ნატო და აშშ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების თემას განიხილავენ. დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიერ დამატებითი ბატალიონების განთავსების ინიციატივა, რუსული საფრთხით შეწუხებული ლატვიის, ესტონეთისა და ლიტვის თხოვნებმა განაპირობა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ეშტონ კარტერის განცხადებით, ეს იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებისკენ მიმართული ძალისხმევა.
კარტერს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი ქვეყნის სამხედროები განლაგდებიან აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსი სავარაუდოდ, ვარშავის სამიტზე მიიღებს. გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, საუბარია 4 000 სამხედროსგან შემდგარ 4 ბატალონზე, აქედან ორი - აშშ-დან, დანარჩენი კი - დიდ ბრიტანეთიდან და გერმანიიდან იქნება გაგზავნილი.
ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების განთავსების აუცილებლობაზე საუბრობს ნატო-ს გენერალურმა მდივანი, რომლის გამცხადებით, ნატო რუსეთს ძალითა და შეკავებით უნდა პასუხობდეს, რაც იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ბალტიისპირეთში ალიანსის სამხედრო პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებს.
„ალიანსი რუსეთის ქმედებებზე დამაჯერებელი შემაკავებელი ფაქტორების საშუალებით უნდა რეაგირებდეს. მოსკოვმა ყირიმის უკანონო ანექსია მოახდინა, მხარს უჭერს სეპარატისტებს უკრაინის აღმოსავლეთში და არღვევს საერთაშორისო სამართალს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაფართოვებთ ჩვენს სამხედრო ყოფნას ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრებზე“, - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.
ნატოსა და აშშ-ის გეგმის თანახმად, ბალტიისპირეთის ყველა ქვეყანასა და პოლონეთში გაიგზავნება საერთაშორისო ბატალიონი, რომელიც როტაციული პრინციპით იმოქმედებს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას ალიანსის წევრ ქვეყნებში ივლისში, ვარშავის სამიტზე მიიღებენ. იენს სტოლტენბერგის განცხადებით, არ არსებობს რაიმე ნიშანი, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ალიანსის რომელიმე წევრზე აპირებს თავდასხმას, თუმცა ნატო მზად უნდა იყოს.
„ნატო-ს წევრი სახელმწიფოებისთვის სრული სოლიდარობა უზრუნველვყოთ და ამავდროულად, გავატაროთ შეკავების პოლიტიკა. ნატო-ს არ სურს რუსეთთან კონფრონტაცია ან ცივი ომის განმეორება. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება ვარშავის სამიტზე მხარდაჭერილი იქნება. მეტიც, შეილძება ნატო კიდევ უფო შორს წავიდეს და ახალი სტრატეგიული კონცეფცია მიიღოს, სადაც რუსეთი დაფიქსირებული იქნება, როგორც მოწინააღმდეგე და ამიტომ, ნატო დაუბრუნდება კლასიკური ცივი ომის მიდგომებს. რაც რუსეთს კონტრზომების განხორციელების საშუალებას აძლევს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავს უკვე წელს ნატო-რუსეთის საომარი კონფრონტაციის სცენარს. ასე რომ, სავსებით რთული სიტუაცია ისახება ამ მიმართულებით.
სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ დასავლეთის სამხედრო სტრატეგიული ოპერატიული სარდლობის სახით, ნატოს ბალტიისა და პოლონეთის მიმართულებით კონცენტრირებული ჰყავს 3000-ზე მეტი სამხედრო, რასაც ემატება კალინინგრადის ოლქში მე-12 გვარდიული არმიის გაძლიერებული შენაერთი. თუმცა, ფიქრობს, რომ ნატოს გადაწყვეტილება რუსული აგრესიის შემაკავებელი ფაქტორი ვერ იქნება, რადგან ბალტიის სახელმწიფები სამხედრო კუთხით მზად არ არიან მოიგერიონ რუსული სამხედრო აგრესია.
„ნატოს ასეთი ნაბიჯები ბალტიის მიმართულებით ზღვაში წვეთია. დღეს, ბალტიის სახელმწიფები სამხედრო კუთხით ნადვილად მზად არ არიან იმისათვის, რომ მოიგერიონ რუსული სამხედრო აგრესია. რუსეთს საკმაოდ სერიოზული სამხედრო პოტენციალი გააჩნია. ეს არის ახალი გამოწვევა, რადგან ნატო არასოდეს ემზადებოდა რუსეთთან სამხედრო კონფრონტაციაზე“, - აცხადებს მაისაია.
მისივე თქმით, პროცესები იმ ვითარებამდე მიდის, რომ აშკარაა იქნება სამხედრო პროვოკაცია. შეიძლება ახალი დაპირისპირების ელემენტი დაიწყოს საქართველოსთან ან უკრაინასთან მიმართებაში.
„რუსეთი გააგრძელებს საქართველოზე ზეწოლის პოლიტიკის განხორციელებას და ამის აშკარა მაგალითია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის თარიღის გადმოწევა. რაც შეეხება უკრაინას, იკვეთება დონბასის კონფლიქტის ახალ ფაზაში გადაყვანის ტენდენცია. ახალი კონფრონტაცია მოსალოდნელია პოლონეთის ვარშავის სამიტამდე. პუტინის რეჟიმს ქვეყანა გასამხედროებული მართვის ფორმაზე გადაყავს“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
„საქართველოს ატლანტიკური საბჭოს“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე ფიქრობს, რომ ბალტიის ქვეყნებსა და პოლონეთში დამატებითი ბატალიონების გაგზავნა შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსეთის შესაძლო აგრესიის შესაჩერებლად. მისივე თქმით, ყველამ კარგად აღიქვა და ნატოს მიერაც რეკვალიფიცირდა საფრთხე რუსეთის მხრიდან. შესაბამისად, ნატოს ძალათა განლაგების სტრატეგიაში შევიდა ცვლილებები.
„აღმოსავლეთ ევროპის 6 ქვეყანაში შეიქმნა მცირე სარდლობა, რომ საჭიროების შემთხვევაში მოხდეს ნატოს სწრაფი რეაგირების ძალების გადასროლა და რუსეთის აგრესიაზე ადექვატური პასუხის გაცემა. ნატო ძალიან დიდი ორგანიზაციაა, სტრატეგიის და ძლათა გადაადგილების შესახებ ასეთი სერიოზული ცვლილებების მიღება ერთ და ორ დღეში არ ხდება.
რუსეთის აგრესიიდან გამომდინარე, ნატოში შეიცვალა მიდგომები ამ ქვეყნის მიმართ. სამხედრო ანალიზის შედეგად მოხდა სარდლებობების ჩამოყალიბება, შესაბამისი სწრაფი რეაგირების ძალების შექმნა. ახლა მზადდება პოლიტიკური გადაწყვეტილება, თუ რა რაოდენობის ძალები უნდა მივიდნენ როტაციულ ბაზაზე. ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ ნატოს ვარშავის სამიტზე გაფორმდება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას გიორგი მუჩაიძე.