავმჯდომარე ჰყავს, რომელსაც შესაბამისი პალატისა და კოლეგიის შემადგენლობიდან 5 წლის ვადით თანამდებობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. 32-ე მუხლის გათვალისწინებით, რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეს შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეთაგან, ხოლო იმ სასამართლოში, სადაც შექმნილია სასამართლო კოლეგიები, მათ შორის, სასამართლოს კოლეგიების თავმჯდომარეთაგან, 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.