საქართველოში წელს ტურისტულ ბუმს ელიან. წლის დასაწყისიდან მიღებული მონაცემები სწორედ ამას ადასტურებს. ტურისტული კომპანიები კი სასტუმროების მეპატრონეებს მოუწოდებენ სტუმრებს შესაფერისი მომსახურება და შესაბამისი ფასები დაახვედრონ.
ვიცე-პრემიერის, საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, აპრილში ტურისტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. წინა თვეში 462 ათასზე მეტი ვიზიტორი ეწვია ქვეყანას, რაც 17%-იანი მატებაა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 24 საათზე მეტი ხნით დარჩენილი ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია 20%-ით. შესაბამისად, საერთაშორისო მეთოდოლოგიით, ესენი არიან სწორედაც რომ ტურისტები. შესაბამისად, ჩვენ ჯამურად, 4 თვის განმავლობაში 15%-იანი ზრდა გვაქვს. წინა წლის აპრილში გვყავდა 394 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი, წელს აპრილში გვყავს 462 ათასი ვიზიტორი, ხოლო მთლიანად ოთხი თვის მანძილზე, თუ შარშან ჩვენ გვყავდა ანალოგიურ პერიოდში მილიონ 83 ათასი ვიზიტორი, ახლა გვყავს მილიონ 596 ათასი ვიზიტორი. თანხაში რომ გადავიყანოთ აღნიშნული ციფრი, უნდა გავამრავლოთ 700 ლარზე და, შესაბამისად 140 მილიონზე მეტია შემოსავალი ქვეყანაში”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები მიუთითებს ახალ სამუშაო ადგილებსა და ვალუტის სიმყარეზე. „ეს არის კონკრეტულად შემოსავლები ჩვენს ქვეყანაში, ეს არის შემოსავალი უცხოურ ვალუტაში, რაც აისახება კიდეც ეროვნულ ვალუტაზე. ძალიან კარგი რიცხვები გვაქვს და დარწმუნებული ვართ, მატება გვექნება შემდგომ თვეებშიც”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან საქართველოს, თითქმის, 1,6 მილიონი ადამიანი ეწვია, რაც 2015 წლის აპრილთან შედარებით 15,4%-ით მეტია.
სტუმრების რაოდენობით, ტრადიციულ სამეულში კვლავ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი ლიდერობს, საიდანაც ვიზიტების მატებამ აპრილში - 12%, 17,6% და 8,7%, შესაბამისად, 115,9 და 105,7-105,7 ათასი შეადგინა. ტურისტების რაოდენობამ 26,7%-ით მოიმატა რუსეთიდან (74 ათასამდე), ხოლო უკრაინიდან - 25,9%-ით (11,7 ათასამდე). სამაგიეროდ, უარყოფითი მაჩვენებელი დაფიქსირდა ევროკავშირის მიმართულებით, საიდანაც აპრილში ტურისტების რაოდენობამ, პირიქით, 2.2%-ით მოიკლო (18 ათასამდე).
ქვეყნების მიხედვით, ვიზიტორთა მომდევნო ხუთეულში შედის: ისრაელი (6,6 ათასი), ირანი (3,6 ათასი), პოლონეთი (3,3 ათასი), ყაზახეთი (2,5 ათასი) და გერმანია (2,3 ათასი).
ტუროპერატორები მიუთითებენ, რომ მარტო ტურისტების შემოყვანა არ არის მთავარი. აუცილკებელია აქ შესაბამისი მომსახურება და ფასები დახვდეთ. “როდესაც ტურისტი ჩამოდის, აქ ისეთი სიტუაცია უნდა დახვდეს, რომ მეორედაც დაბრუნდეს. ამაში ჩვენ სახელმწიფოს თანადგომა გვჭირდება. საჭიროა კონტროლი თუნდაც ფასებზე - საკვების ფასი არ უნდა იყოს ისე კატასტროფული, როგორც გახმაურებულ “კაზანტიპის” ფესტივალზე იყო, სადაც ხაჭაპური 15-16 ლარი ღირდა, 40-თეთრიანი წყალი 3-4 ლარი, ხინკალი კი - 2 ლარი და ა.შ... ტურისტები ამ ფასებით გაოცებულები იყვნენ, რამაც ჩვენი ქვეყნის იმიჯს სერიოზული დარტყმა მიაყენა.
ამაში მოსახლეობას ვერ დავადანაშაულებთ. მაგრამ თუ ტურისტული ბიზნესის განვითარება გვსურს, სტუმრებისთვის შესაბამისი გარემოც უნდა შევქმნათ. გარდა ამისა, ჩვენ არა გვაქვს იმდენად გამართული ინფრასტრუქტურა, რომ ტურისტთა დიდი ნაკადის მიღება და დაბინავება შევძლოთ”, - აღნიშნავს ტურისტული კომპანია “ვულქერის” დირექტორი შალვა ციკოლია.
ტურისტულ კომპანია “ტიფლის თრეველში” ვარაუდობენ, რომ წელს საქართველოში რუსი ტურისტების 5-10% წამოვა, მაგრამ თუ კარგ სერვისს არ დავახვედრებთ, შემდეგ სეზონებზე აქ აღარ ჩამოვლენ.
“ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსებისთვის ეგვიპტე შეიძლება გაიხსნას. არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის მოქალაქეები ჩვენ გვიკავშირდებიან და ჩვენი მეშვეობით ყიდულობენ საგზურებს ეგვიპტის კურორტებზე. ტურისტული კომპანიები სასტუმროს ფასებზე ვართ დამოკიდებული, სასტუმროები კი, ტურისტებს ძალიან მაღალ ფასს სთავაზობენ. ხომ შეიძლება უკეთესი სერვისი შესთავაზონ, ან - ბოლოს და ბოლოს, კლიენტთან მოპყრობა და ღიმილი მაინც ისწავლონ!” - აცხადებს თამაზ ჩიტაიშვილი.